3.ალიიმრან

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 3 

"ალი იმრან" 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1 ელიფ, ლამ, მიმ. 

2 არ არის ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მარადცოცხალისა, მარადიულისა! 

3 (შუამავალო!) მან თანდათან ზემოავლინა შენზე ჭეშმარიტი წიგნი, დასტურად იმისა, რაც მის უწინარეს იყო; და მოავლინა თევრათი (თორა) და ინჯილიც (სახარება) 

4 ადრე გზის მაჩვენებლად ხალხისთვის, და მოავლინა ფურყანი . უეჭველად, რომელთაც უარყვეს ალლაჰის აიათები, მათთვისაა სასტიკი სასჯელი. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილი და საზღაურის მიმგებია. 

5 უეჭველად, ალლაჰისგან არაფერია დაფარული არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა. 

6 იგია ის, რომელიც თქვენ გსახავთ (დედის) მუცლებში როგორც ინებებს, არ არის ღვთაება, გარდა მისი, ძლევამოსილისა, ბრძენისა. 

7 იგია, რომელმაც ზემოავლინა შენზე წიგნი. იმაშია ცხადი აიათები, რომელნიც წიგნის დედააზრს ქმნიან, და სხვა აიათები ერთმანეთის მსგავსი . ხოლო რომელთაც სიმრუდე უზით გულებში, ისინი იმათ მიყვებიან, რაც მიმგვანებულია, ცდილობენ გამოიწვიონ არეულობა და განმარტონ აიათები, არავინ იცის მისი (მგვანი-მუთეშაბიჰი აიათების) ახსნა, გარდა ალლაჰისა. მტკიცე ცოდნის მქონენი ამბობენ: ჩვენ ვიწამეთ ის, ყველაფერი ჩვენი უფლისგანაა! შეგონებას მხოლოდ გონიერნი მისდევენ! 

8 (ისინი ასე შეევედრებიან) ღმერთო ჩვენო! არ დაუშვა, რომ ჩვენი გულები გადაიხარონ მას მერე, რაც შენ სწორ გზაზე დაგვაყენე. და მოგვანიჭე წყალობა შენი, უეჭველად, შენ ხარ მომმადლებელი (მომნიჭებელი). 

9 ღმერთო ჩვენო! უეჭველად, შენ კრებ ხალხს იმ დღისთვის (ანგარიშსწორების დღე), რომელშიც არ არსებობს ეჭვი. უეჭველად, ალლაჰი არ ცვლის თავის აღთქმას. 

10 უეჭველად, რომელთაც არ იწამეს, ვერ შეეწევა ვერაფერი ალლაჰის წინაშე, ვერც მათი ქონება, და ვერც მათი შვილები! ცეცხლის (ჯოჯოხეთის) საწვავად იქმნენ ეგენი. 

11 (მათი მდგომარეობა) მგვანია ფარაონის ხალხისა და იმათი, ვინც მათ უწინ იყო: ცრუდ ჩათვალეს ჩვენი აიათები და მერე დასაჯა ალლაჰმა მათი ჩადენილი ცოდვების გამო, და ალლაჰის სასჯელი ძალიან მწვავეა. 

12 (ო, შუამავალო!) უთხარი იმათ, რომელთაც არ იწამეს, დამარცხებული იქნებით, ხელმეორედ აღმოცენდებით და გაირეკებით ჯოჯოხეთში. და ის (ჯოჯოხეთი) რა საზარელი სავანეა! 

13 უეჭველად, (ბედირის ომში) ერთმანეთს შერკინებული ორი ლაშქარი ნათელი სასწაული იყო თქვენთვის. ერთი ლაშქარი ალლაჰის გზაზე იბრძოდა, მეორე კი ურწმუნო იყო. მათ (ურწმუნოთ) მოეჩვენათ ორჯერ მეტი, ვიდრე იყვნენ (მუსლიმნი). ხოლო ალლაჰი თავისი შეწევნით იმას გააძლიერებს, ინებებს ვისაც. უეჭველად, შეგონებაა ამაში გამჭრიახთათვის. 

14 კაცთათვის მიმზიდველი და თვალწარმტაცი გახდა ქალების, ბავშვების, ოქრო-ვერცხლის, დახვავებული საუნჯისა და ნიშანდებული ბედაურების, საქონლის, ნათესების სიყვარული. ოღონდ ეს (ყველაფერი) ამქვეყნიური დროებითი საბადებელია, ხოლო საუკეთესო თავშესაფარი (მარადიული სამყოფელი) ალლაჰთანაა! 

15 უთხარი შენ (ო, შუამავალო!): გამცნოთ, რაც ამაზე უკეთესია? მაშ ასე, ვინც ღვთისმოშიშია, მათთვის თავიანთ ღმერთთან წალკოტები (სამოთხის ბაღები), სადაც ძირს ნაკადულები მოედინება, და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან; იქ ელით უმწიკვლო მეუღლეები და (ამ ყველაფრის მიუხედავად) კმაყოფილება ალლაჰისა. უეჭველად, ალლაჰი ხედავს თავის მსახურთ. 

16 ისინი, რომელნიც ამბობენ: ღმერთო ჩვენო! უეჭველად, ჩვენ ვიწამეთ, მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი და დაგვიფარე ჯოჯოხეთის მტანჯველი ცეცხლისგან, 

17 ისინი მომთმენნი არიან, მართალნი, თავმდაბალნი, მოწყალების გამღებნი და გამთენიისას მიტევების მვედრებელნი. 

18 ამოწმებს ალლაჰი, რომ არ არსებობს ღვთაება, გარეშე მისი; და ანგელოზთა და მცოდნეთაც სამართლიანად დაამოწმეს; არ არის ღვთაება, გარეშე მისა, ძლევამოსილისა, ბრძენისა. 

19 უეჭველად, ალლაჰის წინაშე სარწმუნოება ისლამია და მხოლოდ მას მერე, რაც ცოდნა მიიღეს, ერთმანეთის შურით გაიყვნენ ისინი, რომელთაც წიგნი ებოძათ. და თუ ვინმე არ იწამებს ალლაჰის აიათებს, უეჭველად, ალლაჰი მსწრაფლგანმკითხველია! 

20 და თუ ამ ყველაფრის შემდეგ შეგედავონ, მაშინ უთხარი შენ: მე მთლიანად მივენდე ალლაჰს და ისინიც, ვინც მე გამომყვა. ხოლო უთხარი იმათ, ვისაც წიგნი ებოძა და უმეცართ (წარმართ): „განა მიენდეთ ალლაჰს“? და თუ მიენდნენ, სწორ გზას დასდგომიან ისინი. და თუ ზურგი აქციეს, შენი ვალია მხოლოდ ამცნო. უეჭველად, ალლაჰი ხედავს თავის მსახურთ. 

21 უეჭველად, რომელთაც არ სწამთ ალლაჰის აიათები, უსამართლოდ ხოცავენ შუამავალთ და სამართლიანობისკენ მომწოდებელთ, აუწყე მათ მწარე სასჯელი! 

22 ეგენი არიან, რომელთა საქმენიც ფუჭია ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც, და არ ეღირსებათ მათ არანაირი შემწეები. 

23 განა არ გინახავს ისეთები, რომელთაც ებოძათ წიგნის ნაწილი? ისინი მოუწოდებენ ალლაჰის წიგნისკენ, რათა განსაჯონ მათ შორის არსებული უთანხმოება; მერე ზურგს აქცევენ მათგან ზოგიერთნი, უარმყოფელნი. 

24 აი, ეს იმისთვის, რომ ისინი ამბობდნენ: „ცეცხლი თუ გვეწევა, მხოლოდ რამდენსამე დღეს“. და მათივე შენათხზმა შეაცდინა ეგენი საკუთარ რწმენაში. 

25 და მაშინ, როცა შევკრებთ იმ დღეს, რომელიც ეჭვს არ იწვევს, და ყოველ სულს სრულად მიეგება იმისთვის, რაც შეიძინა, და არ დაიჩაგრებიან ისინი(როცა მოვა ის, უეჭველი დღე), მაშ, როგორღა იქნება მათი მდგომარეობა? 

