77.მურსალათ

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 77 

„მურსალათ“ 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1 ვფიცავ, რიგით მოვლინებულთ , 

2 მქროლავთ სწრაფად , 

3 და გამავრცელებელთ მძვინვარედ , 

4 და განმსაზღვრელთ სწორად , 

5 და გამოცხადების გადამცემთ 

6 მიტევებად თუ შეგონებად, 

7 რამეთუ თქვენთვის აღთქმული აუცილებლად აღსრულდება! 

8 აჰა, როცა ვარსკვლავები ჩაქრებიან, 

9 და როცა ცა გაიპობა, 

10 და როცა მთები ჩამოიშლება, 

11 და როცა შუამავალთ დრო განესაზღვრებათ, 

12 (ეს ყველაფერი) რა დრომდეა გადავადებული? 

13 (გადავადებულია) გამიჯვნის დღემდე!... 

14 რამ გამცნოს, რას ნიშნავს გამიჯვნის დღე? 

15 ვაი, იმათ მდგომარეობას, ვინც ის დღე ცრუდ შერაცხა ! 

16 განა ჩვენ არ გავანადგურეთ წინა თაობები, 

17 მერე მივაყოლებთ თაობებს მათ შემდგომ მყოფთ . 

18 სწორედ, რომ ასე შევმუსრავთ ცოდვილთ! 

19 ვაი, იმათ მდგომარეობას, ვინც ის დღე ცრუდ შერაცხა! 

20 განა ჩვენ არ გაგაჩინეთ უმნიშვნელო (უბადრუკი) სითხისგან, 

21 შემდეგ იგი მოვათავსეთ საიმედო ადგილას 

22 დათქმულ დრომდე... 

23 ჩვენ (ადამიანის გაჩენა) სწორედ ასე დავაწესეთ და რა მშვენიერია ჩვენი განწესების ძალა! 

24 ვაი, იმათ მდგომარეობას, ვინც ის დღე ცრუდ შერაცხა! 

25 განა ჩვენ არ დავადგინეთ დედამიწა სამყოფად 

26 ცოცხლებისთვის და მკვდრებისთვის, 

27 და იქ დავადგინეთ მყარი, მაღალი მთები და დაგარწყულეთ მტკნარი წყლით? 

28 ვაი, იმათ მდგომარეობას, ვინც ის დღე ცრუდ შერაცხა! 

29 წადით იმასთან, რასაც ცრუდ რაცხავდით! 

30 წადით წყვდიადში, რომელიც სამ სვეტად აფრქვევს ბოლს ; 

31 ის ვერც დაუჩრდილებს და ვერც ცეცხლისგან დაიცავს, 

32 რამეთუ იგი კოშკისმაგვარ ნაპერწკლებს ამოაფრქვევს, 

33 მწითურს, მსგავსს აქლემისას. 

34 ვაი, იმ დღეს ცრუდშემრაცხველთ! 

35 ესაა დღე, როცა ვერ ილაპარაკებენ, 

36 მათ არ მიეცემათ ნება, რომ თავი იმართლონ. 

37 ვაი, იმ დღეს ცრუდშემრაცხველთ! 

38 ეს გამიჯვნის დღეა. ჩვენ შეგკრიბეთ თქვენც და თავდაპირველნიც. 

39 მაშ, თუ მოგეძებნებათ რაიმე ხერხი, მე გამაცურეთ! 

40 ვაი, იმ დღეს ცრუდშემრაცხველთ! 

41 უეჭველად, ჭეშმარიტი მორწმუნენი ჩრდილებში და წყაროებთან. 

42 და ხეხილი (აქვთ), რასაც ისურვებენ! 

43 ჭამეთ და სვით შერგებულად, ჯილდოდ თქვენი ღვაწლისთვის. 

44 უეჭველად, ასე მივაგებთ კეთილისმქნელთ! 

45 ვაი, იმ დღეს ცრუდშემრაცხველთ! 

46 ჭამეთ და დასტკბით კიდევ ცოტა ხანს, რამეთუ ცოდვილნი ხართ! 

47 ვაი, იმ დღეს ცრუდშემრაცხველთ! 

48 და როცა ეტყვიან მათ: წელში მოიხარეთ! არ იხრებიან წელში. 

49 ვაი, იმ დღეს ცრუდშემრაცხველთ! 

50 მაშ, ამის შემდეგ რომელ სიტყვას ირწმუნებენ?