47.მუჰამმად

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 47 

„მუჰამმად“ 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1. რომელთაც უარყვეს და ააცდინეს ალლაჰის გზას, ფუჭი ჰქმნა მათი საქმენი. 

2. ხოლო, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი და იწამეს, რაც ზემოევლინა მუჰამმედს, რომ იგი ჭეშმარიტებაა თავიანთი ღმერთისგან, დაფარა მათგან მათი სიავენი და გამოასწორა მდგომარეობა მათი. 

3. ეს იმიტომ, რომ რომელთაც უარყვეს გაჰყვნენ ამაოებას, ხოლო რომელთაც ირწმუნეს, გაჰყვნენ ჭეშმარიტებას მათი ღმერთისაგან . აი, ასე განმარტავს ალლაჰი ხალხთათვის იგავებს. 

4. და თუ შეხვდებით იმათ, რომელთაც უარყვეს, დაჰკარით კინწთა, ვიდრეღა შემუსრავთ სრულად. და გაამაგრეთ საბელნი. მერე ან შეიწყალეთ ან აიღეთ გამოსასყიდი, ვიდრეღა ჩამოიხსნიდეს ომი თავის ტვირთს. სწორედ ესაა . და რომ ენება ალლაჰს, თავად იძიებდა მათზე შურს , მაგრამ იგი გცდით თქვენ ერთმანეთით. და რომელნიც დაეცნენ ალლაჰის გზაზე, მათი საქმენი არ იქნება ფუჭი. 

5. დაადგენს მათ ჭეშმარიტ გზაზე და გამოუსწორებს მდგომარეობას 

6. და შეიყვანს სამოთხეში, რომელიც ამცნო მათ. 

7. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი ალლაჰისთვის შეეწევით, ალლაჰიც შეგეწევათ და ფეხთა თქვენსა განამტკიცებს. 

8. ხოლო რომელთაც უარყვეს, დაე, განადგურება მათ! და ფუჭი ჰქმნა საქმენი მათი. 

9. ეს იმიტომ, რომ შეიძულეს,რაც ღმერთმა ზემოავლინა . ამგვარად, ამაო ჰქმნა საქმენი მათი. 

10. განა, არ უმოგზაურიათ ქვეყანაზე? დროა დაინახონ! როგორი იყო აღსასრული იმათი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ, გაანადგურა ალლაჰმა ისინი და ურწმუნოთათვისაა მისი მსგავსი. 

11. ეს იმიტომ, რომ ალლაჰი მფარველია იმათი, რომელთაც ირწმუნეს, ხოლო ურწმუნოებს არ ჰყავთ ჭეშმარიტი მფარველი. 

12. უეჭველად, ალლაჰი შეიყვანს, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, სამოთხეებში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. ხოლო რომელთაც უარყვეს, ტკბებიან და მიირთმევენ ისე, როგორც მიირთმევს საქონელი. ცეცხლია თავშესაფრად მათთვის! 

13. და რამდენი დასახლება გავანადგურეთ ჩვენ, რომელნიც ბევრად მტკიცენი იყვნენ ძალით იმ შენს დასახლებაზე, რომელმაც გაგაძევა, მაშინ არ იყო მათთვის მეოხე. 

14. განა ის, ვინც ადგას ცხად მოწმობას მისი ღმერთისგან, მსგავსია იმის, ვისაც თავისი სიავე მოეკაზმა და აყოლილა ვნებებს? 

15. აი, ასეთია სამოთხე, აღთქმული ღვთისმოშიშთათვის. იქაა მდინარეები წყლისა და მდინარეები რძისა, რომლის გემოც უცვლელია, და მდინარეები სასმელის, სასიამოვნო მსმელთათვის და მდინარეები დაწურული თაფლისა. და მათთვისაა იქ ყველანაირი ნაყოფი და მიტევება თავიანთი ღმერთისგან. განა (ეს) მსგავსია იმის, ვინც მარადიულია ცეცხლში და რომელთაც ასმევენ მდუღარეს, დამხეთქს მათი ნაწლავებისა? 

16. და მათ შორის ისეთებიც არიან, რომ მოდიან მოსასმენად შენთან . მაგრამ როცა წამოვლენ, ჰკითხავენ იმათ, რომელთაც ებოძათ ცოდნა: „რა თქვა ცოტა ხნის წინ?“ სწორედ ესენი არიან, რომელთა გულებზე ასრე დაასვა ალლაჰმა ბეჭედი და აყვნენ თავიანთ ვნებებს. 

17. ხოლო რომელთაც ჭეშმარიტ გზას დაადგნენ, მიუმატა მათ ჭეშმარიტება და მიჰმადლა ღვთისმოშიშობა. 

18. ნუთუ ისინი მხოლოდ ელოდებიან ჟამს, რომელიც უეცრად ეწევათ, რამეთუ უკვე მოვიდა ნიშნები მისი. მაშ, როგორღა არგებთ შეხსენება, როცა იგი მიუვათ მათ?! 

19. მაშ იცოდე, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა. და ითხოვე მიტევება შენი ცოდვებისთვის და მორწმუნე კაცებისა და მორწმუნე ქალებისთვის, რამეთუ ალლაჰი უწყის თქვენს საქმიანობას და თქვენს თავშესაფარს. 