26 თქვი: ღმერთო ჩემო, ქონების ბატონ-პატრონო! უბოძებ ქონებას, ინებებ ვისაც, და ართმევ მას, ინებებ ვისაც, და აამაღლებ, ინებებ ვისაც, და დაამდაბლებ, ინებებ ვისაც; სიკეთე ხომ მხოლოდ შენს ხელთაა, უეჭველად, შენ ყოვლისშემძლე ხარ! 

27 შენ შეიყვან ღამეს დღეში და დღეს ღამეში, და ამოიყვან ცოცხალს მკვდრისაგან და მკვდარს ცოცხლისგან; და აძლევ სარჩოს უთვალავს, ინებებ ვისაც. 

28 არ აიყვანონ მეგობრებად მორწმუნეებმა ურწმუნონი მორწმუნეთა მაგივრად; და ვინც ამას იქმს, ალლაჰთან საერთო აღარაფერი ექნება. გამონაკლისია, თუ მათი მხრიდან რაიმე საფრთხეს გრძნობთ. და ალლაჰი გაფრთხილებთ თქვენ, და მხოლოდ ალლაჰთანაა დაბრუნება. 

29 უთხარი (შუამავალო): „გინდ დამალეთ თქვენი გულისნადები, გინდ განაცხადეთ, ალლაჰმა იცის ეს, რამეთუ უწყის, რაცაა ცათა შინაა და ქვეყანასა ზედა, და ალლაჰი ყოვლისშემძლეა. 

30 მოვა (ანგარიშსწორების) დღე, როცა ყველა სული, რაც სიკეთე ჩაუდენია და რაც სიავე ჩაუდენია, მზად ჰპოვებს , ინატრებს (ძალიან ბევრი ადამიანი) ამასა და მას შორის გრძელი მანძილი იყოს . ხოლო ალლაჰი გიბრძანებთ, მისადმი მოკრძალებას . სწორედ, რომ ალლაჰი მწყალობელია თავის მსახურთა მიმართ. 

31 უთხარი შენ (მუჰამმედ): თუ გიყვართ ღმერთი, გამომყევით მე,რათა ღმერთმა შეგიყვაროთ თქვენ და შეგინდოთ ცოდვები თქვენი, რადგან ღმერთი შემწყნარებელი და მწყალობელია! 

32 უთხარი შენ (მუჰამმედ): დაემორჩილეთ ალლაჰს და (მის) შუამავალს! ხოლო თუ ზურგს აქცევენ, უეჭველია, რომ ალლაჰს არ უყვარს ურწმუნონი. 

33 უეჭველად, ამოარჩია ალლაჰმა ადამი და ნუჰი , იბრაჰიმის მოდგმა და მოდგმა იმრანისა სამყაროთა შორის, 

34 ვითარცა შთამომავლობა ერთმანეთისა. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა! 

35 აკი, თქვა იმრანის ცოლმა: „უფალო ჩემო, „რაც ჩემს მუცელშია, უპირობოდ შენ აღგითქვი , ყველაფრისგან თავისუფალი, მიიღე ჩემგან . უეჭველად, შენ და მხოლოდ შენ ხარ ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნე. 

36 და როცა შეეძინა იგი, თქვა: „ღმერთო ჩემო! აი, მე შემეძინა იგი გოგო.“ ალლაჰმა უკეთ უწყის, რაც შვა მან, თუმცა ვაჟი არ არის მსგავსი ქალის , „და დავარქვი მას მარიამი, და შენ გაბარებ მას და მის შთამომავლობას, ფარავდე ეშმაკისგან, ქვებით ჩაქოლილისგან!“ 

37 მიიღო იგი უფალმა მისმა ჩინებულად და გაზარდა კეთილშობილ მცენარედ და მიუჩინა მზრუნველად ზაქარია. ყოველთვის, როცა ზაქარია შედიოდა მასთან მიჰრაბში , ხედავდა სარჩოს მის წინ. ჰკითხა: მარიამ, საიდან ეს შენ? მიუგო: „ალლაჰისგან არის ეს!“ უეჭველად, ალლაჰი აძლევს სარჩოს უთვალავს, ინებებს ვისაც. 

38 სწორედ იქ შეევედრა ზაქარია თავის უფალს: „უფალო ჩემო, მიბოძე მე შენდამი წყალობით კეთილი შთამომავლობა. უეჭველად, შენ ხარ შემსმენი ვედრებისა!“ 

39 და აი, აუწყეს მას ანგელოზებმა, როცა ლოცვად იდგა მიჰრაბში (სალოცავში): „ალლაჰი გახარებს შენ იაჰიას (შობას, დაბადებას), რომელიც განამტკიცებს ალლაჰის სიტყვას (ღისას) და იქნება დიდებული, გაწონასწორებული შუამავალი , კეთილშობილთა შორის.“ 

40 თქვა (ზაქარიამ): უფალო ჩემო! როგორ შემეძინება მე ვაჟი, როცა სიბერემ მეწია და ცოლი ჩემი უნაყოფოა? მიუგო (ალლაჰმა): დიახაც, რომ ასეა! ალლაჰი იქმს, ინებებს რასაც. 

41 თქვა (ზაქარიამ): „უფალო ჩემო! მომეცი მე რამე ნიშანი“. თქვა: „შენი ნიშანი ისაა, რომ სამ დღეს ვერ დაელაპარაკები ხალხს, თუ არა მინიშნებით. და ახსენე უფალი შენი გამუდმებით (მრავალჯერ), და განადიდე დილას და საღამო ჟამს!“ 

42 და როცა ანგელოზებმა უთხრეს: მარიამ! უეჭველად, ალლაჰმა შენ აგირჩია, უმწიკვლო გყო და გამოგარჩია სამყაროს ქალებს შორის. 

43 მარიამ! მოკრძალებით დადექი შენი უფლის წინაშე, სეჯდე აღასრულე და წელში მოიხარე იმათთან ერთად, ვინც წელს იხრის. 

44 (ო, მუჰამმედ)! ეს არის ერთი ამბავი დაფარულისა, რომელსაც გიცხადებთ შენ. შენ არ იყავი მათ შორის, როცა ისინი წილს იყრიდნენ, თუ ვის ხვდებოდა მზრუნველობა მარიამზე და არ ყოფილხარ მათთან, როცა დაობდნენ. 

45 დადგა დღე, როცა ანგელოზებმა უთხრეს: „მარიამ! სწორედ, რომ ალლაჰი გახარებს ძის დაბადებას მისი სიტყვიდან, რომლის სახელიცაა მესიჰი ღისა ძე მარიამისა, იქნება ღირსეული სააქაოსა და საიქიოში და ერთ-ერთი დაახლოებული (ალლაჰთან). 

46 ის (ღისა ძე მარიამისა), ადამიანებს დაელაპარაკება აკვანშიც და მოწიფულიც, და იქნება მართალთაგანი.“ 

47 უთხრა (მარიამმა): „უფალო ჩემო, როგორ მეყოლება მე ძე, როცა კაცი არ შემხებია მე?“ მიუგო (ალლაჰმა): სწორედ რომ ასე, ალლაჰი გააჩენს, ინებებს რასაც. როცა განიზრახავს რაიმეს გაჩენას, მხოლოდ ეტყვის მას: იქმენ! და უმალ იქმნება ისიც. 

48 და ასწავლის მას წიგნსა და სიბრძნეს და თევრათსა (თორას) და ინჯილს (სახარებას) 

49 და დაადგენს შუამავლად ისრაილის ძეთა წინაშე: „მე მოვედი თქვენთან სასწაულით თქვენი უფლისგან. მე გამოვძერწავ ტალახისგან ჩიტს, ჩავბერავ მას სულს, და ალლაჰის ნებით, ჩიტი გასულდგმულდება; მე განვკურნავ ბრმად დაბადებულს, კეთროვანს, გავაცოცხლებ მკვდარს, ნებითა ალლაჰისა. მე გეტყვით რასა ჭამთ თქვენ და რასაც ინახავთ სახლებში. უეჭველად, ამაშია სასწაული თქვენთვის, თუკი ხართ მორწმუნენი. 

