38.სად

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 38 

„სად“ 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1. სად. ვფიცავ, შეგონებით აღსავსე ყურანს! 

2. არამც და არამც! რომელთაც უარყვეს ყოყოჩობასა და განხეთქილებაში იმყოფებიან. 

3. რამდენი თაობა გავანადგურეთ მაგათ უწინ! მაშინ მოთქვეს, მაგრამ გადარჩენის დრო დაგვიანებული იყო. 

4. გაოცდნენ, რომ მოევლინათ შემგონებელი მათივე წიაღიდან და თქვეს ურწმუნოებმა: „ეს ცრუ ჯადოქარია“. 

5. განა ღვთაებები, ერთ ღვთაებად დაადგინა? უეჭველად, ეს საოცრებაა. 

6. გამოვარდნენ დიდებულნი მათგან: „წადით და მოთმინებით ეთაყვანეთ თქვენს ღვთაებებს. უეჭველად, ეს სავალდებულოა. 

7. არ გვსმენია ამისთანა სხვა სჯულებში. სხვა არაფერია ეს, თუ არა მონაჩმახი. 

8. განა ზემოევლინა მას შეხსენება ჩვენს შორის ?“ არამც და არამც ! ისინი ეჭვში იმყოფებიან ჩემი შეხსენის თაობაზე. არამც და არამც! მათ ჯერ არ უგემიათ სასჯელი. 

9. ნუთუ მათთანაა შენი ღმერთის წყალობის საუნჯენი, ძლევამოსილისა, მბოძებელისა? 

10. ნუთუ მათთანაა მეუფება ცათა და ქვეყნის და რაცაა მათ შორის? მაშ, ეძიონ გზა და ამაღლდნენ! 

11. ისინი სხვადასხვა ჯგუფებისგან შექმნილი ლაშქარია, რომელიც სწორედ აქ იქნება დამარცხებული. 

12. ცრუდ შერაცხეს მათ უწინ ნუჰის ხალხმა, ადიელებმა და პირამიდების პატრონმა ფარაონმა. 

13. სემუდეველებმა, ხალხმა ლუტის და ეიქეს ბინადართ. სწორედ ესენი არიან ჯგუფები. 

14. თითოეულმა ცრუდ შერაცხეს შუამავალნი. სწორედ, რომ დამსახურებულად ეწიათ ჩემი სასჯელი. 

15. და არაფერს უცდიან ისინი, თუ არა ერთ საშინელ ხმას, რომელსაც არ უწერია გადავადება. 

16. და თქვეს: „ღმერთო ჩვენო! ჩქარა მოგვეცი ჩვენი წილი, ვიდრეღა დადგებოდეს ანგარიშსწორების დღე. 

17. მოითმინე რასაც ისინი ამბობენ და გაიხსენე ჩვენი მსახური დავუდი, ძალ-ღონიერი. უეჭველად, იგი კეთილისმქმნელი იყო. 

18. უეჭველად, ჩვენ დავუმორჩილეთ მას მთები და მასთან ერთად განადიდებდნენ ღმერთს საღამოს და დილით. 

19. და ჩიტები, ერთად შეკრებილნი, ყველა მას მორჩილებდნენ. 

20. და ჩვენ განვამტკიცეთ ფუფუნება თვისი და ვუბოძეთ მას სიბრძნე და მჭერმეტყველება. 

21. მოვიდა შენთან ამბავი მოდავეთა. აკი, მიცოცავდნენ სამლოცველოს გალავანზე? 

22. აკი, შევიდნენ დავუდთან, მაშინ შეკრთა მათგან. უთხრეს: „ნუ გეშინია, ჩვენ ორი მოდავე ვართ. უსამართლოდ მოვექეცით ერთმანეთს. დაე, განსაჯე ჩვენს შორის სამართლიანად. და არ გადახვიდე ზღვარს და სწორ გზას დაგვადგინე. 

23. უეჭველად, ეს ჩემი ძმაა, მას ჰყავს ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარი, მე კი მხოლოდ ერთი ცხვარი. მან მითხრა: „დამითმე იგი მე!“ და დამჩაგრა მეტყველებით“. 

24. უთხრა: ვფიცავ, უსამართლოდ მოგექცა, როცა მოიწადინა შენი ცხვრის დამატება მის ცხვრებზე. და უეჭველად, მრავალი მოზიარეთაგან, უსამართლოდ ექცევა ერთმანეთს, გარდა იმათი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. მაგრამ ასეთნი ცოტა არიან. დავუდი მიხვდა, რომ გამოცდა მოვუწყვეთ მას. ამრიგად შესთხოვა თავის ღმერთს, დაემხო სეჯდეზე და მოიქცა. 

