ისლამი გვასწავლის შეწყალებას ყველა ადამიანის მიმართ, თუნდაც მტერი იყოს.


ისლამი გვასწავლის ვიყოთ მოწყალენი ყველა ადამიანის მიმართ, მუსლიმის თუ არამუსლიმის, მეგობრის თუ მტრის მიმართ. მოწყალებას ისლამში აქვს ფართო მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს სიკეთეს, თანაგრძნობას, სიყვარულს, ტოლერანტობას, მოთმინებას, და სხვებზე ზრუნვას. ეს არის ისლამის მნიშვნელობა, შუამავლური მესიჯის ბირთვი და რწმენის მნიშვნელობა. შუამავალი მუჰამმადი გამოგზავნილია სამყაროთათვის მოწყალებად. ალლაჰი ამბობს: وَمَآ أَرْسَلْنَـٰكَ إِلَّا رَحْمَةًۭ لِّلْعَـٰلَمِينَ
და არ წარგვიგზავნიხარ შენ, თუ არა მოწყალებად სამყაროთათვის!
(ენბია 21:107)

ალლაჰი სხვა აიათში ამბობს: ثُمَّ كَانَ مِنَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَتَوَاصَوْا۟ بِٱلصَّبْرِ وَتَوَاصَوْا۟ بِٱلْمَرْحَمَةِ
მერე იქნება იგი იმათგან, ვინც ირწმუნა, და ერთმანეთს მოთმინებას ამცნობენ და მოწყალების მაგალითს აჩვენებენ.
(ბალად 90:17)

აბუ სალიჰი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ხალხს მიმართავდა:
ჰეი ხალხო, მე მხოლოდ წყალობა და სწორ გზაზე წინამძღოლი ვარ.
(სუნან ად-დარიმი 490)

აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც მოწყალეა, ის მოწყალებას გამოავლენს. შეიწყალეთ ისინი, ვინც არიან დედამიწაზე და ზეცაში მყოფნი თქვენ შეგიწყალებენ.
(თირმიზი 1924)

აბუ მუსა ალ-აშარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვერც ირწმუნებთ მანამ, სანამ ერთმანეთს არ შეიყვარებთ. გინდათ გითხრათ როგორ შეიყვარებთ ერთმანეთს? ხალხმა უთხრა: რა თქმა უნდა ალლაჰის შუამავალო. მან უთხრა: გაავრცელეთ სალამი ერთმანეთში. ვფიცავარ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, თქვენ ვერ შეხვალთ სამოთხეში, სანამ ერთმანეთს არ შეიწყალებთ. ხალხმა თქვა: ალლაჰის შუამავალო, ჩვენ ყველანი მოწყალენი ვართ. შუამავალმა უთხრა: უეჭველად, ეს არ არის მოწყალება, რომელიც თქვენს შორისაა, არამედ ეს არის ზოგადი შეწყალება.
(სუნან ალ-ქუბრა ლილ ნასაი 5760)

მოწყალების გამოჩენა არ ეხება მხოლოდ ადამიანებს. მოწყალება საჭიროა ასევე ცხოველების მიმართაც. ალლაჰის ყველა გაჩენილს ისლამში უფლება აქვს, ადამიანი იქნება ის თუ ცხოველი. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ერთი კაცი მოგზაურობის დროს ძლიერ წყურვილს განიცდიდა. როდესაც მან ჭა აღმოაჩინა, ჩავიდა მასში და დალია. როცა ამოვიდა მან ძაღლი დაინახა, რომელიც წყურვილისგან ენას ყოფდა გარეთ და მიწას ლოკავდა. კაცმა თქვა: ამ ძაღლს ისე სწყურია როგორც მე მწყუროდა. კაცი ჩავიდა ჭაში, აავსო მისი ფეხსაცმელი წყლით და მიუტანა პირთან და ძაღლს წყალი დაალევინა. ალლაჰმა დააფასა მისი საქმე და აპატია მას. მას უთხრეს: ალლაჰის შუამავალო, ჯილდო არსებობს თუნდაც ცხოველზე კარგად მოპყრობისთვის? შუამავალმა უთხრა მათ: ყველა ცოცხალი არსებისთვის არსებობს ჯილდო.
(ბუხარი 5663)

ყურრა იბნ იასი გადმოსცემს: ერთმა კაცმა თქვა: ალლაჰის შუამავალო, მე მინდოდა ცხვრის დაკვლა მაგრამ შევიწყალე. შუამავალმა უთხრა მას ორჯერ: وَالشَّاةُ إِنْ رَحِمْتَهَا، رَحِمَكَ اللَّهُ مَرَّتَيْ
თუ შეიწყალე შენ ცხვარი, მაშინ ალლაჰი შეგიწყალებს.
(ადაბ ალ-მუფრად 373)

ერთ-ერთი გზა, რისი წყალობითაც ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის გადარჩენა განკითხვის დღეს, არის ქმნილებების მიმართ მოწყალება. ალლაჰი არ არის მოწყალე მათ მიმართ, ვინც არ არის მოწყალე მისი ქმნილებების მიმართ. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ერთმა კაცმა დაინახა შუამავალი კოცნიდა შვილიშვილს და მან თქვა:
მე ათი შვილი მყავს მაგრამ არცერთს არ ვკოცნი. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად, ვინც არ ავლენს მოწყალებას, ვერ მიიღებს მოწყალებას.
(ბუხარი 5651)

ჯაბირ ბინ აბდულლაჰი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი არ შეიწყალებს მას, ვინც არ არის მოწყალე ხალხის მიმართ.
(ბუხარი 6941)

