5.მაიდე

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 5 

„მაიდე“ მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შეასრულეთ აღთქმანი. ნებადართულ იქმნა თქვენდა მსხვილფეხა პირუტყვი , გარდა რაც გიწერიათ თქვენ . ნებადართული არ არის ნადირობა, როცა იჰრამით შემოსილი ხართ. უეჭველად, ალლაჰი დაადგენს იმას, ინებებს რასაც. 

2 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ არის ნებადართული ალლაჰის ნიშნები და არც ნაკრძალი თვე , და არც ზვარაკი , და არცა აქლემნი კისერსაბმელით; და არცა უსაფრთხო სახლში მიმავალთათვის, რომელნიც უფლისგან მადლსა და მწყალობლობას მიელტვიან. ხოლო როცა იჰრამიდან გამოხვალთ, ინადირეთ, და ცოდვას ნუ ჩაგადენინებთ იმ ხალხისადმი სიძულვილი, მესჯიდი ჰარამს რომ არ გაკარებდათ. და შეეწიეთ ერთმანეთს ღვთისმოსაობასა და ღვთისმოშიშობაში, მაგრამ არ შეეწიოთ ერთმანეთს ცოდვასა და მტრობაში. და გეშინოდეთ ალლაჰისა, უეჭველად, ალლაჰის საზღაური სასტიკია! 

3 თქვენ აგეკრძალათ ლეში , სისხლი, ღორის ხორცი და ის, რაც ალლაჰის სახელით არ დაკლულა; აგრეთვე დახრჩობილი, დარტყმით მოკლული, სიმაღლიდან ჩამოვარდნილი, რქებზე წამოგებული, გარეული ცხოველის დაგლეჯილი, იმის გამოკლებით, რომელიც თქვენ დაკალით წესისამებრ ; და კერპთა სამსხვერპლოზე დაკლული; და ისიც, რომ ისრებით მოკლული გაინაწილოთ; ეს ყველაფერი სიბილწეა. დღეს რომელთაც არ იწამეს, იმათ უკვე გადაეწურათ იმედი, თქვენს რწმენას ჩამოგაშორონ, და ნუ გეშინიათ მათი, არამედ გეშინოდეთ ჩემი! დღეს მე სრულვჰყავი თქვენი რჯული თქვენთვის, სრულად გიბოძეთ წყალობა ჩემი და ავირჩიე ისლამი თქვენს სარწმუნოებად. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია. 

4 ისინი გეკითხებიან შენ , რა არის მათთვის ნებადართული , უთხარი: ყველანაირი სუფთა საკვები, აგრეთვე ნება გეძლევათ ჭამოთ ის, რასაც თქვენთვის მოინადირებენ გაწვრთნილი ცხოველები და ფრინველები, როგორც ეს ალლაჰმა გასწავლათ. ჭამეთ იქიდან, რასაც თქვენთვის დაიჭერენ და მასზე ალლაჰის სახელი ახსენეთ. გეშინოდეთ ალლაჰის. უეჭველად, ალლაჰი სწრაფანგარიშმსწორებია! 

5 დღეიდან თქვენთვის საკვებად ნებადართულია ყველაფერი, რაც რამ კარგი და სუფთაა. ნებადართული გაქვთ იმათი საჭმელიც, ვისაც ებოძათ ღვთიური წიგნი , ასევე მათაც შეუძლიათ მიირთვან თქვენი საკვები. ნებადართულია თქვენთვის ცოლად მოიყვანოთ პატიოსანი და მორწმუნე ქალები, ასევე წესიერი ქალები მათგან, ვისაც თქვენზე ადრე მიეცათ ღვთიური წიგნი , და თუკი გადაუხდით ურვადს, ნება გაქვთ ცოლად შეირთოთ არა გარყვნილების მიზნით და არა საყვარლად. ვინც სარწმუნოებას უარყოფს, უკვე ფუჭია მისი საქმენი და საიქიოში წაგებულნი იქნებიან. 

6 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა წამოდგებით სალოცავად, დაიბანეთ სახენი და ხელები იდაყვების ჩათვლით, თავი შეიწმინდეთ და დაიბანეთ ფეხები კოჭების ჩათვლით. და თუ ხართ უსუფთური , განიბანეთ. და თუ ავად ხართ ან მოგზაურობთ; ან თუ რომელიმე თქვენთაგანი საპირფარეშოში გავიდა საჭიროებისათვის, ან ქალთან გქონდათ კავშირი და ვერ ჰპოვოთ წყალი, მაშინ განიბანეთ მიწით (თეიმუმი გააკეთეთ) და წაისვით სუფთა მიწა სახეზე და ხელებზე. ალლაჰის ნება არ არის რაიმე სიძნელე დაგიწესოს თქვენ , მაგრამ უნდა, რომ განგწმინდოთ თქვენ და სრულქმნას წყალობა მისი თქვენდა, ეგების მადლიერნი იქმნეთ თქვენ! 

7 გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენდა და აღთქმა მისი, რომელიც თქვენ აღგითქვათ, თქვენ თქვით: შევისმინეთ და გმორჩილებთ! და გეშინოდეთ ალლაჰის. უეჭველად, ალლაჰი უწყის გულისნადებს. 

8 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი! და არ გაიძულოთ ზოგიერთ ადამიანთა მიმართ სიძულვილმა, რომ სამართლიანად არ იქცეოდეთ. იყავით სამართლიანნი, ის უფრო ახლოა ღვთისმოშიშობასთან; და გეშინოდეთ ალლაჰისა, უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც იქმთ თქვენ. 

9 რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათ ალლაჰმა აღუთქვა შენდობა და საზღაური უდიდესი . 

10 და რომელთაც უარყვეს და ჩვენი აიათები ცრუდ შერაცხეს, აალებული ცეცხლის მკვიდრნი არიან ეგენი. 

11 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენდა, როცა ხელის აღმართვა განიზრახა ხალხმა თქვენზე, და ხელნი მათი მოგაცილა თქვენ. და გეშინოდეთ ალლაჰის, და მხოლოდ ალლაჰის იმედად იყვნენ მორწმუნენი! 

