34.სებე

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 34 

„სებე“ 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1. დიდება ღმერთს, რომელსაც ეკუთვნის ყოველივე, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და მასვე ეგების ქება-დიდება საიქიოშიც. და იგი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა! 

2. იგი უწყის, რაც შედის მიწაში და რაც გამოდის იქიდან, ისიც, რაც ზეციდან ჩამოდის და ისიც, რაც იქ ადის. და იგი მწყალობელია, შემნდობია! 

3. და თქვეს, რომელთაც უარყვეს: „არ მოაღწევს ჩვენთან ის საათი “. უთხარი: „არამც და არამც! ვფიცავ ჩემს ღმერთს, მცოდნეს დაფარულისას! უთუოდ, მოვა თქვენთან. ვერც ცათა შინა და ვერც მიწასა ზედა ვერ დაიმალება მისგან მისხალი რაიმესი ან ამაზე მცირეც, ან ამაზე დიდი, რომ არ იყოს ყოველივე ცხად წიგნში, 

4. რათა მიუზღას, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. სწორედ მათთვისაა მიტევება და მშვენიერი სარჩო“! 

5. ხოლო რომელნიც ლამობდნენ გაბათილებას ჩვენი სასწაულებისას, სწორედ მათთვისაა სასჯელი მტანჯველი, მწარე! 

6. და ხედავენ, რომელთაც ებოძათ ცოდნა, რომელიც შენ მოგევლინა შენი ღმერთისგან, ჭეშმარიტებაა, რამეთუ იგი ადგენს ძლევამოსილის, ყოვლადქებულის გზას! 

7. და თქვეს, რომელთაც უარყვეს: „მიგითითოთ კაცზე , რომელიც გამცნობთ, რომ აღდგენილ იქნებით ახალი აღდგენით მას მერე, რაც გაიხრწნებით? 

8. სიცრუე შეთხზა ალლაჰზე თუ გიჟია?“ არამც და არამც! რომელთაც არ სწამთ საიქიოსი, მოელით მტანჯველი სასჯელი და არიან ღრმა გზააბნევაში! 

9. ნუთუ ვერ ხედავენ, რაც მათ წინაა და რაც მათ უკან ცათა შინა და ქვეყანასა ზედა? რომ ვინებოთ, მიწა მათ შთანთქავს ან დავატეხთ მათდა ციდან ნატეხს. უეჭველად, ამაში სასწაულია ყოველი გულით მომქცევ მსახურისთვის! 

10. და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ დავუდს წყალობა ჩვენგან: მთებო და ჩიტებო! ადიდეთ მასთან ერთად! და დავარბილეთ მისთვის რკინა! 

11. გამოჭედე გრძელი ჯავშანი და დაიცავი ზომა ჯაჭვისა! და ჰქმენით სიკეთე, რამეთუ ვხედავ ყველაფერს, რასაც სჩადიხართ! 

12. და სულეიმანს ქარი, დილით წასვლა მისი ერთი თვე და საღამოს უკან მოსვლა ერთი თვე იყო. და მისთვის სპილენძი წყაროსავით ვადინეთ. და ჯინებს შორის იყვნენ ისეთნიც, ვინც მუშაობდა მის თვალწინ, ნებითა ღმერთისა თვისა. და ვინც ჩვენს ბრძანებას გადაუხვევს, ვაგემებთ მას ცეცხლის სასჯელს! 

13. აკეთებდნენ მისთვის, ნებავდა რაც: კოშკებს, ქანდაკებებს, სამლოცველოებს, წყალსატევის მსგავსს და უძრავ ქვაბებს. ჰეი, დავუდის ოჯახეულნო! იშრომეთ მადლიერების ნიშნად. მაგრამ ჩემს მსახურთა შორის ცოტაა მადლიერი! 