20. და ამბობენ, რომელთაც ირწმუნეს: „ნეტავ ზეგარდმოვლენოდა ერთი სურა?“ მაგრამ როცა ზეგარდმოევლინა სურა მკაფოიდ განმარტებული და მოხსენებულ იქნა მასში ბრძოლა, შენ დაინახე ისინი, რომელთა გულებშიც სენია, გიცქერენ გონმიხდილი მზერით, თითქოს კვდებიანო. თუმცაღა მათთვის უმჯობესი იქნებოდა 

21. მორჩილება და სიტყვა კეთილი. ხოლო როცა გადაწყდა საქმე, მაშინ რომ რწფელი ყოფილიყვნენ ალლაჰისადმი, უთუოდ მათთვის უკეთესი იქნებოდა. 

22. იქნებ გწადიათ, თუკი სახეს იქცევთ, ამით უკეთურობას დასთესთ ქვეყანაზე და ნათესაურ კავშირებს გაწყვეტთ? 

23. აი ისინი, რომელნიც დაწყევლა ალლაჰმა. ამგვარად წაართვა სმენა და დაუბრმავა მხედველობა. 

24. ნუთუ ისინი ყოველმხრივად არ გაიაზრებენ ყურანს? ან იქნებ გულთა ზედა აბია საკეტნი თვისი? 

25. უეჭველად, რომელთაც ზურგი იქციეს, მას მერე რაც ჭეშმარიტი გზა განეცხადათ, ეშმაკმა ჩაითრია და დააიმედა ისინი. 

26. ეს იმიტომ, რომ უთხრეს იმათ, რომელთაც შეიძულეს იგი, რაც ზეგარდმოავლინა ალლაჰმა: „ჩვენ შეგეწევით ზოგიერთ საქმეშიო.“ ალლაჰი უწყის მათ საიდუმლოებას. 

27. და მაშინ , როს მიიბარებენ ანგელოზნი მათ სახეში და ზურგში ცემით? 

28. ეს იმიტომ, რომ გაჰყვნენ ისინი იმას, რამაც განარისხა ალლაჰი და უგულებელჰყვეს ნება მისი. ამგვარად, ამაო ჰქმნა საქმენი მათი. 

29. ნუთუ ჰგონიათ იმათ, რომელთაც სენი უზით გულებში, რომ ვერ გამოავლენს ალლაჰი მათ ფარულ შურთ? 

30. და რომ გვენება, უთუოდ, შენ გაჩვენებდით მათ. მაშინ, უსათუოდ, ამოიცნობდი მათივე სახეებიდან. და მათ უდაოდ იცნობ მათი სიტყვა-თქმით. და ალლაჰი უწყის თქვენს საქმეებს. 

31. და, უეჭველად, ჩვენ გცდით თქვენ, ვიდრე გამოვავლენდეთ მებრძოლთ და მომთმენთ თქვენგან, და გამოვააშკარავებთ თქვენს ამბებს.

32. უეჭველად, რომელთაც უარყვეს და ააცდინეს ალლაჰის გზას და განუდგნენ შუამავალს მას მერე, რაც ჭეშმარიტი გზა განეცხადათ, ნამდვილად, ეგენი ვერაფერს ავნებენ ალლაჰს. და იგი ამაოს ჰქმნის მათ საქმეს. 

33. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს და დაემორჩილეთ შუამავალს და არ ჰქმნათ ამაოდ საქმენი თქვენი. 

34. უეჭველად, რომელთაც უარყვეს და ააცდინეს ალლაჰის გზას და მოკვდნენ ისე, რომ ურწმუნოდ დარჩნენ, ალლაჰი მათ არასოდეს აპატიებს 

35. მაშ, არ დაკარგოთ სიმამაცე და ისე არ მოუხმოთ ზავისკენ, როცა თქვენ ხართ აღმატებულნი. ალლაჰი თქვენთანაა და არ დააკნინებს თქვენს საქმეებს. 

36. უეჭველად, ამქვეყნიური ცხოვრება ერთგვარი თამაში და ერთგვარი გართობაა. და თუ ირწმუნებთ და იქნებით ღვთისმოშიშნი, იგი გიბოძებთ თქვენს საზღაურს და არ მოგთხოვთ თქვენს ქონებას . 

37. და თუ მოგკითხავთ და ჩაგეძიებათ, თქვენ კი იძუნწებთ იგი გამოავლენს თქვენს ფარულ შურს. 

38. აი, თქვენ ასეთები ხართ, როცა მოგიწოდებენ გაიღოთ ალლაჰის გზაზე, ამის მიუხედავათ თქვენ შორის არიან ისეთნიც, ვინც ძუნწობს. ვინც ძუნწობს, ის მხოლოდ თავის თავს ავნებს ამით. ალლაჰი მდიდარია, თქვენ კი ღარიბნი. და თუ პირს იბრუნებთ, ჩაგანაცვლებთ იგი სხვა ხალხებით და არ იქნებიან ისინი თქვენი მსგავსნი.