12 და უეჭველად, აღთქმა აიღო ალლაჰმა ისრაილის შვილთაგან. ჩვენ მოვუვლინეთ მათი წიაღიდან თორმეტი ტომის მეთაური და უთხრა ალლაჰმა: „უეჭველად, მე თქვენთან ვარ, თუ ლოცვას აღავლენთ, ზექათს გაიღებთ, ირწმუნებთ ჩემს შუამავლებს და შეეწევით მათ, ალლაჰს ასესხებთ კარგ სესხს, მე უთუოდ, დავფარავ თქვენს ცოდვებს და უთუოდ, შეგიყვანთ სამოთხეებში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. და ვინც ამის მერე თქვენგან უარყოფს, უთუოდ, სწორ გზას ამცდარია იგი.“ 

13 და იმისათვის, რომ აღთქმა გატეხეს, დავწყევლეთ ჩვენ და გულები გავუსასტიკეთ , სიტყვას უმრუდებენ ადგილებს, და დაავიწყდათ ნაწილი იმისა, რაც დაეწესათ . და გამოკლებით მცირედისა , შენ გამუდმებით ღალატს იხილავ მაგათგან, „მაგრამ აპატიე და მოითმინე“ , უეჭველად, ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი! 

14 და მათგან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ჩვენ ქრისტიანები ვართ, აღთქმა ავიღეთ მათგან. მაგრამ მათ დაავიწყდათ ნაწილი იმისა, რაც დაეწესათ . ამის გამო ჩვენ გავუღვივეთ ურთიერთ მტრობა და სიძულვილი წარღვნის დღემდე . და სულ მალე აცნობებს ალლაჰი მათ , რასაც სჩადიოდნენ . 

15 ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხნო ! უეჭველად, ჩვენი შუამავალი მოვიდა თქვენთან, ცხად ჰყოფს თქვენთვის ბევრს, რასაც ღვთიური წიგნიდან მალავდით თქვენ და ბევრი რამეც უთქმელი დატოვა. უეჭველად, თქვენ მოგივიდათ ალლაჰისგან ნათელი და ცხადი წიგნი . 

16 დაადგენს მისით ალლაჰი მშვიდობის გზებს, ვინცა მიჰყვება ნებასა მისსა . და გამოიყვანს მათ სიბნელიდან სინათლეში ნებითა მისა და მათვე დაადგენს გზასა ჭეშმარიტსა. 

17 ვფიცავ! რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰი იგია მესიჰი, შვილი მარიამისა, ურჯულო არიან. უთხარი შენ: ვის ძალუძს ალლაჰის დაბრკოლება, თუ ინება მან, რომ გაანადგუროს მესიჰი , შვილი მარიამისა, და მისი დედა, და ყველა, ვინც დედამიწაზეა? ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნის და რაცაა მათ შორის. გააჩენს, ინებებს რასაც, და ძალუძს ალლაჰს ყველაფერი! 

18 და თქვეს იუდეველებმა და ქრისტიანებმა: ჩვენ ვართ ალლაჰის შვილები და მისი საყვარელნი. უთხარი შენ : „მაშ, რატომ გსჯით იგი თქვენი ცოდვებისთვის?“ არა! თქვენ ხართ ადამიანები იმათგან, ვინც მან გააჩინა. შეუნდობს, ინებებს ვისაც; და დასჯის, ინებებს ვისაც. ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნის და რაც მათ შორისაა. და მასთანაა მისაქციელი! 

19 ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხნო! უეჭველად, ჩვენი შუამავალი მოვიდა თქვენთან, ცხად ჰყოფს თქვენთვის , შუამავალთა წყვეტილის შემდგომ . რომ არ თქვათ: არ გვწვევია ჩვენ არც მახარობელი და არც შემგონებელიო, უკვე მოვიდა თქვენთან მახარობელი და შემგონებელი. და ალლაჰს ძალუძს ყველაფერი! 

20 აკი, უთხრა მუსამ თავის ხალხს: ხალხო ჩემო! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენდა, როდესაც დაადგინა თქვენს შორის შუამავალნი და დაგადგინათ თქვენ მეფეებად, და მოგცათ თქვენ ის, რაც არავისთვის არ მიუცია ქვეყნად. 

21 ხალხო ჩემო! შედით წმინდა მიწაზე, რომელიც ალლაჰმა თქვენთვის დაადგინა. და არ მოიქცეთ უკან , თორემ წაგებულნი იქნებით!“ 

22 მათ უთხრეს: ჰეი მუსა! უეჭველად, იქ აულაგმავი ხალხია და უეჭველად, ჩვენ ვერ შევალთ იქ, სანამ ისინი არ გამოვლენ იქიდან. და თუ გამოვლენ იქიდან, მაშინ, უეჭველად შევალთ ჩვენ. 

23 უთხრა ორმა კაცმა, ღვთისმოშიშნი რომელნიც იყვნენ და მოჰმადლა ალლაჰმა წყალობა მათ: „გაილაშქრეთ მათზე კარიბჭით და როცა შეხვალთ იქიდან, უეჭველად, გამარჯვებულნი იქნებით. და გქონდეთ იმედი მხოლოდ ალლაჰის, თუკი თქვენ ხართ მორწმუნენი!“ 

24 უთხრეს: ჰეი მუსა! ჩვენ იქ არასოდეს შევალთ, სანამ იქ არიან ისინი. წადით და იომეთ შენ და შენმა ღმერთმა. ჩვენ კი აქ ვისხდებით! 

25 შეევედრა : ღმერთო ჩემო! უეჭველად, მე არ მაქვს მეუფება გარდა ჩემი და ჩემი ძმისა . შენ განსაჯე ჩვენსა და ამ ურჩ ხალხს შორის! 

26 მიუგო : „უეჭველად, ის მათთვის აკრძალული იქნება ორმოცი წელი. ისინი იხეტიალებენ დედამიწაზე. ხოლო შენ არ ინაღვლო ურჩი ხალხის გამო! 