14. და როცა გადავუწყვიტეთ სიკვდილი , მათ გაიგეს ამის შესახებ ხის ჭიისაგან, რომელმაც გაღრღნა მისი კვერთხი. და როცა დაეცა იგი, ცხადი გახდა ჯინებისთვის, რომ სცოდნოდათ დაფარული, არ დარჩებოდნენ დამამცირებელ სატანჯველში. 

15. ვფიცავ, სებეს მკვიდრთათვის მათი საცხოვრებელი სასწაული იყო: ორი ბაღი - მარჯვნივ და მარცხნივ. ჭამეთ თქვენი ღმერთის სარჩოთაგან და მადლიერნი იყავით მისი. მშვენიერი ქვეყანა და შემნდობი ღმერთი! 

16. მაგრამ ზურგი იქციეს და დავატეხეთ თავზე წყალდიდობა და შევუცვალეთ მათი ბაღები ორი სხვა ბაღით: ნახევრად გადაჭმული, მწარე და ეკლიანით... 

17. ასე მივუზღეთ იმისთვის, რომ უმადურნი იყვნენ. განა ვსჯით ვინმეს, თუ არა უმადურთ? 

18. და დავადგინეთ მათსა და ქალაქებს შორის სოფელი თვალსაჩინოდ, რომელიც ჩვენ დავლოცეთ. და მასში გადაადგილების საშუალება მივანიჭეთ. იმოგზაურეთ ღამით და დღისით უსაფრთხოდ! 

19. მაგრამ თქვეს: „ღმერთო ჩვენო! გაზარდე მანძილი ჩვენს მოგზაურობებს შორის.“ უსამართლოდ მოიქცნენ საკუთარი თავისადმი. ამგვარად, ჩვენ დავადგინეთ ისინი იგავის საგნად და მიმოვფანტეთ. უეჭველად, ამაში სასწაულებია ყველასათვის, ვინც მომთმენი და მადლიერია! 

20. და ვფიცავ, მართებული აღმოჩნდა ეშმაკის ვარაუდი ამასთან დაკავშირებით და გაჰყვნენ მას, მორწმუნეთაგან ერთი ჯგუფის გამოკლებით! 

21. და არ ჰქონდა მას მათდამი მეუფება, გარდა რომ ცხად გვექმნა ვინ ირწმუნა ბოლო დღის და ვინ იყო ეჭვში მისგან. და ღმერთი შენი ყველაფრის წინაშე დამცველია! 

22. უთხარი: „უხმეთ იმათ, ვისაც ღმერთებად თვლიდით, ალლაჰის გარდა“. არ ფლობენ ისინი იოტისოდენასაც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა. და არ არის მათთვის ამ ორში მოზიარეობა, და მისთვის არ არის შემწე მათგან! 

23. არ არს სარგებელი შუამდგომლობისა მის წინაშე, გარდა ვისაც უფლება მიეცა. და როცა შიში დასტოვებს მათ გულებს, ეტყვიან : „რა ბრძანა თქვენმა ღმერთმა?“ ამბობენ: ჭეშმარიტება. და იგი უზენაესია, დიადია“! 

24. ჰკითხე: „ვინ გაძლევთ სარჩოს ზეციდან და მიწიდან“? უპასუხე: „ალლაჰი! და უეჭველად, ერთ-ერთი ჩვენგანი ან სწორ გზას ადგას, ან ცხად გზააბნევაშია“. 

25. უთხარი: „არ განიკითხებით ჩვენი ჩადენილი ცოდვების გამო და არც ჩვენ განვიკითხებით იმის გამო, რასაც სჩადიხართ!“ 

26. უთხარი: „ჩვენი ღმერთი შეგვკრებს ჩვენ ყველას და მერე განსჯის ჩვენს შორის სამართლიანად, რამეთუ იგი სამართლიანია, ყოვლისმცოდნეა“! 

