დასვრილი სამოსით ლოცვა


რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც აქვს მხოლოდ დასვრილი სამოსი (რომელზეც მოხვედრილია ნაჯასი ნივთიერება), მისი გარეცხვის ან გამოცვლის საშუალება კი არ ექნება მანამ, სანამ ლოცვის დრო გავიდოდეს?

ამის შესახებ პირველი თაობების სწავლულებიდან გადმოცემულია შემდეგი შეხედულება: "თუ არ აქვს ადამიანს არაფერი გარდა დასვრილი სამოსისა, ამის შესახებ იმამმა აჰმადმა თქვა: ილოცოს ამ სამოსით და არ ილოცოს გამოჩენილი 'ავრათით. იგივე სიტყვა თქვეს მალიქმა და ალ–მუზანიმ. აშ–შაფი'ი და აბუ საური ამბობენ: ილოცოს გამოჩენილი 'ავრათით, რადგან ეს სამოსი დასვრილია და მასში ლოცვა არ არის ნებადართული, ისევე როგორც იმ შემთხვევაში როცა მას აქვს გამოცვლის საშუალება."
(იბნ ყუდამა, "ალ–მუღნი", 3/40)

სწორი შეხედულებაა იმამ აჰმადის. უკეთ კი ალლაჰმა უწყის. ამის მტკიცებულება კი შემდეგია: ანსარები საჰაბებიდან, ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი, რომლებიც ლოცულობდნენ საბრძოლო მოქმედებებისას. არ გადმოცემულა არც ერთი მათგანისგან რომ ისინი ლოცულობდნენ გამოჩენილი 'ავრათით, თუმცა მათი სამოსი დასვრილი იყო სისხლით, რომელიც ნეჯასად ითვლება, როცა ჭრილობის პირს გასცდება ან სამოსს დასვრის.

ავრათის (სიშიშვლე) დაფარვა ლოცვის დროს


- ავრათის დაფარვა არის ვალდებულება და ლოცვის ერთ–ერთი აუცილებელი მოთხოვნილება, რომლის გარშემოც არსებობს მრავალი მტკიცებულება, მაშინ როცა გამოჩენილი 'ავრათით ლოცვა და სახალხოდ სიარული მუშრიქებისა და ქაფირების ჩვეულებაა. რაც შეეხება სამოსის ნეჯასისგან განწმენდას, რომელიც ასევე სავალდებულოა, ამ შემთხვევაში უპირატესობას უთმობს 'ავრათის დაფარვას. "'ავრათის დაფარვისგან მოტანილი სარგებლობა მეტია, ვიდრე ნეჯასისგან მორიდებისა, რადგან 'ავრათის დაფარვა სავალდებულოა როგორც ლოცვაში, ისე მის მიღმაც, და დამტკიცებულია ეს შარი'ათული ტექსტებითა და პირველი თაობების საერთო აზრით, ხოლო ღმერთმა უწოდა 'ავრათის გამოჩენას სიბილწე, განსხვავებით ნაჯასისგან მორიდებისა."
(იბნ თაიმია, შარჰ ალ–'უმდა, 3/277)

        ამგვარად, თუ ადამიანს აქვს სამოსი, რომელიც დასვრილია და არ აქვს მისი გაწმენდის ან გამოცვლის საშუალება მანამ, სანამ გავიდოდეს ლოცვის დრო, უმჯობესია ილოცოს ამ სამოსით, ვიდრე გახსნილი 'ავრათით. რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელმაც ლოცვის შესრულების შემდეგ აღმოაჩინა სუფთა სამოსი ან ნეჯასის მოშორების საშუალება, ეკუთვნის თუ არა მას ლოცვის გამეორება? სწორი შეხედულებაა ის, რომ არ ეკუთვნის. "ამის შესახებ პირდაპირ ამბობს იმამი აჰმადი – რომ არ ეკუთვნის მას ლოცვის გამეორება. ეს იმიტომ რომ ნეჯასისგან განწმენდა იყო ის ვალდებულება, რომელიც მან ვერ შეძლო ლოცვის შესრულებამდე. ასევე იმამი პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანი რომელიც ილოცებს უსუფთაო ადგილზე იმიტომ რომ არ შეუძლია იქიდან გამოსვლა, იქიდან გამოსვლის შემდეგ არ იმეორებს ლოცვას. და ასევეა აქაც. იგივე შეხედულება ჰქონდათ მალიქს და ალ–ავზა'ის. და ეს არის სწორი შეხედულება. რადგან ნეჯასისგან განწმენდა იყო ლოცვის ის პირობა, რომლის შესრულება იყო შეუძლებელი და ამიტომ იგი მოიხსნა, ისევე როგორც იხსნება ყიბლის მხარეს მიბრუნებისა და 'ავრათის დაფარვის პირობებიც კი, იმ შემთხვევაში თუ ნამდვილად არ არის ამის შესრულების საშუალება. ნეჯასისგან მორიდების პირობას უფრო მეტი საფუძველი აქვს მოხსნისა, ვიდრე 'ავრათის დაფარვას, რადგან ეს უკანასკნელი უფრო მეტად სავალდებულოა, რისი მტკიცებულებაცაა ის რომ იგი უფრო წინ დგას ლოცვის პირობებში, და თუ დასაშვებია ლოცვა ღია 'ავრათით მაშინ, როცა ნამდვილად არ არის მისი დაფარვის საშუალება, ეს მდგომარეობა ცხადია ნეჯასის მორიდების შეუძლებლობის შემთხვევაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მამაკაცს აქვს მხოლოდ სუფთა აბრეშუმის სამოსი და მეტი არაფერი, იგი ილოცებს მასში და არ იმეორებს ლოცვას მოგვიანებით."
(იბნ ყუდამა, "ალ–მუღნი", 3/40)

და ალლაჰმა უკეთ უწყის.