50 და (მოვედი) დასტურად იმისა, რომელიც ჩემს უწინ იყო თევრათში (თორაში), და რომ ნებადართულ ვქმნა თქვენთვის ზოგი რამ, რაც აკრძალული გქონდათ (აქამდე). და მოვსულვარ თქვენთან სასწაულით თქვენი უფლისგან. მაშ, იყავით ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავი და გამომყევით მე! 

51 უეჭველად, ალლაჰი ჩემი ღმერთიცაა და თქვენი ღმერთიც. მაშ, თაყვანი ეცით მას. სწორედ, რომ ესაა გზა ჭეშმარიტი!“ 

52 და როცა ღისამ იგრძნო მათი ურწმუნოება, თქვა: „ვინ არის ჩემი შემწე ალლაჰის გზაზე?“ მიუგეს მოწაფეებმა : „ჩვენ ვართ შემწენი ალლაჰის სარწმუნოებისა. ჩვენ ვიწამეთ ალლაჰი, და დაამოწმე, რომ მორჩილნი ვართ ჩვენ“. 

53 „უფალო ჩვენო! ვიწამეთ ჩვენ, რაც ზემოავლინე, და გავყევით შუამავალს. მაშ, ჩაგვწერე ჩვენ ჭეშმარიტ მორწმუნეთა რიგებში!“ 

54 (იუდეველებმა) მოიგონეს ხრიკი (ღისას წინააღმდეგ) და ალლაჰმა ხრიკი მათი ჰქმნა ამაოდ. უეჭველად, ალლაჰი უმარჯვესია ხრიკის მომგონთადმი! 

55 მაშინ ალლაჰმა უთხრა: „ჰე, ღისა! მე მოგაკვდინებ შენ (და სხვა ვერავინ) და ჩემთან აგამაღლებ, გიხსნი ურწმუნოთაგან და გაგათავისუფლებ მათგან, ხოლო რომელნიც შენ მოგყვებოდნენ, აღმატებულს ვყოფ წარღვნამდე ურწმუნოთა წინაშე. მერე ჩემდა მოიქცეთ თქვენ, და მე განვსაჯო თქვენს შორის, რაზეც დავა გქონდათ. 

56 მაგრამ მათ, რომელთაც უარყვეს, უმკაცრესად დავსჯი სააქაოშიც და საიქიოშიც. და მათ არ ეყოლებათ შემწეები (ვინც ტანჯვისაგან იხსნის)! 

57 იმათ კი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, სრულად მიეზღვება მისგან (ალლაჰისგან), რამეთუ ალლაჰს არ უყვარს უსამართლონი! 

58 (ო, მუჰამმედ!) ესაა აიათები, რომელთაც გიკითხავთ შენ, და შეგონება ბრძნული. 

59 უეჭველად, ალლაჰის წინაშე ღისას გაჩენის ფორმა ადამის გაჩენის ფორმის მსგავსია: მან იგი მიწისგან შექმნა. შემდეგ უთხრა: იქმენ! და იქმნა ისიც. 

60 სწორედ, რომ შენი ღმერთისგან (მოედინება) ჭეშმარიტება, და არ იყო იმათგან, ვინც ორჭოფობს. 

61 ხოლო ვინც მის გამო შეგედავოს იმის მერე, რაც ცოდნა მოგევლინა შენ, უთხარი: „მოდით, ვუხმოთ ჩვენს შვილებს და თქვენს შვილებს, და ჩვენს ქალებსა და თქვენს ქალებს, და ჩვენცა და თქვენც (ყველამ ერთად შევიყაროთ თავი), მერე გულით შევთხოვოთ (ღმერთს) და ვაწიოთ წყევლა ალლაჰისა, მტყუვანს!“ 

62 სწორედ, რომ ესაა ნამდვილი ამბავი (ღისას თაობაზე). არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია. 

63 ხოლო თუ სახეს იბრუნებენ ისინი (ამ ყველაფრის შემდეგ), უეჭველად, ალლაჰმა უწყის, ვინ არის ამრევი! 

64 უთხარი (ო,მუჰამმედ!): ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! მოდით ერთ სიტყვაზე, საერთოზე თქვენთვის და ჩვენთვის, რომ არ ვცეთ თაყვანი არავის, გარდა ალლაჰისა, და არ გავუჩინოთ მას თანაზიარი, და არ დავიდგინოთ რომელიმე ჩვენგანმა ღმერთებად, მაგიერ ალლაჰისა. და თუ სახეს იბრუნებენ, უთხარი მათ: „დაამოწმეთ (მოწმე იყავით), რომ ჩვენ მუსლიმნი ვართ. 

65 ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! რატომ კამათობთ იბრაჰიმის გამო? თევრათი (თორა) და ინჯილი (სახარება) ხომ მხოლოდ მის (იბრაჰიმის) შემდგომ იყო გარდმოვლენილი. განა არ უნდა მოუხმოთ გონებას? 

66 აი, თქვენ ესა ხართ, იმაზე დაობდით, რაც (მეტ-ნაკლებად) იცოდით ; რატომღა კამათობთ იმაზე, რაც არ იცით ? უეჭველად, უწყის ალლაჰმა, და არ უწყით თქვენ! 

67 იბრაჰიმი არ ყოფილა არც იუდეველი და არც ქრისტიანი, არამედ იყო ჰანიფი მუსლიმი და არ იყო იგი წარმართთა შორის.. 

68 უეჭველად, ყველაზე ახლო იბრაჰიმთან ის ადამიანები არიან, რომელთაც მიჰყვნენ ამ შუამავალს და რომელთაც ირწმუნეს (მისი). ხოლო ალლაჰი მფარველი და მეგობარია მორწმუნეთა. 

69 ეწადა ერთ ჯგუფს, ღვთიური წიგნის ხალხს , გადაეცდინეთ თქვენ (ჭეშმარიტი) გზიდან. მაგრამ ისინი გზიდან ააცდენენ მხოლოდ თავის-თავს და სხვა ვერავის, და ვერც კი გრძნობენ. 

70 ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! რატომ უარყოფთ ალლაჰის აიათებს , როცა მოწმენი ხართ თქვენ! 

71 ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! რატომ მოსავთ ჭეშმარიტებას სიცრუის სამოსით და რატომ მალავთ სიმართლეს, როცა თქვენ უწყით! 

72 და თქვა ღვთიური წიგნის ხალხის ერთმა ჯგუფმა: „ის, რაც გარდმოევლინა მორწმუნეებს, ირწმუნეთ დღის დასაწყისში და უარყავით დღის ბოლოს (საღამო ჟამს), ეგების უკან დაუბრუნდნენ (ჩვენს სარწმუნოებას); 

73 და არ მიენდოთ არავის, გარდა მათი, ვინც გაჰყვა ჩვენს სარწმუნოებას. უთხარი (ო, შუამავალო): „უეჭველად, სწორი გზა ალლაჰის გზაა!“ რომ ებოძოს ვინმეს ისეთივე, რაც თქვენ გებოძა, ნუთუ შეგეცილებიან ისინი თქვენ ამაში თქვენი ღმერთის წინაშე? უთხარი: უეჭველად, მადლი ალლაჰის ხელთაა და უბოძებს, ინებებს ვისაც! უეჭველად, ალლაჰის წყალობა ყოვლისმომცველია, და ის ყოვლისმცოდნეა! 

74 ანიჭებს თავის წყალობას, ინებებს ვისაც, და ალლაჰი უდიდესი სიკეთის მფლობელია. 

75 ღვთიური წიგნის მიმდევართა შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ყინტარს თუ ანდობ, უკლებლივ დაგიბრუნებენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც დინარს თუ ანდობ, იმასაც არ დაგიბრუნებს, თავზე თუ არ დაადექი. ეს იმიტომ, რომ თვლიან, უმეცრებთან საერთო არაფერი გვაქვსო. ხოლო ალლაჰზე სიცრუეს ამბობენ, და მათ იციან ეს! 

76 დიახ! ვინც აღთქმა აღასრულა და ღვთისმოშიში გახდა, უეჭველად, ალლაჰს უყვარს ღვთისმოშიშნი! 

77 უეჭველად, ვინც ყიდის ალლაჰთან დადებულ აღთქმას და დადებულ ფიცს (არღვევს) მცირე ფასად, წილი არ ექნებათ მაგათ საიქიოში, არ დაელაპარაკება მათ ალლაჰი და არ შეხედავს მათ განკითხვის დღეს, და არ განწმენდს (ცოდვებისგან). მათთვისაა (გამზადებული) მტანჯველი სასჯელი! 