27 და ჭეშმარიტად, წაუკითხე შენ მაგათ ამბავი ადამის ორი ვაჟისა . ოდესღაც, მსხვერპლი შეწირეს ორივემ და შეწყნარებულ იქმნა ერთისაგან და არ იქნა შეწყნარებული მეორისაგან, და თქვა მან : „მე მოგკლავ შენ უსათუოდ!“ უპასუხა : „ალლაჰი მხოლოდ ღვთისმოშიშთაგან შეიწყნარებს. 

28 ვფიცავ, თუ შენ მოსაკლავად აღმართავ ხელს ჩემზე, მე არ აღვმართავ ხელს შენს მოსაკლავად. უეჭველად, მე მეშინია ალლაჰისა, სამყაროთა ღმერთის, 

29 ნამდვილად მსურს, რომ შენ აიღო ჩემი ცოდვა და ცოდვა შენიც , რათა იქმნა ცეცხლის ბინადართა შორის “. და : „ასეთია საზღაური უსამართლონისა“. 

30 ხოლო ვნებამ უბიძგა მას ძმის მოკვლისკენ, და მოკლა ის , და აღმოჩნდა წაგებულთა რიგებში. 

31 შემდეგ წარუგზავნა ალლაჰმა ყორანი, რომელიც მიწას თხრიდა , რათა ეჩვენებინა მისთვის, როგორ დაემარხა ძმის ცხედარი. თქვა: „ვაი ჩემს თავს! ისიც არ შემიძლია ამ ყორნის მსგავსი ვიყო და დავმარხო ჩემი ძმის ცხედარი.“ და იქმნა იგი მონანიეთაგანი. 

32 ამისთვის დავუწერეთ ისრაილის შვილთ, რომ ვინც მოჰკლას ადამიანი არა ადამიანის წილ და არა ქვეყანაზე უკეთურობის გასაწმენდად, თითქოსდა მთელი ხალხი ამოეწყვიტოს. და ვინც ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, თითქოსდა მთელი ხალხისთვის შეენარჩუნებინოს სიცოცხლე. ვფიცავ! ჩვენი შუამავალნი უკვე იყვნენ მათთან მისულნი ცხადი მტკიცებანით , მაგრამ ამის შემდგომაც, უეჭველად, ბევრი იმათგანი მაინც განაგრძობდა დედამიწაზე ზღვარგადასულობას . 

33 უეჭველად, რომელნიც იბრძვიან ალლაჰისა და მისი შუამავლის წინააღმდეგ და ცდილობენ უკეთურება გაავრცელონ ქვეყნად , ისაა საზღაური, რომ მოკლულნი იქნან ისინი ან ძელზე გაკრულნი, ან ხელ-ფეხი სხვადასხვა მხრით მოკვეთილნი , ან ამ მიწა-წყლიდან გაძევებული . ასეთია დამცირება მათთვის ამქვეყნიური, ხოლო მძიმე სასჯელია საიქიოში. 

34 გარდა მათი, რომელნიც იქამდე მოინანიებენ, სანამ თქვენ სძლევთ მათ . იცოდეთ, რომ ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია. 

35 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰის, და ეძიებდეთ მასთან საშუალებას , და იბრძოლეთ მის გზაზე . ეგების გადარჩენილნი იქმნეთ თქვენ! 

36 უეჭველად, რომელნიც ურწმუნონი არიან, იმათ რომ ყველაფერი, რაც რამ დედამიწაზეა და კიდევ ერთი იმდენი ჰქონოდათ, რათა მისით თავი გამოესყიდათ განკითხვის დღის ტანჯვისგან, არ შეიწყნარებოდა მათგან. და მათთვისაა მწარე სასჯელი. 

37 სურთ, რომ გამოვიდნენ ცეცხლიდან, მაგრამ ვერ გამოვლენ იქიდან; და მათთვისაა ტანჯვა დაუსრულებელი. 

38 და ქურდ კაცსა და ქურდ ქალს ორივეს ხელები მოჰკვეთეთ ალლაჰისგან საზღაურად რაც ჩაიდინეს, და (ხალხთათვის) სანიმუშოდ. ხოლო ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია. 

39 ხოლო ვინც მოინანიებს ჩადენილი დანაშაულის შემდეგ და გამოასწორებს, უეჭველად, მიუტევებს ალლაჰი მას. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია. 

40 განა არ იცი, რომ ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა! დასჯის, ინებებს ვისაც, და შეიწყალებს, ინებებს ვისაც. და ალლაჰს ძალუძს ყველაფერი. 

41 ო, შუამავალო! არ დამწუხრდე იმათ გამო, რომელნიც ურწმუნოებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, მათგან რომელნიც პირით იტყვიან: ჩვენ ვიწამეთ, გულებს მათსას კი არ სწამთ ; და იმათგან, რომელნიც იუდეველნი არიან, მსმენელნი სიცრუისა, მსმენელნი სხვა ხალხისა, ვინც შენთან არ მოსულა ; ისინი სიტყვას ამახინჯებენ , მის შემდეგ რაც ის იყო თავის ადგილზე, ამბობენ: თუ მოგეცათ თქვენ ეს , მაშ, აიღეთ იგი , და თუ არ მოგცემიათ ეს , მაშინ განერიდეთ ! და ვისი გამოცდაც ინებოს ალლაჰმა, მის დაცვას შენ ვერასდროს შეძლებ ალლაჰისგან. სწორედ ეგენი არიან, რომელთა გულების განწმენდაც ალლაჰის ნება არ არის. და მათთვისაა ამქვეყნად დამცირება, ხოლო იმქვეყნად მძიმე სასჯელი ! 

42 კარგი მსმენელნი სიცრუის, მჭამელნი აკრძალულის, თუკი შენთან მოვლენ , განსაჯე მათ შორის ან ზურგი აქციე მათ. და თუ შენ ზურგს შეაქცევ მათ, ვერანაირ ზიანს ვერ მოგაყენებენ. და თუ განსაჯე მათ შორის, განსაჯე სამართლიანად. უეჭველად, ალლაჰს უყვარს სამართლიანები. 

