28.ყასას

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 28 

„ყასას“ 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1. ტა. სინ. მიმ. 

2. ესენია აიათები ცხადი წიგნისა! 

3. გიკითხავთ შენ მუსას და ფარაონის ამბავს ჭეშმარიტებით მორწმუნეთათვის! 

4. უეჭველად, ფარაონი გადიდგულდა ქვეყანაზე და დაადგინა მისი მცხოვრებლები ჯგუფებად. ერთნი დააკნინა, კლავს მათ ძეებს და ცოცხალს უტოვებს ასულებს. უეჭველად, ის იყო უკეთურობის გამავრცელებელთაგანი! 

5. რომელნიც დააკნინეს დედამიწაზე, ჩვენ ვინებეთ წყალობა გაგვეღო მათზე და დაგვედგინა მეთაურებად და მემკვიდრეებად, 

6. და მიგვენიჭებინა მათთვის ძალაუფლება დედამიწაზე და გვეჩვენებინა ფარაონისთვის, ჰამანისთვის და მათი მეომრებისთვის ის, რისიც ეშინოდათ! 

7. და შთავაგონეთ მუსას დედას: აწოვე ძუძუ, და როცა შეშინდები მის გამო, ჩააგდე მდინარეში. არ შეშინდე და არ იდარდო, უეჭველად, ჩვენ დაგიბრუნებთ უკან და დავადგენთ შუამავლად!“ 

8. ფარაონის სახლეულმა აიყვანა იგი, რათა გამხდარიყო მათი მტერი და სადარდებელი. უეჭველად, ფარაონი, ჰამანი და მათი მეომრები დამნაშავე ადამიანები იყვნენ! 

9. ფარაონის ცოლმა თქვა: „თვალისჩინია ჩემთვის და შენთვის. არ მოკლათ იგი! იქნებ გამოგვადგეს, ანდა ვიშვილოთ!“ და ვერ გრძნობდნენ ეგენი... 

10. მუსას დედამ კი გაათენა ღამე ნაღვლიანმა. მზად იყო გამომტყდარიყო, მაგრამ ჩვენ გული გავუმაგრეთ, რომ დარჩენილიყო მორწმუნედ! 

11. და უთხრა მის დას: „თვალყური ადევნე.“ შორიდან უთვალთვალებდა და ვერვინ ამჩნევდა. 

12. ჩვენ ავუკრძალეთ ძიძებისგან რძის დალევა, სანამ (მისმა დამ) არ თქვა: „ხომ არ განახოთ ოჯახი, რომელიც მას მიხედავს თქვენთვის და კეთილმოსურნე იქნება მისი?“ 

13. ასე დავუბრუნეთ დედამისს, რათა დამშვიდებულიყო ქალის თვალები, არ ედარდა და სცოდნოდა, რომ ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. მაგრამ მათმა უმრავლესობამ ეს არ იციან! 

14. როცა შეიქნა სრულწლოვანი, ჩვენ ვუბოძეთ მას სიბრძნე და ცოდნა. ასე ვასაჩუქრებთ სიკეთის მქმნელებს! 

15. შევიდა ქალაქში, როცა მისი მცხოვრებნი უყურადღებოდ იყვნენ და შეხვდა ორ კაცს, რომლებიც ჩხუბობდნენ. ერთი მისი მომხრეთაგანი იყო, მეორე კი მისი მტრების მხრიდან. მისმა მომხრეთაგანმა დახმარება სთხოვა მისი მტრის წინააღმდეგ. მუსამ მუშტი დაარტყა და გაათავა. თქვა: „ეს ეშმაკის საქმეთაგანია. უეჭველად, იგი აშკარა მტერია, გზიდან შემცდენი!“ 

16. შეევედრა: „ღმერთო ჩემო! უეჭველად, ჩემს თავს უსამართლოდ მოვექეცი! მაშ, შემინდე!“ მიუტევა, უეჭველად, იგი შემნდობია, მწყალობელია! 