78 უეჭველად, მათ შორის არიან ისეთნიც (ერთი ჯგუფი ხალხის), ვინც თავისი ენით ამახინჯებს წიგნს, რათა გეგონოთ თქვენ ეს ღვთიური წიგნისგან (პასაჟები), თუმცაღა ის ღვთიური წიგნის (პასაჟები) არ არის. და მაინც ამბობენ: ეს ალლაჰისგან არისო! არადა არ არის ეს ალლაჰისგან; და ამბობენ ისინი ალლაჰის წინაშე სიცრუეს, და მათ იციან ეს. 

79 არ ყოფილა, რომ ადამიანისთვის ალლაჰს წიგნი, სიბრძნე და შუამავლობა ებოძოს და მერე ეთქვას იმას ხალხისთვის: „იყავით ჩემი თაყვანისმცემელნი ალლაჰის მაგივრად“, არამედ - „იყავით ღვთისმსახურნი იმით, რასაც სწავლობთ და რასაც კითხულობთ (ღვთიური) წიგნიდან!“ 

80 და არც ის, რომ ებრძანოს თქვენთვის: ანგელოზი და შუამავალნი გაიხადოთ ღმერთებად. განა გიბრძანებთ ურწმუნოებას იმის მერე, რაც მუსლიმნი გახდით თქვენ?! 

81 და აკი, აღთქმა აიღო ალლაჰმა შუამავალთაგან: „აჰა, გიბოძებთ თქვენ წიგნსა და სიბრძნეს.“ მერე მოვა თქვენთან შუამავალი, დასტურად იმისა, რაც არის თქვენთან. უეჭველად, უნდა გჯეროდეთ მისი და შემწენი იყვნეთ მისი! უთხრა (ალლაჰმა): „ხართ თანახმა და ღებულობთ ამაზე ჩემს პირობას?“ მიუგეს: თანახმა ვართ! უთხრა: „დაამოწმეთ და მეც თქვენთან ერთად მოწმეთაგან ვიქნები.“ 

82 და ვინც პირი იბრუნოს ამის შემდეგ, სწორედ, რომ ისინი არიან გზასაცდენილნი. 

83 და ნუთუ, ალლაჰის რწმენის გარდა, სხვა რწმენას ეძებენ ეგენი მაშინ, როდესაც, ნებით თუ უნებლიეთ, ყველა მას ჰმორჩილებს, ვინცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა?! და ბოლოს მისთან იქნებიან დაბრუნებულნი. 

84 თქვი, რომ: „ვიწამეთ ჩვენ ალლაჰი და ის, რაც ზემოგვევლინა ჩვენ, და რაც ზემოევლინა იბრაჰიმს, ისმაილს, ისჰაყს, იაღყუბს და შტოებს ; და რაც ებოძა მუსას, ღისას და შუამავლებს მათი ღმერთისგან. და არ განვასხვავებთ რომელსამეს მათ შორის, და ჩვენ მორჩილნი (მუსლიმნი) ვართ მისი (ალლაჰისა). 

85 და ვინც ეძიებს სხვა სარწმუნოებას, გარდა ისლამისა, მისგან არ მიიღება (ღმერთის წინაშე) იგი (სარწმუნოება), და ის იქნება საიქიოში წაგებულთა შორის. 

86 როგორ დაადგენს ალლაჰი სწორ გზაზე (იმ) ხალხს, ვინც სარწმუნოება უარყო მას მერე, რაც ირწმუნეს და დაამოწმეს, და მოევლინათ მათ ცხადი მტკიცებულებანი, რომ შუამავალი ჭეშმარიტია. უეჭველად, ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე უსამართლო ხალხს! 

87 უეჭველად, ალლაჰის, ანგელოზების და სრულიად ყველა ადამიანის წყევლა მათდასამაგიეროდაა, აი ისინი, აი მაგათი საზღაური. 

88 ტანჯვა არ შეუმსუბუქდება მაგათ და არც არავინ შეხედავს ,(ისინი ) იქ მარად დარჩებიან, 

89 გარდა მათი, რომელთაც ამის შემდგომ მოინანიეს და გამოსწორდნენ. სწორედ, რომ ალლაჰი (ცოდვების) შემნდობი და შემწყალებელია. 

90 უეჭველად, რომელთაც უარყვეს რწმენა მას მერე, რაც ირწმუნეს, მერე კი უმატეს ურწმუნოებას, არ მიიღება მათი მონანიება, და, სწორედ ისინი არიან გზასამცდარნი. 

91 უეჭველად, რომელთაც უარყვეს და აღესრულნენ ურწმუნოდ ოქროთი სავსე დედამიწაც რომ ებადონ და გაიღონ თავის გადასარჩენად, მაინც არ მიიღება არც ერთ იმათთაგან. აი ისინი, მათთვისაა მწარე სატანჯველი, და მათ არ ეყოლებათ შემწენი. 

92 ვერასდროს მიაღწევთ ღვთისნიერებას, თუ არ გაიღებთ იმას, რაც გიყვართ. და რაც უნდა გაიღოთ, უეჭველად, ალლაჰმა უწყის იგი! 

93 ყოველგვარი საჭმელი ნებადართული იყო ისრაილის შვილთათვის, გარდა იმისა, რაც იაღყუბმა თავად აუკრძალა საკუთარ თავს იქამდე, სანამ თევრათი მოევლინებოდა. (ო, მუჰამმედ) უთხარი მათ: მოიტანეთ თევრათი და წაიკითხეთ ის, თუკი ხართ მართალნი! 

94 ხოლო ვინც ამ ყველაფრის შემდეგ სიცრუე შეთხზა ალლაჰზე, სწორედ, რომ ეგენი არიან უსამართლონი. 

95 უთხარი (ო, შუამავალო): ალლაჰმა ჭეშმარიტება განაცხადა. მაშ, მიჰყევით იბრაჰიმის რჯულს, ვითარცა ჰანიფის , რამეთუ ის არ იყო წარმართი! 

96 უეჭველად, სამყაროსადმი ბარაქად და ჭეშმარიტ გზაზე დასადგინებლად უპირველესი სახლი (სამლოცველო) სწორედ, რომ ბექაში (მექაში), იქნა აღმართული ხალხთათვის. 

97 იქაა ცხადი სასწაულები , სადგომი იბრაჰიმის. და იქ ვინც შევა, დაცულია . ალლაჰი ავალდებულებს ადამიანს, ვისაც ძალა შესწევს, გაემგზავროს და მოინახულოს ეს სახლი. და ვინც უარყო , უეჭველად, ალლაჰი მდიდარია სამყაროებსა ზედა. 

98 უთხარი: ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! რატომ უარყოფთ ალლაჰის აიათებს? ალლაჰი ხომ მოწმეა იმისა, რასაც სჩადიხართ! 

99 უთხარი: ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! თქვენ ხართ მოწმენი (ჭეშმარიტებისა), და რატომღა ილტვით არასწორისკენ წაიყვანოთ ისინი, ვისაც სწამთ და აღუკვეთოთ მათ გზა ალლაჰისა. უეჭველად, ალლაჰი უგულისყურო არ არის იმის მიმართ, რასაც აკეთებთ! 

100 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი დაემორჩილებით იმათგან რომელიმე ჯგუფს, ვისაც ღვთიური წიგნი ებოძა, მიგაქცევენ ისინი კვლავ ურჯულოებად მას მერე, რაც იწამეთ. 

101 და როგორღა უარყოფთ (სარწმუნოებას), როცა თქვენ გეკითხებათ ალლაჰის აიათები და თქვენ შორისაა შუამავალი მისი? და ვინც ალლაჰს (გულით) შეიყვარებს , უეჭველად, სწორ გზას ადგას იგი. 

102 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით, და ისე არ მოკვდეთ, რომ არ იყოთ მუსლიმები! 