27. უთხარი: „დამანახეთ ისინი, რომელთაც თანაზიარებად უხდით მას. არა, ასეთი რამ არ არსებობს! მხოლოდ ალლაჰია, ძლევამოსილი, ბრძენი“! 

28. და არ წარმოგვიგზავნიხარ შენ , თუ არა მთელი ხალხისთვის მახარობლად და შემგონებლად, მაგრამ ხალხის უმეტესი ნაწილი არ უწყის! 

29. და ამბობენ: „როდისაა ეს აღთქმა, თუ მართალთაგანი ხართ“? 

30. უთხარი: „თქვენთვისაა აღთქმული დღე, რომლისგან ვერ ჩამორჩებით უკან ერთი საათითაც და ვერც გაასწრებთ“! 

31. და თქვეს, რომელთაც უარყვეს: „არასდროს ვირწმუნებთ არც ამ ყურანს, არც იმას, რაც მის უწინ იყო“! ნეტავ განახა უსამართლონი, როცა ისინი იდგებიან მათი ღმერთის წინაშე, შეუბრუნდებიან ერთიმეორეს კითხვა-პასუხით. რომელნიც უძლურნი იყვნენ, ეტყვიან დიდებულებს: რომ არა თქვენ, უთუოდ, მორწმუნენი ვიქნებოდით“! 

32. და უთხრეს მათ, რომელნიც განდიდებულნი იყვნენ, სუსტებს: „განა ჩვენ შეგიშალეთ ხელი ჭეშმარიტიბის გზაზე მას მერე, რაც ის გებოძათ? არა, თავად იყავით ცოდვილნი!“ 

33. რომელნიც სუსტები იყვნენ, ეტყვიან დიდებულებს: „არა, თქვენი საქმე დღედაღამ მზაკვრობაა. აკი, გვიბრძანეთ, რომ არ გვერწმუნა ალლაჰი და დაგვედგინა მისთვის თანაზიარნი“! და როცა დაინახავენ სასჯელს, გულში ჩაირაზავენ მონანიებას. და დავადებთ კისრებზე ბორკილებს, რომელთაც უარყვეს. განა მიეზღვებათ, გარდა რასაც თავად სჩადიოდნენ? 

34. და არ წარგვიგზავნია დასახლებაში შემგონებელთაგან, რომ არ ეთქვათ იქ ფუფუნებაში განებივრებულებთ: „უეჭველად, ჩვენ უარმყოფელნი ვართ იმისა, რითიც წარმოიგზავნეთ!“ 

35. და ამბობდნენ: „ჩვენ მეტი ქონება და შვილები გვყავს და ტანჯვა არ მოგვადგება!“ 

36. უთხარი: უეჭველად, ჩემი ღმერთი უმრავლებს ან უზღუდავს საზრდოს იმას, ინებებს ვისაც, მაგრამ არ უწყიან ხალხის უმეტესობამ!“ 

37. ვერც თქვენი სიმდიდრე და ვერც თქვენი შვილები ვერ დაგაახლოვებენ ჩვენთან, თუ არ ვინც ირწმუნა და ჰქმნა სიკეთე. სწორედ მათთვისაა საზღაური ორმაგი, რასაც აკეთებდნენ. და ეგენი იქნებიან სამოთხეში უსაფრთხოდ! 

38. ხოლო ისინი, რომელნიც თავგამოდებით ცდილობენ ჩვენი აიათების გაბათილებას, სატანჯველში მოსროლილი აღმოჩნდებიან! 