17. შეევედრა: „ღმერთო ჩემო, რადგან ასეთი წყალობა მიყავი, არასდროს არ გავუმაგრებ ზურგს ცოდვილებს!“ 

18. ქალაქში გაათია ღამე, შიშით იცქირებოდა, და უეცრად, ვინც გუშინ დახმარება სთხოვა, ისევ ის საშველად იხმობდა. მუსამ უთხრა მას: „უეჭველად, შენ აშკარა ზღვარგადასული ხარ!“ 

19. ხოლო როცა მან მოისურვა მათი მტრის დაჭერა, იმან უთხრა: „ჰეი, მუსა! ნუთუ ისევე მომკლავ, როგორც ის მოკალი გუშინ? შენ გინდა უსამართლო გახდე და არ გინდა შემრიგებლობა!“ 

20. ქალაქის გარეუბნიდან ერთმა კაცმა მოირბინა და უთხრა: „ჰეი, მუსა! დიდებულები გადაწყვეტილებას იღებენ შენს მოსაკლავად. ახლავე წადი! უეჭველად, შენთვის კეთილის მრჩველთაგანი ვარ.“ 

21. მუსა წავიდა, შიშით მზირალი და შეევედრა: „ღმერთო ჩემო! მიხსენ უსამართლო ხალხისგან!“ 

22. მედიენის მხარისკენ მიმავალმა თქვა: „ეგებ, ღმერთმა ჩემმა სწორ გზაზე დამადგინოს!“ 

23. როცა მედიენის წყაროსთან მივიდა, შენიშნა ხალხი, რომელიც საქონელს წყალს ასმევდა. მათ შორის ორ ქალს მოკრა თვალი, რომლებიც თავის საქონელს მიერეკებოდნენ იქიდან. ჰკითხა: „რას აკეთებთ?“ უთხრეს: „ვერ დავარწყულებთ, სანამ მწყემსები არ გაეცლებიან აქაურობას. მამაჩვენი კი ძალიან მოხუცია.“ 

24. მათთვის დაარწყულა , მერე ჩრდილში მიბრუნდა და თქვა: „ღმერთო ჩემო! უეჭველად, ვსაჭიროებ ყოველგვარ სიკეთეს, რომელსაც კი შენ ზეგარდმომივლენ!“ 

25. ერთი იმ ქალთაგანი მიუახლოვდა მორცხვად და უთხრა: მამაჩემი გეძახის, რომ დაგასაჩუქროს, რადგან დაგვირწყულეო.“ როცა ის მივიდა და მოუყვა თავის ამბავს, მან უთხრა: „ნუ გეშინია, გადაურჩი უსამართლო ხალხს!“ 

26. ერთ-ერთმა ქალმა უთხრა: „მამაჩემო! დაიქირავე, ის ხომ საუკეთესოა იმათგან, ვის დაქირავებასაც შენ აპირებ, ძლიერის და საიმედოსი!“ 

27. უთხრა: „ჭეშმარიტად, მინდა ცოლად შეგრთო ერთ-ერთი ჩემი ასული მხოლოდ იმ პირობით, თუ 8 წლით მოჯამაგირედ დამიდგები. და თუ 10 წელს დარჩები, ეს შენგან წყალობა იქნება. არ ვაპირებ შენს შევიწროებას და ნახავ, თუ ალლაჰი ინებებს, რომ კეთილისმქმნელთაგანი ვარ! 

28. მიუგო: შევთანხმდით. ამ ორი ვადიდან, რომელსაც აღვასრულებ, უსამართლოდ არ მომექცნენ, ალლაჰი იყოს თავდები და დამცველი ამისა, რაც ვთქვით!“ 

29. როცა მუსამ გაასრულა ვადა მუშაობისა, გაუდგა გზას ოჯახთან ერთად და შეამჩნია მთის მხრიდან ცეცხლი, უთხრა თავისიანებს: „აქ დარჩით! ცეცხლი დავინახე. შეიძლება მოვიტანო იქიდან ამბავი ან მუგუზალი, რომ გათბეთ.“ 

30. როცა იქამდე მიაღწია, ხმა შემოესმა ხიდან, რომელიც დალოცვილ ადგილზე იზრდებოდა ხეობაში: „ჰეი, მუსა! უეჭველად, მე ვარ ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი! 