103 მტკიცედ ჩაეჭიდეთ ყველანი ალლაჰის (რწმენის) თოკს, და არ დაიყოთ. გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთე (წყალობა) თქვენდამი: და როცა იყავით მტრებად, შეგიერთათ გულები თქვენი და მისი სიკეთით (მადლით) ძმებად იქმენით თქვენ. და თქვენ როცა იყავით ცეცხლის უფსკრულის პირას, გიხსნა თქვენ მისგან. ამგვარად განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, ეგების ჭეშმარიტ გზას დაადგეთ თქვენ! 

104 (ო, მორწმუნენო!) და იყოს ხალხი თქვენგან სიკეთისკენ მომწოდებელი, მბრძანები მოსაწონისა და უკეთურების აღმკვეთი, და სწორედ, ეგენი არიან ნეტარნი. 

105 და არ იყოთ იმათი მსგავსნი, რომელნიც დაიყვნენ და დაობდნენ მას შემდეგ, რაც ცხადი მტკიცებანი მოევლინათ. და სწორედ მათთვისაა (გამზადებული) მძვინვარე სასჯელი. 


106 იმ დღეს, ზოგიერთი სახეები გაბრწყინდება და ზოგიერთი გაშავდება; მათ, რომელთაც სახე გაუშავდებათ, ეტყვიან: ნუთუ დაჯერების შემდეგ უარყეთ? მაშ, იგემეთ სასჯელი, შედეგად თქვენი ურწმუნოებისა! 

107 ხოლო რომელთაც სახეებიც გაბრწყინდება, ალლაჰის წყალობაში იქნებიან ისინი, და თანაც სამუდამოდ დამკვიდრებულნი მასში. 

108 აი, ესაა ალლაჰის აიათები, რომელთაც ჭეშმარიტებით გიკითხავთ შენ, და არ არის ნება ალლაჰისა უსამართლობა სამყაროთათვის. 

109 ალლაჰს ეკუთვნის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, და ყოველი საქმე (ადრე თუ გვიან) ალლაჰთან იქნება მიქცეული. 

110 თქვენა ხართ ყველაზე საუკეთესო თემი, ვინც კი მოვლენილა ხალხთა შორის, ბრძანებთ სასურველს და კრძალავთ საძულველს, რადგანაც გწამთ ალლაჰის. ხოლო რომ ერწმუნათ ღვთიური წიგნის ხალხს, მათთვისვე იქნებოდა უკეთესი. მათ შორის არიან მორწმუნენი, მაგრამ გზასამცდარნიც არიან დიდი ნაწილი მათგან. 

111 ისინი ვერას დაგაკლებენ თქვენ, გარდა შეურაცხყოფისა, და თუ შეგებრძოლებიან, ზურგს გაქცევენ (უკუიქცევიან). და მერე აღარ ექნებათ შეწევნა მათ. 

112 სადაც არ უნდა იყვნენ, თავს დაატყდებათ მათ დამცირება, თუკი არ იქნებიან ალლაჰის თოკისა და ადამიანების მიერ გამოწვდილ თოკის მიმყოლნი. და მოიწევენ ალლაჰის რისხვას და დაატყდებათ თავს სიღატაკე. ეს იმისთვის, რომ უარყოფდნენ ალლაჰის აიათებს და უსამართლოდ კლავდნენ შუამავალთ. ეს იმისთვის, რომ ურჩობდნენ და იყვნენ ზღვარგადასულნი. 

113 დიახაც, რომ ისინი ყველა ერთნაირი არ არიან, ღვთიური წიგნის ხალხში მტკიცე თემიცაა, ღამის საათებში ალლაჰის აიათებს კითხულობენ და სეჯდეს აღავლენენ. 

114 მათ სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, უბრძანებენ მოსაწონს და უკრძალავენ უკეთურს. სიკეთის კეთებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. სწორედ ეგენი არიან საუკეთესოთაგანი. 

115 და ვინც რამ სიკეთე ჰქმნას, არასდროს დაიფარება. უეჭველად, ალლაჰმა იცის, ვინ არიან ღვთისმოშიშნი! 

116 უეჭველად, რომელთაც უარყვეს (ურწმუნო გახდნენ), იმათ ალლაჰის წინაშე ვერ დაიფარავს ვერცა ქონება მათი და ვერცა შვილები მათი; ეგენი არიან ცეცხლის (ჯოჯოხეთის) მკვიდრნი, იქ დარჩებიან სამუდამოდ. 

117 რასაც ისინი (ურწმუნონი) გასცემენ (სხვის დასანახად) ამქვეყნიურ ცხოვრებაში, სუსხიან ქარს წააგავს, რომელმაც გაანადგურა ნათესები ხალხისა, რომელთაც საკუთარ თავს უსამართლოდ მოექცნენ. მათთვის არ უვნია ალლაჰს, რამეთუ თვითონვე ავნეს საკუთარ თავს. 

118 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მესაიდუმლედ ნურავის გაიხდით, გარდა თქვენიანისა. არ მოიშლიან ისინი თქვენს ვნებას. მათ სურთ უბედურება დაგატყდეთ თავს. უკვე ინთხევა ბოღმა მათი ბაგეებიდან, მაგრამ რასაც მალავენ მათი გულები, უფრო უარესია. ჩვენ განგიმარტეთ აიათები, თუკი გააცნობიერებთ თქვენ! 

119 აი, თქვენ გიყვართ ისინი, მაგრამ არ უყვარხართ მათ. თქვენ გწამთ მთელი ღვთიური წიგნი და როცა შეგხვდებიან ისინი, ამბობენ: ვიწამეთ ჩვენ! მაგრამ მარტო რომ დარჩებიან, სიბრაზით (ზიზღით) თითებს იკვნეტენ. უთხარი: გადაყევით ბრაზს თქვენსას! უეჭველად, ალლაჰი უწყის გულისნადებს! 

120 თუკი სიკეთე გეწიათ, სწყინთ მაგათ და თუ ცუდი რამ შეგემთხვათ, ხარობენ ამით. მაგრამ თუ მომთმენნი და ღვთისმოშიშნი იქნებით, მათი ხრიკები ვერას დაგაკლებთ. ალლაჰი, უეჭველად, გარემოიცავს, რასაც სჩადიან ისინი! 

121 აკი, დატოვე ოჯახი დილაუთენია და ბრძოლისთვის რიგებში აყენებ მორწმუნეებს. ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა! 

122 აკი, თქვენგან ორი ლაშქარი გაემართა. თუმცა ალლაჰი იყო მათი შემწე, მაინც დააპირა უკან დაეხია. დაე, ალლაჰს სასოებდნენ მორწმუნენი! 

123 უკვე შეგეწიათ ალლაჰი ბედირთან, როცა სუსტნი იყავით თქვენ. მაშ, სათნოებდეთ ალლაჰს, ეგებ მადლიერნი იყოთ! 

124 მაშინ შენ (ო, შუამავალო)! მორწმუნეებს შემდეგნაირად ეუბნებოდი: „ნუთუ არ კმარა თქვენთვის შეწევნა ალლაჰისა ზეციდან მოვლინებული სამი ათასი ანგელოზით?!“ 

125 დიახ! თუ მომთმენი და ღვთისმოშიშნი იქნებით, და თუ მოულოდნელად თავს დაგესხმიან ისინი(მტრები), შეგეწევათ უფალი თქვენი ხუთი ათასი ანგელოზით ნიშანდასმულით. 

126 და მხოლოდ იმიტომ გახარათ ალლაჰმა თქვენ (ეს შეწევნა), გულები რომ დაგემშვიდებინათ (გეჯერებინათ).და არ არს შეწევნა, გარეშე ალლაჰისა, ძლევამოსილისა, ბრძენისა. 

127 (და ეს შეწევნა მოევლინა) რათა გაანადგუროს (მოკვეთოს) ნაწილი იმათი, ვინც არ ირწმუნეს ან გააცამტვეროს და უკან გააბრუნოს იმედგაცრუებულნი. 

128 შენ ამ საქმესთან ხელი არ მიგიწვდება, (ალლაჰი) ან შეიწყალებს მათ ან დასჯის. უეჭველად, უსამართლონი არიან ისინი. 

129 ალლაჰისაა რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. აპატიებს, ინებებს ვისაც, და დასჯის, ინებებს ვისაც. ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია! 