25. მივუტევეთ მას ეს. უეჭველად, მისთვის ჩვენს წიაღ სიახლოვეა და საუკეთესო თავშესაფარი. 

26. ჰე, დავუდ! უეჭველად, დაგადგინეთ შენ ხალიფად დედამიწაზე. მაშ, ხალხთა შორის განსაჯე სამართლიანად და არ გაყვეთ გულისნადებს, რამეთუ გადაგაცდენს ალლაჰის გზიდან. უეჭველად, რომელნიც გადაცდნენ ალლაჰის გზიდან, მათთვისაა სასტიკი სასჯელი იმისათვის, რომ დაავიწყდათ ანგარიშგების დღე. 

27. და ჩვენ არ გაგვიჩენია ცა და მიწა და რაც მათ შორისაა ამაოდ. ეს ვარაუდია იმათი, რომელთაც უარყვეს. ვაი, ურწმუნოთა მდგომარეობას ცეცხლში!... 

28. ნუთუ, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, ჩვენ დავადგენთ დედამიწაზე არეულობის მთესავთა დარად?! ნუთუ დავადგენთ ღვთისმოშიშთ ურწმუნოების დარად? 

29. ეს უბიწო წიგნი მოვავლინეთ შენთან, რათა შეიგონონ მისი აიათები და რომ განსაჯონ ბრძენკაცთა, ჭკუასაკითხთა! 

30. და ჩვენ ვაჩუქეთ დავუდს სულეიმანი. რაოდენ მშვენიერი მსახური! უეჭველად, იგი კეთილისმქმნელი იყო. 

31. აკი, წარადგინეს მასთან საღამო ჟამს სინიბნი და ბედაურნი. 

32. მაშინ თქვა: უეჭველად, შემიყვარდა ქონება, ღვთის ხსენებაზე მეტად, ვიდრეღა ფარდით მიიფარა. 

33. დამიბრუნეთ იგი მე! შემდეგ მოეფერა ცხენებს მუხლებსა და ყელზე. 

34. და ვფიცავ, ჩვენ გამოვცადეთ სულეიმანი და დავაგდეთ თავის ტახტზე გვამი, მერე მოინანია. 

35. შეევედრა: ღმერთო ჩემო! მომიტევე მე და მიბოძე მეუფება ისეთი, რომელსაც ვერავინ მიაღწევს ჩემს შემდგომ. უეჭველად, შენ ხარ მომმადლებელი (მომნიჭებელი)! 

36. მაშინ დავუმორჩილეთ ქარი. დაქროდა მისი ბრძანებით ნაზად, საითკენაც ისურვებდა. 

37. და ეშმაკები – ყველა მშენებელი და მყვინთავი 

38. და სხვანი, გადაბმულნი ბორკილებით. 

39. ესაა ჩვენი გამოულევი სიკეთე. მაშ, უანგაროდ მიეცი ან შეაკავე, ინებებ ვისაც. 

40. უეჭველად, მისთვის ჩვენს წიაღ, სიახლოვეა და საუკეთესო თავშესაფარი. 

41. და გაიხსენე ჩვენი მსახური ეიუბი. აკი, მან შეევედრა თავის ღმერთს: „უეჭველად, ეშმაკმა შემყარა ავადმყოფობა და ტანჯვა.“ 

42. დაჰკარი ფეხი ძირს! ესაა წყალი განსაბანი, ცივი და დასალევი. 

43. ვუბოძეთ მას თავისი ოჯახი და ერთი იმდენიც მათთან ერთად მოწყალებად ჩვენგან და შეხსენებად ბრძენკაცთა, ჭკუასაკითხთათვის. 

44. აიღე ხელში ძნა, მერე დაარტყი იგი და არ დაარღვიო ფიცი. უეჭველად, ვპოვეთ იგი მომთმენად. რაოდენ მშვენიერი მსახური! უეჭველად, იგი კეთილისმქმნელი იყო. 

45. და გაიხსენე ჩვენი მსახური იბრაჰიმი, ისჰაყი და იაღყუბი ძლიერნი და გამჭრიახნი. 

46. უეჭველად, ჩვენ დავადგინეთ ისინი წრფელნი, განსაკუთრებით საიქიოს ხსოვნით. 

47. და უეჭველად, ჩვენს წინაშე ისინი იყვნენ გამორჩეულნი კეთილისმქმნელთაგან. 

48. და გაიხსენე ისმაილი, იესეღი, ზულ-ქიფლი, - ყველა კეთილისქმნელთაგანი იყო. 

49. ეს (ყურანი) შეგონებაა. და უეჭველად, ღვთისმოშიშთათვის საუკეთესო თავშესაფარია. 

50. ედემის ბაღები; გაიხსნება მათთვის ყველა კარიბჭე. 