უსამა იბნ ზაიდი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად, ალლაჰი მხოლოდ მათ მიმართ არის მოწყალე თავის მსახურთაგან, ვინც მოწყალეა.
(ბუხარი 1224)

აბუ ჰიშამმა თქვა:
ჩემამდე მოაღწია ცნობამ, რომ თევრათში წერია: აჩვენე გულმოწყალება და მიიღებ გულმოწყალებას.
(მუსანნაფ იბნ აბი შაიბა 24780)

სხვის მიმართ მოწყალების გამოვლინებით სარგებელს ვნახავთ ამქვეყნად, და ასევე სარგებელს ვნახავთ იმქვეყნადაც. შუამავალმა აჩვენა გულმოწყალების ყველაზე კარგი მაგალითი მისი მტრების და მჩაგვრელების მიმართ. ერთხელ, საჰაბეებმა თხოვეს შუამავალს დაეწყევლა მტრები, რომლებიც წლების მანძილზე სდევნიდნენ მათ, და მათ წინააღმდეგ ჯარიც კი გაგზავნეს და დახოცეს უდანაშაულოები. მაგრამ შუამავალმა უარი უთხრა დაწყევლაზე, რადგან მისი მხრიდან წყევლა ეწინააღმდეგება მისი გამოგზავნის მიზანს:

აბუ ჰურაირა გადმოსცემს:
შუამავალს უთხრეს: ალლაჰის შუამავალო. დასწყევლზე წარმართები! ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა მათ: მე არ დავწყევლი მათ, რადგან მე მხოლოდ მოწყალებად ვარ გამოგზავნილი.
(მუსლიმი 2599)

აბუ ყასიმ იბნ სალიმი გადმოსცემს: როდესაც ისინი (მუსლიმები) მოვიდნენ ქააბაში, ისინი მის კარს იჭერდნენ და შუამავალმა უთხრა მათ:
რას ამბობთ? რას ფიქრობთ? იმათმა უთხრეს სამჯერ:
ჩვენ ვამბობთ, რომ შენ ჩვენი ძმისშვილი ხარ. შუამავალმა უთხრა: მე ვამბობ ისე, როგორც იუსუფმა უთხრა თავის ძმებს: قَالَ لَا تَثْرِيبَ عَلَيْكُمُ ٱلْيَوْمَ ۖ يَغْفِرُ ٱللَّهُ لَكُمْ ۖ وَهُوَ أَرْحَمُ ٱلرَّ‌ٰحِمِينَ
მიუგო: „დღეს არ გკიცხავთ თქვენ. დაე, ალლაჰმა შეგინდოთ, რამეთუ იგია მოწყალეთაგან უმოწყალესი! (იუსუფ 12:92)
(სუნან ალ-ქუბრა 17714)

აბუ ასაქირი გადმოსცემს: როდესაც სა'დმა გაიარა აბუ სუფიანთან შუამავლის დროშით მექის განთავისუფლების დღეს, მან გამოაცხადა: ჰეი აბუ სუფიან! დღეს ხოცვის დღეა! დღეს აკრძალული ნებადართულია. დღეს ალლაჰი დაამცირებს ყურაიშს. ამაზე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ჰეი აბუ სუფიან, დღეს შეწყალების დღეა. დღეს ალლაჰი პატივს დასდებს ყურაიშს.
(თარიხ დიმაშყ 23282)

ალ-მავარდი წერდა:
შუამავალმა გამოაცხადა შეწყალების დღე და უარყო, რომ ყოფილიყო ხოცვის დღე. ამრიგად , ამით აჩვენა, რომ ეს იყო შერიგება და არა ძალადობა.
(ალ-ჰავი ალ-ქაბირ 14:28)

შუამავალი მართლაც ძალიან გულმოწყალე ადამიანი იყო და პატიობდა მტრებს. ალლაჰმა სხვა შუამავლებს უთხრა, რომ ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი ხალხი ისინი არიან, რომლებიც სხვებს პატიობენ და სხვებს კარგად ექცევა. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მუსამ თქვა: ვინ არის საუკეთესო შენს მსახურთაგან? ალლაჰმა უთხრა: ის, ვინც ისე განიკითხავს ხალხს, როგორც თავად სურს რომ განიკითხოს. მუსამ თქვა: ვინ არის ყველაზე დაფასებული შენს მსახურთაგან? ალლაჰმა უთხრა: ის, ვისაც ძალა შესწევს მაგრამ პატიობს.
(საჰიჰ იბნ ჰიბბან 6352)
მოკლედ, მოწყალება არის მართალი მუსლიმანის დამახასიათებელი და ამით განსხვავდება სხვა ადამიანებისგან. ისინი, ვინც არ პატიობენ სხვებს, სცილდებიან ჭეშმარიტი რელიგიის სწავლებას და ღვთიურ ფასეულობებს.

იბნი თაიმიამ თქვა: სუნნეთის ხალხი და მუსლიმთა ჯამაათი მიჰყვება წიგნს (ე.ი ყურანს) და სუნნას, ისინი ემორჩილებიან ალლაჰს და მის შუამავალს და მიჰყვებიან ჭეშმარიტებას. და ისინი მოწყალენი არიან გაჩენილების მიმართ.
(მაჯმუ'ულ ფატავა 1:278)

უნდა ვეცადოთ და ვიყოთ გულმოწყალენი ყველა ქმნილების, მუსლიმების და არამუსლიმების, ჩვენი ოჯახის და ნათესავების, მეგობრების და უცხო ადამიანების მიმართ. და ასევე მოწყალენი უნდა ვიყოთ ცხოველების მიმართაც.