130 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ აიღებთ პროცენტს, (მითუმეტეს) ორმაგი სარგებლით, მაშ, სათნოებდეთ ალლაჰს, ეგებ გადარჩენილნი იქმნეთ თქვენ! 

131 გეშინოდეთ ცეცხლისა, რომელიც ურწმუნოთათვის იქნა გამზადებული! 

132 და მორჩილ იყავით ალლაჰისა და შუამავალის, ეგებ შეწყალებული იქმნეთ თქვენ! 

133 ესწრაფეთ მიტევებისკენ თქვენი ღმერთისგან და სამოთხეს, რომლის სივრცე ცანი და დედამიწაა, რომელიც გამზადებულია ღვთისმოშიშთათვის, 

134 რომლებიც გასცემენ ჭირშიც და ლხინშიც, იოკებენ მრისხანებას, პატიობენ ხალხს. და ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი! 

135 ხოლო ისინი, რომელთაც ჩაიდინეს სიავე ან ავნეს საკუთარ თავს, გაიხსენონ ალლაჰი და მაშინვე შესთხოვონ პატიება (ჩადენილი) ცოდვებისათვის, და ვისღა ძალუძს მიუტევოს ცოდვები, თუ არა ალლაჰისა. და თუ შეგნებულად არ დაიჟინებენ იმას, რასაც ჩადიოდნენ, 

136 აი, მათთვისაა საზღაური - მიტევება მათი უფლისგან და სამოთხეები, სადაც ძირს მდინარეები მოედინება, იქ დარჩებიან სამუდამოდ. და რა მშვენიერი საზღაურია (ჯილდოა) კეთილისმქმნელთათვის! 

137 უკვე თქვენამდე (უამრავმა ხალხმა) განვლო (ალლაჰის მიერ) მოვლენილი რელიგიები (ალლაჰის კანონები), აბა, მოიარეთ (მთელი) ქვეყანა და იხილეთ, როგორი იყო მატყუარების აღსასრული. 

138 აი, ესაა გაკვეთილი (განმარტება) კაცობრიობისთვის (ადამიანებისათვის) და გზა ჭეშმარიტი, და შეგონება ღვთისმოშიშთათვის. 

139 სიმამაცე არ დაკარგოთ და არ დამწუხრდეთ, ხოლო თუ ხართ მორწმუნენი, უეჭველად, აღმატებულნი იქნებით! 

140 თუ თქვენ რაიმე დანაკარგმა შეგეხოთ (უჰუდის ომში), იმის მსგავსი დანაკარგი სხვა ხალხმაც მიიღო (ბედირის ომში). და ჩვენ (წარმატება– წარუმატებლობის) დღეებს ვცვლით ხალხთა შორის , რათა გამოსცადოს (ისინი) ალლაჰმა, ვინც იწამა, და მიიღოს შეჰიდები თქვენგან. ალლაჰს არ უყვარს უსამართლონი. 

141 რათა ხალასი ჰქმნას ალლაჰმა, ვინც ირწმუნა და (ნელ-ნელა) ამოჟლიტოს ურწმუნონი. 

142 ნუთუ ისე თვლით, მანამ შეაღწევთ სამოთხეში, სანამ ალლაჰი არ ამოარჩევს თქვენს შორის ვინ იბრძოდა ღვთის გზაზე და ვინ მომთმენი იყო? 

143 უეჭველად, თქვენ გქონდათ სურვილი სიკვდილისა , სანამ გადაეყრებოდით მას. მაშასადამე, თქვენ დაინახეთ იგი (სიკვდილი) და ჯერ ისევ ყოყმანობთ. 

144 მუჰამმედი მხოლოდ შუამავალია, მის მოსვლამდეც განვლეს (უამრავმა) შუამავალთა. თუ ის მოკვდება ან მოკლავენ, ნუთუ უკან გამოქუსლავთ? და ვინც უკან მოიქცევა, ამით ვერაფერს დააკლებს ალლაჰს. და მიუზღავს ალლაჰი მადლიერთ! 

145 თუ არა ალლაჰის ნება, არ ექნება არავის სიკვდილი. ის განსაზღვრული დროით დაწერილი წიგნია და ვინც ისურვოს ამქვეყნიური და იმქვეყნიური ჯილდო, მივანიჭებთ მას, და ღმერთისადმი მადლიერთ სამაგიეროს გადავუხდით ჩვენ. 

146 უამრავი შუამავალი იყო, რომელთა გვერდით იბრძოდა მრავალი ღვთისმოსავი, და არ დაშინებულან ისინი იმის გამო, რაც შეემთხვათ ალლაჰის გზაზე, ძალა არ დაუკარგავთ და არ დანებებულან, და უყვარს ალლაჰს მომთმენნი, 

147 და მხოლოდ ამას ამბობდნენ: „ღმერთო ჩვენო! შეგვინდე ცოდვები ჩვენი, და გადაჭარბებანი (ჩვენნი) ჩვენს საქმეში, და განამტკიცე მუხლი ჩვენნი (ჭეშმარიტ გზაზე) და ძლევა მოგვეც (გაგვამარჯვებინე, შეგვეწიე) ჩვენ ურწმუნო ხალხის წინაშე!“ 

148 და მიანიჭა ალლაჰმა საზღაური საუკეთესო ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. და ალლაჰს უყვარს სიკეთისმქმნელნი. 

149 ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ თქვენ მიჰყვებით ვინც არ იწამა, მოგაქცევენ ისინი თავისკენ (წარსულში მიგაბრუნებენ), მაშინ სრულიად წაგებული დარჩებით. 

150 მაგრამ ღმერთია თქვენი მეოხი და საუკეთესო შემწე 

151 ჩვენ შიშს ჩავთესთ ურწმუნოთა გულებში იმისათვის, რომ თანაზიარად გაუხადეს ალლაჰს ის, რაზეც მტკიცებულება არ მოუვლენია. ცეცხლია მათი თავშესაფარი, და რა საშინელია სამყოფელი უსამართლოთა. 

152 და ალლაჰმა აღგისრულათ თავისი (შეწევნა) აღთქმა, როცა მისი ნებით ხოცავდით მათ, ვიდრე არ შედრკით თქვენ და დავა არ დაიწყეთ მის ბრძანებაზე და აღარ შეასრულეთ იმის შემდეგ, როცა გიჩვენათ, რაც გიყვარდათ თქვენ. თქვენ შორის იყვნენ, ვისაც ეს ქვეყანა სურდა, და თქვენ შორის იყვნენ, ვისაც ის ქვეყანა სურდა; შემდეგ უკუგაქცია მათგან (დამარცხებული უკან მობრუნდით), რათა გამოეცადეთ. (ამ ყველაფრის მიუხედავად) შეგინდოთ თქვენ. დიახაც, რომ ალლაჰი მოწყალების მიმნიჭებელია მორწმუნეთათვის. 

153 როცა მიცოცავდით (მთისაკენ) თქვენ და უკან არ იხედებოდით, შუამავალი კი უკნიდან გეძახდათ. და წყენისთვის წყენა მოგიზღოთ. ნუ დამწუხრდებით იმაზე, რაშიც ხელმოცარული დარჩით და რაც შეგემთხვათ. უეჭველად, უწყის ალლაჰმა, რასაცა იქმთ. 

154 მერე, წყენის შემდგომ, სიმშვიდისთვის ძილი მოგივლინათ ერთ ნაწილს, მეორე ნაწილი კი წუხილმა მოიცვა, იმაზე ფიქრობდნენ თავი როგორ გადაერჩინათ. ისინი ფიქრობდნენ ალლაჰზე უსამართლო, წარმართული ფიქრებით, ამბობდნენ: განა ჩვენი ძალებით რამის გადაწყვეტა შეგვეძლო? უთხარი: „ყველა საქმე ალლაჰს აბარია.“ მათ გულებში აქვთ დაფარული ის, რასაც შენ არ გიმხელენ. ამბობენ: ჩვენ რომ რამის გაკეთება შეგვძლებოდა, აქ არ დაგვხოცავდნენ. უთხარი: თქვენს სახლებშიც, რომ დარჩენილიყავით, ვისაც სიკვდილი ეწერა, თავისი დაღუპვის ადგილას მაინც გამოვიდოდა... ეს იმიტომ, რომ ალლაჰს გამოეცადა რა გაქვთ გულებში, და რომ განეწმინდა იმისგან, რაც გულებში გაქვთ. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რაც გულებშია! 