31. ისროლე შენი კვერთხი!“ და რომ დაინახა როგორ იკლაკნებოდა ის გველივით, გაიქცა უკანმოუხედავად. „ჰეი, მუსა! მომიახლოვდი და ნუ გეშინია, რამეთუ შენ ხარ ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც არაფერი ემუქრება! 

32. ჩაიყავი ხელი უბეში და იქიდან გამოვა ქათქათა თეთრი. ხელს ჩაეხუტე, რომ შიშისგან გათავისუფლდე. აი, ორი მტკიცებულება შენი ღმერთისგან ფარაონისა და მისი დიდებულებისთვის. უეჭველად, ისინი გზასამცდარი ხალხია!“ 

33. მიუგო: „ღმერთო ჩემო! ერთი იმათგანი მოვკალი და მეშინია, რომ მომკლავენ! 

34. ჩემი ძმა ჰარუნი ჩემზე უფრო მჭერმეტყველია. გამოუშვი ჩემს დამხმარედ, რომ დაადასტუროს ჩემი ალალმართლობა. მართლა მეშინია, რომ ცრუდ შემრაცხავენ!“ 

35. უთხრა: განგამტკიცებ შენი ძმის მეშვეობით და დაგიდგენ ორთავეს სიმტკიცეს. ვერაფერს გავნებენ. ჩვენი სასწაულების მეშვეობით, ვინც გამოგყვება თქვენ, გამარჯვებულნი დარჩებით !“ 

36. როცა მუსა მივიდა მათთან ჩვენი ცხადი სასწაულებით, უთხრეს: „ეს გამოგონილი ჯადოქრობაა. არაფერი გვსმენია ამის მსგავსი ჩვენი წინაპრებისგან!“ 

37. მაშინ მუსამ თქვა: „ჩემი ღმერთი უკეთ უწყის იმას, ვინც მოვიდა ჭეშმარიტებით მისგან და ვისი იქნება ბოლო ქვეყნისა. უეჭველად, უსამართლონი ვერ იქნებიან ნეტარნი!“ 

38. ფარაონმა უბრძანა: „ჰეი დიდებულნო! არ მეგულება თქვენთვის სხვა ღვთაება, ჩემ გარდა. ჰეი, ჰამან! გააჩაღე (ცეცხლი) თიხაზე და ამიგე კოშკი, რომ შევძლო მუსას ღვთაებამდე ამაღლება. უეჭველად, მე ვთვლი, რომ ის ერთ-ერთი ცრუთაგანია.“ 

39. ის და მისი ლაშქარი უსამართლოდ გადიდგულდნენ ქვეყანაზე და ჩათვალეს, რომ არ იქნებოდნენ მოქცეულნი ჩვენთან. 

40. ჩვენ შევიპყარით ის და მისი ლაშქარი და ჩავყარეთ წყალში. მაშ, შეხედე, როგორი იყო აღსასრული უსამართლოთა! 

41. ჩვენ დავადგინეთ ისინი მეთაურებად, რომლებიც ცეცხლისკენ მოუხმობენ და არ იქნებიან შეწევნილნი აღდგომის დღეს! 

42. და უკან გავაყოლეთ წყევლა ამქვეყნად, აღდგომის დღეს კი იქნებიან წყალობას მოკლებულთა შორის! 

43. ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი მას შემდეგ, რაც დავღუპეთ პირველი თაობები, ლამპარად, ცხად სახელმძღვანელოდ და წყალობად ხალხთათვის, ეგების შეეგონათ! 

44. შენ არ ყოფილხარ დასავლეთის მხარით და არცა მომსწრე, როცა ვაკისრეთ მუსას ჩვენი ნაბრძანები! 

45. მაგრამ დავადგინეთ თაობები და ხანგრძლივი აღმოჩნდა მათი ვადა. შენ არ ყოფილხარ მედიენის მოსახლეობას შორის და არ უკითხავდი მათ ჩვენს აიათებს, მაგრამ ჩვენ ვგზავნიდით შუამავალთ! 

