63.მუნაფიყუნ

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 63 

„მუნაფიყუნ“ 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1. როცა მოვიდნენ შენთან ორპირნი, თქვეს: ვამოწმებთ, უეჭველად, შენ ალლაჰის შუამავალი ხარ. ალლაჰი უწყის, რომ შენ მისი შუამავალი ხარ. და ალლაჰი ამოწმებს, რომ ორპირნი დიახაც ცრუნი არიან. 

2. დაიდგინეს თავიანთი ფიცნი ფარად, ამგვარად აღუკვეთეს ალლაჰის გზა .უეჭველად, რაოდენ ცუდია ის, რასაც სჩადიოდნენ ეგენი!... 

3. აი, ეს იმისთვის, რომ ირწმუნეს, მერე უარყვეს. ამრიგად მათი გულები იქნა დალუქული, ამოტომაც ისინი ვერ შეიმეცნებენ. 

4. ხოლო როცა უცქერ მათ, გაოცებს მათი გარეგნობა და თუ საუბარს დაიწყებენ, უსმენ მათ სიტყვებს . ჰგვანან მიბჯენილ ძელთ. ყოველი ჩქამი მათ საწინააღმდეგოდ მიმართული ჰგონიათ. ისინი მტრები არიან, მაშ, უფრთხილდით მათ. დაე, ალლაჰმა განგმიროს ისინი, როგორ აქცევენ ზურგს! 

5. როდესაც ეტყვიან მათ: მოდით, თქვენთვის მიტევება სთხოვოს ალლაჰის შუამავალმა! ირონიულად თავებს გააქნევენ. და დაინახავ გაამაყებულნი როგორ იქცევენ სახეს. 

6. სულერთია მათთვის, პატიებას შესთხოვ თუ არა, აღარასოდეს მიუტევებს მათ ალლაჰი, რამეთუ ალლაჰი არ დაადგენს გზასამცდარ ხალხს ჭეშმარიტ გზაზე! 

7. ეგენი არინ, რომელნიც ამბობენ: არ გაიღოთ იმათზე, ვინც ალლაჰის შუამავალთან ერთადაა, რათა დაიშალონ. მაშინ როცა ალლაჰს ეკუთვნის საგანძური ცათა და მიწის, მაგრამ ორპირნი არ შეიმეცნებენ. 

8. ამბობენ: თუ მედინაში დავბრუნდებით, უთუოდ, უძლიერესები სუსტებს გამოაძევებენ, არამც და არამც! დიდება ალლაჰს ეკუთვნის, მის შუამავალს და მორწმუნეებს, მაგრამ ორპირნი არ უწყიან ამას. 

9. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მოგაცდინოთ თქვენ თქვენმა ქონებამ და შვილებმა ალლაჰის მოხსენიებისაგან, რამეთუ ვინც იქმს ამას, სწორედ ისინი არიან წაწყმედილნი. 

10. და გაიღეთ მოწყალება იქიდან, რაც ჩვენ მოგმადლეთ, ვიდრეღა სიკვდილი გეწეოდეთ თქვენგან რომელიმეს. მაშინ ასე იტყვის: ღმერთო ჩემო! განა არ შეიძლებოდა გადაგევადებინა ჩემთვის მცირე ხნით. ამგვარად, მოწყალებას გავიღებდი და ვიქნებოდი საუკეთესოთაგანი. 

11. და არ გადაუვადებს ალლაჰი არავის, როცა დადგება დანიშნული ჟამი. უეჭველად, უწყის ალლაჰმა, რასაცა იქმთ!