155 უეჭველად, თქვენგან ისინი, ვინც ზურგი იქცია იმ დღეს, როცა ორი ლაშქარი პირისპირ შეხვდა ერთმანეთს, ეშმაკმა აცდუნა და წააბორძიკა ეგენი რაღაცით, რაც უქმნიათ მაგათ. ალლაჰმა მაინც მიუტევა იმათ. უეჭველად, ალლაჰი შემწყალეა, შემწყნარებელია! 

156. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ იქნებით იმათი მსგავსნი, ვინც ურწმუნოა და უთხრა თავის ძმებს, გზას რომ გაუდგნენ, ან კიდევ სალაშქროდ რომ იყვნენ: ისინი რომ ჩვენ გვერდით ყოფილიყვნენ, არ მოკვდებოდნენ, არ დაიხოცებოდნენო!... დაე, ეს ალლაჰმა სანანებლად გაუხადოს მათ გულებს! უეჭველად, ალლაჰი აცოცხლებს და აკვდინებს, და ალლაჰი მხილველია, რასაც აკეთებთ! 

157. თუკი თქვენ დაეცემით ალლაჰის გზაზე ან მოკვდებით, მაშინ მიტევება და წყალობა ალლაჰისა ბევრად საუკეთესოა იმაზე, რასაც ისინი აგროვებენ (იხვეჭენ). 

158. თქვენ მოკვდებით თუ დაეცემით, უეჭველად, (მაინც) ალლაჰთან შეიკრიბებით. 

159. ალლაჰისგან ბოძებულმა მოწყალებამ ლმობიერი გაგხადა მათ მიმართ. არადა უხეში და ულმობელი გული რომ გქონოდა, შემოგეცლებოდნენ. აპატიე მათ, ითხოვე მათთვის მიტევება და დაეკითხე მათ საქმეების თაობაზე. და როცა რამე საქმეს გადაწყვეტ, ალლაჰს მიენდე, უეჭველად, ალლაჰს უყვარს მინდობილები! 

160. თუ ალლაჰი შეგეწევათ, მძლე არ გეყოლებათ თქვენ. და თუ შემწეობის გარეშე დაგტოვებთ, მაშინ ვისღა ძალუძს მის გარდა შეწევნა თქვენი? ასე, რომ მორწმუნენი მხოლოდ ალლაჰს სასოებდნენ (მიენდონ)! 

161. შეუძლებელია შუამავალმა იცრუოს. და ვინც იცრუებს, თავისივე ტყუილით წარსდგება აღდგომის დღეს. მერე ყველა სულს სრულად მიეზღვება თავისი შენაძენისთვის, და ისინი არ დაიჩაგრებიან. 

162. განა ის, ვინც ალლაჰის კეთილმოწყალებას მიჰყვა, იმას ჰგავს, ვინც ალლაჰის რისხვა დაიმსახურა? ჯოჯოხეთია მათი თავშესაფარი, და რა ცუდი მისაქციელია! 

163. მათ ალლაჰთან სხვადასხვა ხარისხები აქვთ (ყველას ხარისხი რწმენისა და მოქმედების შესაბამისია), და ალლაჰი მხილველია, რასაც სჩადიან! 

164. მოჰმადლა ალლაჰმა მოწყალება მორწმუნეებს, როცა მოუვლინა მათ შუამავალი მათივე წიაღიდან, რომელიც უკითხავს მათ (ალლაჰის) აიათებს, განწმენდს მათ, ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს, თუმცა მანამდე იყვნენ ისინი ცხად გზააბნევაში. 

165. როდესაც უბედურება გეწიათ, თქვენ კი ადრე ორჯერ მეტი აწიეთ (მტრებს თქვენსას), იკითხეთ: „ნეტა ეს საიდან?“ უპასუხე შენ (ო, შუამავალო): „თქვენგანვე მოდის ის“. უეჭველად, ყოვლისშემძლეა ალლაჰი. 

166. და რაც გეწიათ ამ დღეს, როცა ორი ლაშქარი შეხვდა ერთმანეთს, მოხდა ნებითა ალლაჰისა, რათა გამოევლინა ვინ იყო მორწმუნე, 

167. და რათა შეეცნო ისინი, რომელნიც თვალთმაქცნი იყვნენ. და უთხრეს მათ: „მოდით, იომეთ ალლაჰის გზაზე ან თავი დაიცავით“; მიუგეს: „(ჩვენ) ბრძოლა რომ ვიცოდეთ, გამოგყვებოდით თქვენ“. იმ დღეს ურწმუნოებასთან უფრო ახლოს იყვნენ ისინი, ვიდრე რწმენასთან, იმას ამბობდნენ თავიანთი პირით, რაც არ ჰქონდათ გულში. ხოლო ალლაჰმა ყველაზე უკეთ იცის, რასაცა მალავენ ისინი. 

168. მათ, რომელთაც თქვეს თავიანთ ძმებზე: „ჩვენთვის რომ დაეჯერებინათ, არ დაიხოცებოდნენო“, თავად კი შინ დარჩნენ, მათ უთხარი შენ (ო, შუამავალო!): „განიშორეთ თვენგან სიკვდილი, თუ სიმართლეს ამბობთ!“ 

169. და შენ მკვდრად არ ჩათვალო ისინი, ვინც დაეცა ალლაჰის გზაზე, არამედ ცოცხალნი არიან, თავიანთ ღმერთთან იღებენ სარჩოს, 

170. ხარობენ იმით, რაც ალლაჰმა უბოძა თავისი სიკეთეებიდან, და ხარობენ იმით, ვინც მათ უკანაა და ჯერ არ მისწევიათ, რომ მათ არ მოელით არცა შიში და არცა მწუხარება! 

171. ხარობენ ალლაჰის წყალობისა და მადლის გამო და რომ ალლაჰი საზღაურს არ დაუკარგავს მორწმუნეებს, 

172. იმათ, რომელთაც შეისმინეს ალლაჰის და მისი შუამავალის მას მერე, რაც ჭრილობა მიიღეს. ყველა იმათგანისთვის, ვინც სიკეთეს სჩადიოდა და ღვთისმოშიშობდა, ძვირფასი საზღაურია! 

173. რომელთაც აუწყეს მორწმუნეებს: „უეჭველად, შეიკრიბა თქვენ წინააღმდეგ ხალხი, გეშინოდეთ მათი“. მაგრამ მათ რწმენა ემატებოდათ და ამბობდნენ: „ალლაჰი კმარა ჩვენთვის, და რა დიდებული მფარველია იგი“; 

174. და დაბრუნდნენ ალლაჰის წყალობითა და მადლით, არ გაჰკარებიათ მათ სიავე, რადგან მიჰყვნენ ალლაჰის კმაყოფილებას. და ალლაჰი უსაზღვრო სიუხვის მფლობელია! 

175. ეშმაკს სურს თავისივე შემწეებით შეგაშინოთ თქვენ. თუკი თქვენ ჭეშმარიტი მორწმუნენი ხართ არ შეგეშინდეთ მათი და გეშინოდეთ ჩემი. 

176. და ვარამმა არ შეგიპყროს შენ იმათ გამო, რომელნიც ურწმუნოებისაკენ მიილტვიან. ნამდვილად, ეგენი ვერაფერს ავნებენ ალლაჰს. ალლაჰის ნებაა, წილი არ უბოძოს მათ იმქვეყნად და მათთვისაა (გამზადებული) მტანჯველი სასჯელი. 

177. უეჭველად, ისინი, რომელთაც ურწმუნოება რწმენის ფასად იყიდეს, ვერაფერს ავნებენ ალლაჰს, და მათთვისაა (გამზადებული) მტანჯველი სასჯელი. 

178. და არ ეგონოთ მათ, რომელთაც უარყვეს, რომ რასაც ჩვენ გადავუვადებთ მათ სასიკეთოდ იქმნება, ჩვენ გადავუვადებთ იმისთვის, რომ გაიმრავლონ ცოდვები, და მათთვისაა დამამცირებელი სასჯელი! 