43 და როგორ დაგაყენებენ შენ მსაჯულად, როცა თევრათი აქვთ მაგათ, მასშია მითითებანი ალლაჰისა! მერე კი ზურგს აქცევენ ამის შემდგომ და ეგენი არ არიან მორწმუნენი. 

44 უეჭველად, ჩვენ ზემოვავლინეთ თევრათი, მასშია ჭეშმარიტი გზა და ნათელი, განსჯიან იმით შუამავალნი, რომელთაც ჰმორჩილეს, იუდეველნი და აგრეთვე რაბბანები და სწავლულნიც, რომელთაც დასაცავად ჰქონდათ მიბარებული ალლაჰის წიგნი და მოწმენი იყვნენ ამისა. ამიტომ ნუ გეშინიათ ადამიანების და გეშინოდეთ ჩემი; და არ გაყიდოთ ჩემი აიათები მცირე რამ ფასეულობაზე. და ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა მოავლინა, სწორედ ეგენი არიან ურწმუნონი. 

45 ჩვენ დავუწერეთ მასში : სული სულის წილ, და თვალი თვალის წილ, და ცხვირი ცხვირის წილ, და კბილი კბილის წილ, და ჭრილობები სამაგიეროა . ხოლო ვინც აპატიოს, ის თავისთვის ცოდვების გამოსყიდვაა. და ვინც ისე არ განსჯის, როგორც ეს ალლაჰმა ზეგარდმოავლინა, სწორედ ეგენი არიან უსამართლონი! 

46 და ჩვენ წარვგზავნეთ ღისა ძე მარიამისა მათ კვალდაკვალ, დამმოწმებლად იმისა, რაც მასზე უწინ იყო თევრათში , და ჩვენ მივეცით მას ინჯილი , მასშია ჭეშმარიტი გზა და ნათელი, დასტურად იმისა, რაც მასზე უწინ იყო თევრათში ჭეშმარიტ გზად და შეგონებად ღვთისმოსავთათვის. 

47 და განსაჯონ ინჯილის მფლობელებმა იმის მიხედვით, რაც ზეგარდმოავლინა ალლაჰმა მასში. და ვინც არ განსჯის ალლაჰის მოვლინებულის მიხედვით, სწორედ ეგენი ურჩნი არიან! 

48 და ჩვენ შენდა გარდმოვავლინეთ წიგნი ჭეშმარიტებით, დასტურად იმისა, რაც მასზე უწინ იყო წიგნში, და დამცველად მისდა . მაშ, განსაჯე მათ შორის იმის მიხედვით, რაც ზემოავლინა ალლაჰმა , არ განუდგე შენზე ბოძებულ ჭეშმარიტებას და არ აჰყვე მათ სურვილებს . თითოეულ თქვენგანს ჩვენ დავუდგინეთ კანონი და გზა . და რომ ენება ალლაჰს, ერთ თემად გქმნიდათ თქვენ . მაგრამ (დაგყოთ) იმისთვის რომ გამოეცადეთ იმით, რაც გიბოძათ. მაშ, შეეჯიბრეთ ერთმანეთს კეთილი საქმეების კეთებაში. ყველანი ალლაჰთან მიბრუნდებით და იგი გაცნობებს იმას, რაზეც გქონდათ უთანხმოება. 

49 და განსაჯე მათ შორის იმით, რაც ალლაჰმა გარდმოგივლინა და არ აჰყვე მათ სურვილებს. სიფრთხილე გმართებს მათთან, რომ იმის ნაწილისგან არ გაცდუნონ, რაც ზემოგივლინა ალლაჰმა. თუ პირი იბრუნეს, იცოდე, რომ ალლაჰი აწევს სასჯელს ზოგიერთ მათგანს მათივე ცოდვებიდან გამომდინარე. და უეჭველად, ადამიანთა უმეტესნი ურჩნი არიან. 

50 განა მათ უმეცრების დროინდელი მსაჯულება სურთ? ალლაჰზე უკეთესად განა ვინ განსჯის იმ ხალხთათვის, რომელთაც მტკიცედ სჯერათ?! 

51 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იუდეველნი და ქრისტიანნი არ აიყვანოთ მეგობრებად. ისინი მხოლოდ ერთმანეთის მეგობრები არიან. და რომელი თქვენგანიც გადაიხრება მათკენ, უეჭველად, ის იმათგანია. უეჭველად, ალლაჰი ჭეშმარიტ გზას არ დაადგენს ცოდვილ ხალხს! 

52 მაშ, დაინახავ შენ, რომელთაც სენი უზით გულებში მათკენ მიისწრაფვიან თავის მართლებით: გვეშინია, ბედუკუღმართობა არ გვეწვიოს. ეგებ გამარჯვება მოავლინოს ალლაჰმა ან რაიმე გადაწყვეტილება თავისი, და მაშინ სინანულს მიეცემიან იმის გამო, რაც გულში ჰქონდათ დაფარული! 

53 და რომელთაც ირწმუნეს, ამბობენ: განა ეგენი არ არიან, რომელნიც ალლაჰზე იფიცებდნენ მოწიწებით, რომ ისინი, უეჭველად, თქვენთან იქნებოდნენ? ფუჭი იქმნა საქმენი მათნი და წაგებულ იქმნენ ისინი. 

54 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ განუდგეს თქვენგან ვინმე თავის რწმენას, ალლაჰი შეცვლის ხალხით, რომელნიც ეყვარება მას და რომელთაც ეყვარებათ იგი, თავმდაბალნი მორწმუნეთა წინაშე, მკაცრნი ურწმუნოთა წინაშე, იბრძოლებენ ისინი ალლაჰის გზაზე და არ შეუშინდებიან გაკიცხვას გამკიცხველისას . ესაა მადლი ალლაჰისა, უბოძებს, ინებებს ვისაც, და ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისმცოდნეა. 