51. წამოწოლილნი მასში, მოითხოვენ იქ უამრავ ხილს და სასმისს. 

52. და მათ გვერდით - მზერამიპყრობილი თანატოლები. 

53. ესაა, რაც აღთქმული გქონდათ ანგარიშსწორების დღისთვის. 

54. უეჭველად, ეს ჩვენი ბოძებული სარჩოა. არ არს მისი გამოლევა. 

55. ესაა , და უეჭველად, ზღვარგადასულთათვის ცუდი განსასვენებელია. 

56. ჯოჯოხეთი, სადაც შენთებული იქნებიან. რაოდენ საშინელი სარეცელია! 

57. ესაა , მაშ, იგემონ იგი, მდუღარე წყალი და ჩირქი, 

58. და ამის მსგავსი სხვადასხვა სახეობები. 

59. ეს ჯგუფი ჯოჯოხეთში იქნება გარეკილი. არ არს მათზე სალამი. უეჭველად, ისინი ცეცხლში შენთებული იქნებიან. 

60. თქვეს: არ არს სალამი თქვენზე! თქვენ შემოგვთავაზეთ იგი ჩვენ. რაოდენ საზარელი სამყოფელია! 

61. თქვეს: „ღმერთო ჩემო! ვინც შემოგვთავაზა ჩვენ ეს, გაუმწვავე მას სასჯელი ორმაგად ცეცხლში. 

62. და თქვეს: რატომ ვერ ვხედავთ ადამიანებს, რომელთაც ბოროტებად მივიჩნევდით, 

63. მასხრად ვიგდებდით მათ, თუ დაგვებინდა მზერა ჩვენი მათკენ. 

64. უეჭველად, ეს, ცეცხლის მკვიდრთა ურთიერთკამათი, ჭეშმარიტებაა. 

65. უთხარი: მე მხოლოდ შემგონებელი ვარ და არ არის ვინმე ღვთაება, გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, ძლევამოსილისა. 

66. იგი ღმერთია ცათა და ქვეყნის და რაც ამათ შორისაა, ძლევამოსილი, ყოვლისმიმტევებელი! 

67. უთხარი: იგი (ყურანი) დიდებული ცნობაა. 

68. თქვენ მისგან სახეს იქცევთ. 

69. მე არ მქონდა ცოდნა უზენაესი დასისა, როცა დაობდნენ. 

70. მე შთამეგონება მხოლოდ ის, რომ ვარ ცხადი შემგონებელი. 

71. აკი, უთხრა შენმა ღმერთმა ანგელოზებს: „უეჭველად, მე უნდა გავაჩინო ადამიანი ტალახისგან! 

72. და როცა მივცემ სახეს და შთავბერავ მას ჩემი სულიდან, მაშინვე სეჯდე აღასრულეთ მისთვის!“ 

73. ამგვარად, ერთიანად ყველა ანგელოზმა სეჯდე აღასრულა. 

74. გარდა იბლისისა , რომელმაც გადიდგულდა და იქმნა ურწმუნოთაგან. 

75. უთხრა : „ჰე, იბლის! რამ დაგაბრკოლა შენ, რომ სეჯდე არ აღასრულე იმისთვის, ვინც გავაჩინე ჩემი ხელით? გადიდგულდი თუ გაამაყდი? 

76. მიუგო: მე მასზე უკეთესი ვარ, მე ცეცხლისგან გამაჩინე, და ის კი ტალახისგან. 

77. უთხრა: „თუკი ასეა, ახლავე გადი აქედან ! უეჭველად, შენ ამიერიდან განდევნილი ხარ! 

78. და, უეჭველად, წყევლა ჩემი შენდამი ანგარიშსწორების დღემდეა“! 

79. უთხრა: „ღმერთო ჩემო, მაშ, დრო გადამიწიე აღდგენის დღემდე!“ 

80. უთხრა: „უეჭველად, დროგადაწეულთაგანი ხარ, 

81. იმ დღემდე, რომლის ვადაც დადგენილია!“ 

82. უთხრა: „ვფიცავ, შენს ძლევამოსილებას, უთუოდ ვაცდუნებ ერთიანად, 

83. გარდა შენს მსახურთა, რომელნიც გულწრფელნი არიან მათგან.“ 

84. ბრძანა : „სწორედ ესაა ჭეშმარიტება და მე ვიტყვი ჭეშმარიტებას: 

85. უთუოდ, ამოვავსებ ჯოჯოხეთს შენით და ვინც შენ მოგყვება მათგან, სულყველათი!“ 

86. უთხარი: „თქვენგან ამისთვის არ ვითხოვ არანაირ საფასურს და მე არა ვარ დამკისრებელი. 

87. ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის . 

88. და უთუოდ, გაიგებთ იმის ცნობას ცოტა ხნის შემდეგ.