46. შენ არ ყოფილახარ მთის ფერდობზე, როცა მოვუხმეთ , მაგრამ წყალობად შენი ღმერთისგან, რათა შეგეგონებია ხალხი, რომელთანაც შენამდე არ მოსვლიათ ცხადი შემგონებელი. ეგების შეიგონონ! 

47. და ეს რომ არ მომხდარიყო და რომ სწვევოდათ უბედურება იმის გამო, რაც წაიმძღვარეს საკუთარმა ხელებმა, ისინი იტყოდნენ: „ღმერთო ჩვენო! რატომ არ მოგვივლინე შუამავალი, რომ მივყოლოდით შენს აიათებს და გავმხდარიყავით მორწმუნენი?“ 

48. და როცა მიუვიდათ ჩემგან ჭეშმარიტება, თქვეს: „რატომ მას არ ებოძა ის, რაც ებოძა მუსას?“ განა არ უარყვეს ის, რაც წინათ ებოძა მუსას? მათ თქვეს: „ეს ორი ჯადოქრობა ერთმანეთს ეხმარება.“ და დასძინეს: „უეჭველად, უარვყოფთ ყველას!“ 

49. უთხარი: „თუ სიმართლეს ამბობთ, მოიტანეთ წიგნი ალლაჰისგან, რომელიც ამ ორზე უკეთესი წინამძღოლი იქნება და მეც მივყვები მას!“ 

50. თუ არ გიპასუხებენ, იცოდე, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ სურვილებს აჰყოლიან. და ვინ შეიძლება იყოს იმაზე მეტ გზააბნევაში, ვიდრე ის, ვინც საკუთარ ვნებებს აჰყოლია, გარეშე ჭეშმარიტი გზისა ალლაჰისგან? უეჭველად, ალლაჰი არ დაადგენს უსამართლო ხალხს ჭეშმარიტ გზაზე! 

51. ვფიცავ, ჩვენ მივიტანეთ მათთან სიტყვა, რათა შეეგონათ! 

52. რომელთაც ვუბოძეთ წიგნი მანამდე , ისინი მას იწამებენ! 

53. როცა მათ ეკითხებით, ამბობენ: „ვიწამეთ ის! უეჭველად, იგია ჭეშმარიტება ჩვენი ღმერთისგან. ჩვენ უწინაც მუსლიმები ვიყავით!“ 

54. ისინი მიიღებენ თავიანთ ჯილდოს გაორმაგებულს, იმის გამო, რომ იყვნენ მომთმენნი. ისინი დევნიან ბოროტს კეთილით და გასცემენ იქიდან, რაც ჩვენ ვუბოძეთ! 

55. და როს გაიგონებენ ფუჭსიტყვაობას, ზურგს აქცევენ და ამბობენ: „ჩვენ - ჩვენი საქმეებით, თქვენ - თქვენით. მშვიდობა თქვენდა! ჩვენ არაფერი გვესაქმება უმეცრებთან!“ 

56. უეჭველად, შენ ვერ დაადგენ სწორ გზაზე, ვინც გიყვარს. მხოლოდ ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, ინებებს ვისაც. იგი უკეთ უწყის იმათ, რომელნიც სწორ გზას ადგანან! 

57. ისინი იტყვიან: „თუ შენთან ერთად დავადგებით ჭეშმარიტ გზას, მაშინ გაგვაძევებენ ჩვენი მიწებიდან!“ განა არ განვუმტკიცეთ მათ ნაკრძალი ადგილი, სადაც იწევენ ყველანაირ ნაყოფს საკვებად ჩვენგან? არადა, უმრავლესობა მათგან არ უწყის ამას! 

58. რამდენი დასახლება გავანადგურეთ მათი ზღვარგადასული ფუფუნებიდან გამომდინარე! აი, მათი სახლები, სადაც არავინ დასახლებულა მათ შემდგომ, მცირედის გარდა. ჩვენ ვიმემკვიდრეთ ყველა. 