55 თქვენი მეგობარი მხოლოდ ალლაჰი და მისი შუამავალია, და მორწმუნენი, რომლებიც ლოცვას აღავლენენ, ზექათს გასცემენ და ისინი ქედმოხრილნი არიან; 

56 და ვინც ალლაჰს და მის შუამავალს ირჩევს მეგობრად და რომელთაც ირწმუნეს. უეჭველად, ალლაჰის მიმდევარნი გამარჯვებულნი არიან. 

57 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მეგობრად არ აირჩიოთ, რომელთაც თქვენი რწმენა მასხრად და აბუჩად აუგდიათ, იმათგან, ვისაც თქვენ უწინ მიეცა წიგნი, და არცა ურწმუნონი , და გეშინოდეთ ალლაჰისა, თუ ხართ მორწმუნენი თქვენ! 

58 და როცა ლოცვისკენ მოუწოდებთ თქვენ, ეგენი ამას გასცინიან და ამასხარავებენ. ეს იმიტომ, რომ ეგენი არიან ხალხი, რომელნიც არ შეიგნებენ. 

59 უთხარი შენ: ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხნო! ნუთუ მხოლოდ იმიტომ გძულვართ, რომ ალლაჰი ვიწამეთ და ის, რაც ზემოგვევლინა ჩვენ, და ის, რაც ზემოვლენილა უწინ. უეჭველად, თქვენგან უმეტესი ჭეშმარიტებას ამცდარია. 

60 უთხარი შენ: გინდა გამცნოთ ამაზე უარესი სასჯელი ალლაჰისგან? ვინც დაწყევლა ალლაჰმა და რისხვა აწვნია მისდა და აქცია ღორებად და მაიმუნებად, და ვინც ტაღუთს ემსახურებოდა, ყველაზე უარესი ადგილის მფლობელნი არიან და ყველაზე უფრო ამცდარნი არიან სწორ გზას! 

61 და როცა ისინი თქვენთან მოვიდნენ , თქვეს: ვირწმუნეთ ჩვენ. მაგრამ ისინი ურწმუნოებით შემოვიდნენ და ნამდვილად გავიდნენ იმით . ხოლო ალლაჰი უკეთ უწყის, რასაც მალავენ ისინი. 

62 მაშ დაინახავ შენ მათგან უმეტესს , როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ცოდვასა და მტრობაში და აკრძალულის ჭამაში. რაოდენ ცუდია ის, რასაც აკეთებენ ეგენი! 

63 რატომ არ უკრძალავენ მათ რაბბანები და სწავლულნი ავსიტყვაობას , და აკრძალულის ჭამას? რაოდენ ცუდია ის, რასაც აკეთებენ ეგენი. 

64 და თქვეს იუდეველებმა: „შეკრული აქვს ალლაჰს ხელი.“ მათაც შეეკრათ ხელები და წყეულიც არიან იმისათვის, რაცა თქვეს. პირიქით, გაშლილია ორივე ხელი მისი , გასცემს იგი, ინებებს როგორც. და ბევრ მათგანს დიახაც გაუზრდის ურჩობასა და ურწმუნოებას ის, რაც შენ ზემოგევლინა შენი ღმერთისგან. ხოლო ჩვენ მტრობა და სიძულვილი ჩავაგდეთ მათ შორის წარღვნის დღემდე, და ყოველთვის როცა ომისთვის ცეცხლს აანთებენ ეგენი, ჩააქრობს ალლაჰი. და არეულობას ესწრაფვიან დედამიწააზე , ხოლო არ უყვარს ალლაჰს არეულობის მთესველნი! 

65 და რომ ერწმუნათ ღვთიური წიგნის მფლობელთ და ჰქონოდათ შიში , ჩვენ მივუტევებდით მათ ცოდვებს და შევიყვანდით ნეტარ სამოთხეებში. 

66 მათ რომ ემოქმედათ თევრათითა და ინჯილით და რაც ზემოევლინა მათ მათი ღმერთისგან, დიახაც, ისაზრდოებდნენ იმით, რაც მათ ზემოთაა და მათ ქვემოთაა. არის მათ შორის თემი, ზომიერების დამცავი, მაგრამ ცუდია ის, რასაც უმეტესობა სჩადის. 

67 ო, შუამავალო! აუწყე , რაც ზემოგევლინა შენ შენი ღმერთისგან. და თუ ამას არ იქმ , მაშინ მისი წერილი სრულყოფილად არ გადაგიცემია. ხოლო ალლაჰი დაგიფარავს იმ ადამიანებისგან. უეჭველად, ალლაჰი ურწმუნო ხალხს არ დაადგენს ჭეშმარიტ გზას! 

68 უთხარი შენ: ჰეი, ღვთიური წიგნის მფლობელნო! დასაყრდენი არ გაგაჩნიათ, სანამ თევრათს და ინჯილს არ დაიცავთ და იმას, რაც თქვენი ღმერთისგან ზემოგევლინათ.“ და ბევრს მათგან მართლაც გაუმრავლებს ურჩობასა და ურწმუნოებას ის, რაც ზემოგევლინა შენი ღმერთისგან, ხოლო ურწმუნო ხალხის გამო გული არ დაგწყდეს შენ! 

69 უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს, და რომელნიც იყვნენ იუდეველნი, საბიელნი და ქრისტიანნი, ვინც ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ჰქმნა სიკეთე, არ ექნებათ არაფრის შიში და არც სადარდებელი! 

70 აკი, ავიღეთ აღთქმა ისრაილის ძეთაგან და წარვგზავნეთ მათთან შუამავალნი. ყოველთვის, როცა ისეთ რასმეს მიუტანდათ შუამავალი, რაც არ მოსწონდათ მათ, ერთი ნაწილი ცრუს აცხადებდნენ, ხოლო მეორე ნაწილი კლავდნენ მათ. 

71 და ფიქრობდნენ, რომ სასჯელი არ იქნებოდა , დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ ისინი. ალლაჰმა შეუნდო მათ, მერე კვლავ დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ მრავალნი მათგან. ხოლო ალლაჰი ხედავს, რასაც აკეთებენ ისინი! 