39. უთხარი: უეჭველად, ჩემი ღმერთი უზრდის ან უზღუდავს სარჩოს თავის მსახურთაგან იმას, ინებებს ვისაც. და რასაც დახარჯავთ, იგი მის ადგილს შეავსობს. და იგია საუკეთესო სარჩოს მომმადლებელი!“ 

40. იმ დღეს იგი შეკრებს ყველას უკლებლივ და ეტყვის ანგელოზებს: „ესენი გცემდნენ თქვენ თაყვანს?“ 

41. თქვეს: „დიდება შენდა! ჩვენი მფარველი ისინი კი არა, შენ ხარ. არა ისინი ეთაყვანებოდნენ ჯინებს და უმრავლესობამ მათგან ისინი ირწმუნა!“ 

42. მაშ, დღეს არ ხელგეწიფებათ თქვენ ერთმანეთისთვის რაიმე სიკეთის ან ზიანის მოტანა. და ვეტყვით, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს: „იგემეთ ტანჯვა ცეცხლის, რომელსაც თქვენ ცრუდ რაცხავდით!“ 

43. და როცა მათ ეკითხებათ ჩვენი ცხადი აიათები, ამბობენ: „ ვინა ეს, თუ არა ერთი კაცი, რომელსაც სურს აგვაშოროს იმას, რასაც ჩვენი მამები ეთაყვანებოდნენ“. და თქვეს: „რაა ეს, თუ არა გამოგონილი სიცრუე“, ხოლო თქვეს, რომელთაც უარყვეს ჭეშმარიტება, როცა მოევლინა მათ: რაა ეს, თუ არა ერთი აშკარა ჯადოქრობა“. 

44. რამეთუ ჩვენ არ გვიბოძებია მათთვის წიგნთაგან წიგნი, რომელსაც შეისწავლიდნენ, და არ მოგვივლენია მათთან შენამდე შემგონებელი. 

45. და ცრუდ შერაცხეს, რომელნიც იყვნენ მათ უწინ. და არ ბოძებიათ მათ მეათედი იმისა, რაც ამათ ვუბოძეთ. ამის მიუხედავად, ცრუდ შერაცხეს ჩვენი შუამავალნი. მაშ, როგორი იყო ჩემგან მათი უარყოფა ?! 

46. უთხარი: „მე მხოლოდ მოგცემთ ერთ დარიგებას: „რომ ფეხზე წამოდგეთ ალლაჰისათვის ორ-ორად და კენტად, მერე კი დაფიქრდით. თქვენს მეგობარს არანაირი შეშლილობის ნიშანწყალი არ ეტყობა. ის მხოლოდ შემგონებელია თქვენთვის, სასტიკი სასჯელის წინაშე! 

47. უთხარი: „მე თქვენგან არ ვითხოვ გასამრჯელოს, თქვენი იყოს იგი, რამეთუ ჩემზე საზღაურის მოგება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. და იგია ყოვლის მოწმე!“ 

48. უთხარი: „უეჭველად, ჩემი ღმერთი ზეგარდმოავლენს ჭეშმარიტებას. იგია ყოველივე დაფარულის მცოდნე!“ 

49. უთხარი: „მოვიდა ჭეშმარიტება და სიცრუე ვეღარ აღმოცენდება და ვეღარ გაიმარჯვებს!“ 

50. უთხარი: „თუ მე ვცდები, მხოლოდ ჩემდა საზიანოდ ვცდები და თუ მე სწორ გზაზე ვდგავარ, მხოლოდ იმის წყალობით, რაც შთამაგონა ჩემმა ღმერთმა. უეჭველად, იგია ყოვლისმსმენი, ახლომყოფი! 

51. ნეტავ განახა, როცა ალიაქოთს ატეხავენ. უკვე აღარ იქნება გაქცევა და იქვე ხელთ ჩაუვარდებიან! 

52. და თქვეს: „ჩვენ ვიწამეთ იგი“, მაგრამ რას გახდებიან ასეთ შორეთში!... 

53. რამეთუ უარყვეს იგი მანამდე, ისინი შორეთიდან უხილავს ესვრიან. 

54. მათსა და თავიანთ საწადელს შორის საფარველია ჩამოფარებული, ისევე, როგორც მათ უწინ მყოფთა. უეჭველად, ისინი ბუნდოვან ეჭვში დაძრწოდნენ!