179. ალლაჰი არ დატოვებს მორწმუნეებს იმ ყოფაში, როგორშიც თქვენ ხართ, სანამ არ გაარჩევს ბოროტს კეთილისაგან. და არ იქნება, თქვენ გამცნოთ ალლაჰმა დაფარული, მაგრამ ალლაჰი ირჩევს თავის შუამავალთაგან იმას, ინებებს ვისაც. მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი და შუამავალი მისი; და თუ იწამებთ და ღვთისმოშიშნი იქნებით, მაშინ თქვენთვისაა უდიდესი საზღაური! 

180. და ნუ ეგონებათ იმათ, რომელნიც ძუნწნი არიან ალლაჰის ნაბოძები მოწყალების გაღებისას, რომ ეს სიკეთეა (კარგია) მათთვის. არამც და არამც! ეს უარესია (ცუდია) მათთვის. რაც ენანებოდათ,ის შემოეხვევათ (წაეჭირებათ) ყელზე აღდგომის დღეს; და ალლაჰისაა მემკვიდრეობა ცათა და ქვეყნის, და ალლაჰი უწყის, რასაც აკეთებთ! 

181. ალლაჰმა უთუოდ გაიგონა მათი საუბარი, მათ თქვეს: ალლაჰი ღატაკია, ჩვენ კი მდიდრები. ჩვენ ჩავიწერთ რაც იმათ თქვეს და იმასაც, როგორ უსამართლოდ კლავდნენ (უსწრაფავდნენ სიცოცხლეს) შუამავლთ და ვეტყვით: „იგემეთ წამება მწველი!“ 

182. აი ეს , რაც გამოიძღოლეს ხელებმა თქვენმა. რადგანაც ალლაჰი არ არის მჩაგვრელი მსახურთა მიმართ. 

183. რომელთაც თქვეს: ალლაჰმა აღთქმა დაგვიდო, მანამ არ მოგვესმინა შუამავალისთვის, სანამ არ მოვიდოდა ის ჩვენთან მსხვერპლით, რომელსაც ცეცხლი შთანთქავს. უთხარი მათ: „მოვიდნენ თქვენთან შუამავლები ჩემამდეც ცხადი მტკიცებებით და იმით, რაც თქვენ თქვით. მაშ, რატომ დახოცეთ ისინი თუ თქვენ მართალნი ხართ?“ 

184. თუ ჩაგთვალეს მათ ცრუდ (ო,მუჰამმედ), შენამდეც ხომ შერაცხეს მატყუარებად შუამავალნი, რომლებმაც ცხადი სასწაულებით, დაწერილი ფურცლებითა და განმანათლებელი (ღვთიური) წიგნით მოვიდნენ. 

185. ყველა სული იგემებს სიკვდილს და ყველა თქვენგანი საზღაურს სრულად მიიღებს აღდგომის დღეს. და ვინც მოშორებული იქნება ცეცხლს და სამოთხეში შეყვანილი, ის ჭეშმარიტად, მოგებულია (გადარჩენილია). ხოლო ამქვეყნიური ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა აყოლა მაცდუნებელ სიტკბოებაზე. 

186. უთუოდ, გამოიცდებით თქვენსავე ქონებითა და საკუთარი თავით, და მოისმენთ ბევრ აუგს მათგან, ვინც მიიღო წიგნი თქვენამდე, და მათგანაც, ვინც წარმართი იყო. და თუ იქნებით მომთმენნი და ღვთისმოშიშნი, უეჭველად, აი ეს ფასდაუდებელ საქმეთაგანია. 

187. აკი, აიღო აღთქმა ალლაჰმა მათგან, რომელთაც წიგნი ებოძათ: „უსათუოდ, თქვენ განუმარტავთ ამას ხალხს და არ დაფარავთ მას!“ მაგრამ მათ ზურგს უკან მოისროლეს და მცირე ფასად გაყიდეს. თუმცაღა რა უვარგისია მათი ვაჭრობა! 

188. არ ჩათვალო ისინი, რომელნიც ხარობენ თავისი ნამოქმედარით და მოსწონთ როცა იმისათვის აქებენ, რაც ჩაიდინეს, თავს დაიძვრენენ სასჯელისგან. მათთვისაა (გამზადებული) მტანჯველი სასჯელი. 

189. ცათა და დედამიწის მეუფება ალლაჰს ეკუთვნის, და ალლაჰს ძალუძს ყველაფერი. 

190. უეჭველად, გაჩენა ცათა და ქვეყნის და მონაცვლეობა ღამისა და დღისა სასწაულებია ბრძენკაცთ, ჭკუასაკითხთათვის. 

191. რომელნიც ალლაჰს ახსენებენ ფეხზე მდგომარე, მჯდომარე თუ მწოლიარე, და ფიქრობენ ცათა და ქვეყნის გაჩენაზე, (ამბობენ): „ღმერთო ჩვენო! შენ ეს ამაოდ (ტყუილად) არ გაგიჩენია! დიდება შენდა! დაგვიფარე ჩვენ ცეცხლის სასჯელისგან. 

192. ღმერთო ჩვენო! შენ ვისაც შეიყვან ცეცხლში, უთუოდ, არად ჩააგდე (შეარცხვინე). და არ ჰყავთ უსამართლოებს შემწენი! 

193. ღმერთო ჩვენო! უეჭველად, გვესმოდა ხმობა მხმობელისა რწმენისაკენ: იწამეთ ღმერთი თქვენიო! და ჩვენც ვიწამეთ. ღმერთო ჩვენო! მოგვიტევე ჩვენ ცოდვანი ჩვენი და დაგვიფარე რაც უღირსი გვიკეთებია და კეთილშობილებთან ერთად განგვასვენე! 

194. ღმერთო ჩვენო! გვარგუნე ის, რაც აღგვითქვი შენი შუამავლების მეშვეობით და არ შეგვარცხვინო აღდგომის დღეს. უეჭველად, პირობას არ შეცვლი შენ.“ 

195. მათმა ღმერთმა ისმინა მათი ვედრებანი: „უეჭველად, მე არ დავუკარგავ ნაღვაწს, ვინც იღვაწა თქვენგან, კაცსა თუ ქალს, ერთმანეთისაგან ხართ თქვენ . ხოლო ისინი, რომელნიც გადაიხვეწნენ და განიდევნენ თავიანთი სახლებიდან და იყვნენ წამებულნი ჩემს გზაზე, იბრძოდნენ და იხოცებოდნენ, უთუოდ, დავფარავ (ვაპატიებ) ავ საქმეებს მათსას და უთუოდ, სამოთხეებში შევიყვან, სადაც ძირს მდინარეები მოედინება ჯილდოდ ალლაჰისგან, რამეთუ საუკეთესო ჯილდო ალლაჰთანაა.“ 

196. და არ შეგაცდინოს, რომელთაც ჭეშმარიტება დაფარეს (არ იწამეს), სეირნობამ მათმა ქვეყნებს შორის, 

197. მცირე სიტკბოებაა, შემდეგ მათი თავშესაფარი ჯოჯოხეთია, და რა საშინელი განსასვენებელია! 

198. ხოლო რომელნიც თავიანთი ღმერთის წინაშე მოკრძალებულნი იყვნენ, მათთვისაა სამოთხეები (გამზადებული), სადაც ძირს მდინარეები მოედინება. ისინი იქ სამუდამოდ დარჩებიან, ალლაჰისგან პატივმიგებული. და რაც ალლაჰთანაა, საუკეთესოა კეთილშობილთათვის (სამოთხის მკვიდრთათვის). 

199. უეჭველად, ღვთიური წიგნის მქონეთა შორის არიან ისეთნიც, რომელთაც სწამთ ალლაჰი და რაც ზემოვლენილ იქმნა თქვენდა და რაც ზემოევლინა მათ; მოკრძალებული არიან ალლაჰისადმი, ისინი არ გაყიდიან ალლაჰის აიათებს მცირე ფასად. აი ისინი, რომელთა საზღაურიც თავიანთ ღმერთთანაა. უეჭველად, ალლაჰი მსწრაფლგანმკითხველი! 

200. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მოითმინეთ და შეეჯიბრეთ მოთმინებაში , და იყავით მედგარნი (შეუპოვარნი), და ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავნი. ეგების იქმნეთ გადარჩენილი!