72 ვფიცავ, ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰია მესიჰი, შვილი მარიამისა; და თქვა მესიჰმა: ისრაილის შვილნო, თაყვანი ეცით ალლაჰს, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთს. უეჭველად, ვინც ალლაჰს თანაზიარს(შირქი გააკეთონ) გაუხდის, იმას აუკრძალა ალლაჰმა სამოთხე და მისი თავშესაფარი ცეცხლია. და არ ეყოლებათ უსამართლონთ შემწენი. 

73 ვფიცავ! ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰი სამთაგან მესამეა . და არ არის ღმერთი, გარდა ერთი ღმერთისა. და თუ ისინი არ მოიშლიან იმას, რასაც ამბობენ, უთუოდ მწარე სასჯელი შეეხებათ მათ, რომელთაც არ ირწმუნეს! 

74 განა არ სურთ პატიება და შენდობა შესთხოვონ ალლაჰს?! და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია. 

75 მესიჰი, მარიამის ძე, მხოლოდ შუამავალია, განვლეს უკვე შუამავალთა მასზე უწინ. ხოლო დედა მისი სიმართლისმთქმელი ქალი იყო. ორივე მათგანი საჭმელს მიირთმევდა . შეხედე, როგორ ვუმარტავთ ხალხს აიათებს , და შეხედე, როგორ აქცევენ ზურგს! 

76 უთხარი შენ: განა ალლაჰის გარდა იმას ეთაყვანებით თქვენ, რასაც არ შეუძლია თქვენთვის არც სიავისა და არც სიკეთის მოტანა? და ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა იგი. 

77 უთხარი შენ: ჰეი, ღვთიური წიგნის მფლობელნო! ზღვარს ნუ გადახვალთ თქვენს რწმენაში ჭეშმარიტების წინააღმდეგ და ნუ აყვებით იმ ხალხის სურვილებს, ვინც თქვენს უწინ აცდა ჭეშმარიტებას და სხვა ბევრიც შეიყვანა შეცდომაში, და გადამცდარა სწორ გზას. 

78 ურწმუნონი, რომელნიც არიან ისრაილის შვილთა შორის, დაწყევლილი არიან დავუდის და ღისას, მარიამის შვილის პირით. ეს იმისათვის, რომ ურჩნი იყვნენ და ზღვარს გადადიოდნენ, 

79 ისინი არ უკრძალავდნენ ერთმანეთს ცუდ საქმიანობას. რაოდენ საზიზღრობაა ის, რასაც ისინი სჩადიოდნენ! 

80 დაინახავ შენ : მათგან უმეტესი მეგობრად აიყვანს, რომელნიც ურწმუნონი არიან. რაოდენ ცუდია ის, რაც მათ საკუთარი თავისთვის წაიმძღვარეს, და რომ ალლაჰი განურისხდა მათ და ტანჯვაში დარჩებიან ეგენი სამუდამოდ. 

81 მათ რომ ერწმუნათ ალლაჰი და შუამავალი და რაც გარდმოევლინა მას, ხომ არ აიყვანდნენ მეგობრებად მათ. მაგრამ გზასამცდარია მათგან უმეტესი. 

82 უეჭველად, სიძულვილში იმათ მიმართ, რომელთაც ირწმუნეს, ყველაზე მკაცრთ შენ იუდეველებს და წარმართებს იხილავ. და სიყვარულში იმათ მიმართ, რომელთაც ირწმუნეს, ყველაზე ახლობელთ შენ იმათ იხილავ, რომელნიც იტყვიან: „ჩვენ ვართ ქრისტიანნი“. ეს იმიტომ, რომ მღვდლები და ბერებია მათ შორის, და არ ამპარტავნებენ ისინი. 

83 როცა გაიგონებენ ისინი შუამავალზე ზემოვლინებულს , დაინახავ მათ თვალებს მოჩქეფარე ცრემლით იმის გამო, რომ შეიმეცნეს ჭეშმარიტება. ევედრებიან ისინი: ღმერთო ჩვენო! ვირწმუნეთ ჩვენ და ჩვენ ჩაგვწერე მოწმეთა რიგებში; 

84 და რად აღარ უნდა ვიწამოთ ალლაჰი და ის, რაც ჭეშმარიტებისგან გვებოძა? და ჩვენ გვსურს, რომ შეგვიყვანოს ღმერთმა ჩვენმა მორწმუნე ხალხის რიგებში! 


85 და იმისთვის, რაც თქვეს მათ ალლაჰი დაასაჩუქრებს სამოთხეებით, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. იქ დარჩებიან სამუდამოდ. ესაა კეთილისმთესველნის საზღაური. 

86 და რომელთაც არ ირწმუნეს და ცრუდ ჩათვალეს ჩვენი აიათები, ეგენი არიან ჯოჯოხეთის ბინადარნი. 

87 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიკრძალოთ სიამენი, რომელზეც ალლაჰმა ნება მოგცათ თქვენ, მაგრამ არ გადახვიდეთ ზღვარს. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი. 

88 და ჭამეთ რაც რამ გიბოძათ ალლაჰმა ნებადართული და საამო. გეშინოდეთ ალლაჰისა, რომლისაცა მოწამენი ხართ თქვენ! 

89 ალლაჰი თქვენ ფიცში ფუჭსიტყვაობისათვის არ განგსჯით, მაგრამ განგსჯით იმისათვის, რასაც ფიცში აღუთქვამთ . და მისი გამოსასყიდი ათი უპოვრის დაპურებაა საშუალოდ, რითაც საკუთარ ოჯახს კვებავთ , ან მათი შემოსვა, ან ერთი მონის გათავისუფლება. და ვისაც არ მოენახება , მაშინ სამი დღის მარხულობა. ესაა გამოსყიდვა თქვენი ფიცისა, როცა გატეხთ. და დაიცავით თქვენი დაფიცება! ამგვარად განგიმარტავს ალლაჰი თავის აიათებს, ეგების მადლიერნი იქმნეთ თქვენ! 

90 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალკოჰოლური სასმელი , აზარტული თამაშები , კერპები და ისრებით მკითხაობა ეშმაკისეული სისაძაგლენია. განერიდეთ ამას , ეგების ნეტარნი იქმნეთ თქვენ! 

91 უეჭველად, ეშმაკს სურს მტრობისა და სიძულვილის ჩამოგდება თქვენს შორის ალკოჰოლური სასმელითა და აზარტული თამაშებით. ამით უნდა მოგაცდინოს თქვენ ალლაჰის ხსენებასა და ლოცვას. უკვე თავი ანებეთ არა ?! 

92 და მორჩილ იყავით ალლაჰისა, და მორჩილ იყავით შუამავლისა და გამოიჩინეთ სიფრთხილე . ხოლო თუ პირს იბრუნებთ, იცოდეთ, რომ ჩვენი შუამავლის ვალი მხოლოდ აშკარა უწყების გადმოცემაა. 

93 რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე აკეთეს, არ არის მათდა ცოდვა იმისათვის, რაც უჭამიათ ; თუკი მოერიდნენ , იწამეს და ჰქმნეს კეთილი; მერე მოერიდნენ და იწამეს ; მერე მოერიდნენ და იქცევიან პატიოსნად . და ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი ! 

94 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალლაჰი, უეჭველად, გამოგცდით რაიმე ნანადირევით, რომელსაც მოიპოვებთ თქვენი ხელებითა და თქვენი შუბებით, რათა გამოაშკარავოს ალლაჰმა, ვის ეშინია მისი ფარულადაც . და ამის მერე ვინც ზღვარს გადავა, მისთვისაა მწარე სასჯელი. 

95 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მოჰკლათ ნადირი, როცა თქვენ ხართ იჰრამში შემოსილი. და რომელი თქვენგანიც მოკლავს მას განზრახ, სამაგიეროა შინაური ცხოველით, მისი შესაბამისი, რაც მოჰკლა. თქვენგან ორმა მართალმა კაცმა განსაჯოს ეს საქმე და შერჩეული საქონელი გაიგზავნოს ქააბასთან; ან გამოსასყიდია უპოვრების დაპურებით; ან ამის სანაცვლოდ იმარხულოს, რათა იგემოს საკუთარი საქციელის სიმძიმე. ალლაჰმა შეუნდო, რაც მოხდა ადრე, ხოლო ვინც დაუბრუნდება, ალლაჰი შურს იძიებს მასზე. და ალლაჰი ძლევამოსილია, შურისმგებელია! 

96 ნებადართულია თქვენთვის ნანადირევი ზღვისა და მირთმევა მისი; სარგებლად თქვენთვის და მგზავრთათვის. და აიკრძალა თქვენდა ნანადირევი ხმელეთისა, სანამ იჰრამში იმყოფებით. გეშინოდეთ ალლაჰისა, რომელთა წინაშეც შეკრებილ უნდა იქმნეთ! 

97 ალლაჰმა ქააბა, სახლი ნაკრძალი (წმინდა), თვე ნაკრძალი, და შესაწირი ცხოველი და აქლემები სამკაულებშებმული ადამიანთა არსებობისთვის დაადგინა. ეს იმისთვის, რომ იცოდეთ, ალლაჰი უწყის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა; და რომ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა. 

98 იცოდეთ, რომ ალლაჰი მკაცრსასჯელიანია. და რომ ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია! 

99 შუამავლის ვალია მხოლოდ უწყების გადმოცემა. და ალლაჰი უწყის რას ამხელთ და რას მალავთ თქვენ! 

100 უთხარი შენ: „ცუდი კარგს ვერ გაუტოლდება, თუნდაც ცუდის სიჭარბე გაკვირვებდეს“. ამიტომ გეშინოდეთ ალლაჰის, გონიერნო, ეგების ნეტარ იქმნეთ თქვენ! 

101 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ იკითხოთ ისეთი რამ, რომ განგეცხადოთ - დაგამწუხრებთ. და თუ იკითხავთ მაშინ, როცა ყურანი ზედარდმოდის, განგეცხადებათ თქვენ. ალლაჰმა მოგიტევათ რის შესახებაც მოიკითხეთ. და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია. 

102 თქვენამდეც უკითხავთ ხალხს ეგ. მერე ურწმუნო გამხდარან ამით. 

103 არ დაუკანონებია ალლაჰს ბაჰირა , არც საიბა , არც ვასილა და არცა ჰამი . მაგრამ რომელნიც ურწმუნონი იყვნენ, იგონებენ ალლაჰზე სიცრუეს, და მათგან უმეტესი ვერ აცნობიერებს. 

104 როცა მათ ეუბნებიან: მოდით იმაზე, რაც ალლაჰმა ზეგარდმოავლინა და შუამავალთან, პასუხობენ: ჩვენ ისიც გვყოფნის, რაც ვპოვეთ ჩვენს მამებთან . მაგრამ ხომ შეიძლებოდა მათ მამებს არაფერი სცოდნოდათ და ყოფილიყვნენ არასწორ გზაზე? 

105 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მხოლოდ თქვენ თავზე აგებთ პასუხს. ზიანს ვერ მოგაყენებს, ვინც ამცდარია ჭეშმარიტებას, თუკი თქვენ ადგახართ სწორ გზას. თქვენ, ყველანი ალლაჰთან მიიქცევით. მაშინ გაცნობებს თქვენ იგი, რასაც სჩადიოდით. 

106 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენგან ორი მოწმე შეარჩიეთ, თუკი სიკვდილის პირას შეიქმნებით. ორმა მართალმა დაამოწმოს თქვენი უკანასკნელი ნება ან ორმა გარეშეთაგანმა, თუკი სიკვდილი მოგზაურობისას გეწევათ. თუ ეჭვი რამ შეგეპაროთ ლოცვის აღვლენის მერე , დააყოვნეთ ისინი და დაიფიცონ ალლაჰის წინაშე: „არ გავყიდით ამას არავითარ ფასად, თუნდ ეს ეხებოდეს ახლო ნათესავს და არ დავმალავთ მოწმეობას ალლაჰისას. მაშინ უთუოდ ცოდვილნი ვიყოთ ჩვენ“! 

107 და თუ აღმოჩნდა , რომ ცოდვა ჰქონდათ ჩადენილი ამათ, მაშინ მათი ადგილი სხვა ორმა დაიკავოს, ახლობელმა იმათგან, ვისაც უფლება აქვს, და დაიფიცონ ალლაჰის წინაშე: „ჩვენი მოწმეობა უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე იმათი მოწმეობა; ჩვენ არ გადავალთ ზღვარს, მაშინ უთუოდ ცოდვილნი ვიქნეთ ჩვენ“! 

108 უმჯობესია, რომ გასწიონ სწორად მოწმეობა, ანდა შიში ჰქონდეთ, რომ უარყოფილ არ იქმნეს მათი ფიცები დაფიცების შემდეგ. და გეშინოდეთ ალლაჰისა და ისმინეთ, ალლაჰი არ დაადგენს გზასამცდარ ხალხს ჭეშმარიტ გზაზე! 

109 იმ დღე, როცა ალლაჰი თავის შუამავლებს შეკრებს და ჰკითხავს: „რა გიპასუხეს თქვენ“? მიუგებენ ისინი: „არაფერი ვიცით ჩვენ. უეჭველად, შენ იცი ის, რაც დაფარულია“. 

110 აკი, უთხრა ალლაჰმა: „ო, მარიამის შვილო ღისა! გაიხსენე ჩემი წყალობა შენზე და დედაშენზე, ოდეს გაგაძლიერე სიწმინდის სულით , რათა დალაპარაკებოდი ხალხს აკვნიდან და ზრდასრულიც; აჰა, შეგასწავლე შენ წიგნი და სიბრძნე, თევრათი და ინჯილი; ოდეს ჩემის ნებით მიწისგან გამოძერწე ჩიტის ქანდაკება, შთაბერე მასში და იგი ჩემსა ნებითვე ფრინველად გადაიქცა ; და როცა კურნავდი ბრმებსა და კეთროვნებს და როცა სიცოცხლეს უბრუნებდი მკვდრებს ჩემი ნებით. გაიხსენე, როგორ მივაქციე შენგან ისრაილის შვილნი, როცა მიხვედი მათთან ცხადი მტკიცებებით და რომელნიც ურწმუნო იყვნენ, მათგან თქვეს: „სხვა არაფერია ეს, თუ არა აშკარა გრძნეულება“! 

111 და როცა შევაგონე მოწაფეები, რომ მირწმუნონ მე და ჩემი შუამავალი, მათ თქვეს: „ვირწმუნეთ! და დაგვიმოწმე, რომ ვართ ჩვენ მუსლიმნი“. 

112 და როცა მოწაფეებმა ჰკითხეს მარიამის შვილ ღისას, „შეუძლია შენს ღმერთს, რომ გარდმოავლინოს ზეციდან ჩვენდა სუფრა“? მიუგო: „გეშინოდეთ ალლაჰის, თუკი ხართ მორწმუნენი“! 

113 მიუგეს მათ: „გვსურს მივირთვათ მისგან, რათა ვიჯეროთ ჩვენი გულები და ვიცოდეთ, რომ რაც გვაუწყე, სიმართლეა, და ვიყოთ მოწმენი ამისა“. 

114 შეევედრა ღისა, შვილი მარიამისა: „ღმერთო ჩემო! გარდმოგვივლინე ზეციდან ჩვენდა სუფრა, იყოს ჩვენთვის დღესასწაული, პირველისათვის ჩვენგან და უკანასკნელისათვის ჩვენგან და სასწაულად შენგან. მოგვმადლე, რამეთუ შენა ხარ საუკეთესო სარჩოს მომმადლებელი“! 

115 ალლაჰმა უთხრა: „უეჭველად, მე ზეგარდმოვავლენ თქვენდა მას. მაგრამ ვინც ამის შემდგომ ურწმუნო დარჩება თქვენ შორის, მას დავსჯი სასჯელით, რომლის მსგავსით ჯერ არავინ დამისჯია სამყაროში“! 

116 და უთხრა ალლაჰმა: „ჰეი, ღისა, მარიამის შვილო, განა შენ უთხარი ხალხს, დაგვადგინეთ მე და დედაჩემი ორ ღმერთად, ალლაჰის გარდა?“ მიუგო: „დიდება შენდა! როგორ ვიტყოდი იმას, რაც არ ვიცი. მე რომ ეს მეთქვა, შენ გეცოდინებოდა. შენ უწყი იმას, რაც ჩემშია, მე კი არ ვიცი ის, რაც შენშია. უეჭველად, შენ ის ხარ, ვინც უწყის დაფარული. 

117 არაფერი მითქვამს მათთვის, გარდა ალლაჰის თაყვანისცემისა, ჩემი ღმერთისა და თქვენი ღმერთისა. და მე ვიყავი მოწმე მათდა, სანამ მათთან ვიყავი. ხოლო როცა მიმიბარე, შენ იყავ მათი მეთვალყურე. და შენ ხარ ყოვლისმოწმე. 

118 და თუ მათ დასჯი, ეჭვი არ არსებობს, რომ ისინი შენი მსახურნი არიან. და თუ მიუტევებ მათ, ეჭვი არ არსებობს, რომ შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენი“! 

119 ბრძანა ალლაჰმა: „ეს არის დღე, როცა მართალთ სარგებელს მოუტანს მათი სიმართლე. მათთვისაა სამოთხენი, სადაც ძირს მდინარეები მოედინა. და იქ დარჩებიან სამუდამოდ. ალლაჰი კმაყოფილია მათი და მისით კმაყოფილი არიან ისინი. ესაა ნეტარება უდიდესი! 

120 ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა და იმის, რაც მათ შორისაა. და მას ძალუძს ყველაფერი!“