59. და არ ანადგურებდა შენი ღმერთი ქვეყნებს, სანამ არ წარუგზავნიდა მის მკვიდრთ შუამავალს, რომელიც ამცნობდა მათ ჩვენს აიათებს. და არ ვიყავით ჩვენ გამნადგურებელნი ქვეყნებისა, თუ მათი მცხოვრებლები არ იყვნენ უსამართლონი! 

60. რაც გებოძათ - წარმავალი სიკეთეებია ამა ქვეყნისა და სამშვენისი მისი, ხოლო ალლაჰთანაა უფრო მშვენიერი და მარადიული. იმედია, გონს მოეგებით! 

61. განა ის, ვისაც მშვენიერი აღთქმა დავუდეთ, და რომელსაც ის აუცილებლად მიიღებს, მსგავსია იმისა, ვინც დავატკბეთ წუთისოფლის სიკეთეებით და ვისაც აღდგომის დღეს ძალით წარადგენენ? 

62. იმ დღეს იგი დაუძახებს მათ და ეტყვის: „სად არიან ჩემი მოზიარენი, ვის არსებობასაც ვარაუდობდით?“ 

63. მაშინ ისინი, რომლებზეც განცხადდა სიტყვა, იტყვიან: „ღმერთო ჩვენო! აი, ისინი, რომელნიც გზას ავაცდინეთ, როგორც თავად ვიყავით. ჩვენ უარს ვამბობთ მათზე შენს წინაშე. ისინი მხოლოდ ჩვენ არ გვეთაყვანებოდნენ .“ 

64. მათ ეტყვიან: „უხმეთ თქვენს თანამოზიარეთ.“ უხმობენ, მაგრამ არ უპასუხებენ ისინი, და მაშინ იხილავენ ისინი სასჯელს. ნეტავ, ევლოთ სწორი გზით! 

65. იმ დღეს იგი მოუხმობს მათ და ეტყვის: „რა პასუხი გაეცით შუამავლებს?“ 

66. იმ დღის ამბები დაფარული იქნება მათთვის და ერთამანეთს არ დაეკითხებიან. 

67. ხოლო ის ვინც მოინანია, ირწმუნა და ჰქმნა სიკეთე, ეგების ნეტარ იქმნეს! 

68. შენი ღმერთი აჩენს იმას და ირჩევს, ინებებს რასაც, მაგრამ მათ არა აქვთ არჩევანის უფლება. დიდება ალლაჰს! იგი დიადია იმაზე, რასაც ზიარუქმნიან! 

69. შენი ღმერთი უწყის იმას, რაც იმალება მათ გულებში და იმასაც, რასაც აცხადებენ! 

70. და იგია ალლაჰი, არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. ქება-დედება მას ეკუთვნის სააქაოშიც და საიქიოშიც. იგი წყვეტს ყოველივეს და მასთან იქნებით მიბრუნებულნი! 

71. უთხარი: რას მეტყვით, თუკი ალლაჰი გაგიხანგრძლივებთ ღამეს აღდგომის დღემდე, ვინ არის სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა, რომელიც სინათლეს მოგივლენთ? ნუთუ არღა შეიგონებთ?! 

72. უთხარი: რას მეტყვით, თუკი ალლაჰი გაგიხანგრძლივებთ დღეს აღდგომის დღემდე, ვინ არის სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰის, რომელიც გიბოძებთ ღამეს, რათა შეძლოთ მოსვენება? ნუთუ არღა გულისხმაჰყობთ?! 

73. თავისი წყალობით მან დაადგინა თქვენთვის ღამე და დღე, რათა დაისვენოთ მასში და ეძიოთ მისი წყალობა. ეგების შეიქმნათ მადლიერნი?! 

74. იმ დღეს მოუხმობს მათ და ეტყვის: სად არიან ჩემი თანაზიარნი, რომელთა არსებობასაც ვარაუდობდით?“ 

75. ჩვენ ყოველი თემის წიაღიდან დავადგენთ მოწმეს და ვეტყვით: „მოგვიტანეთ თქვენი მტკიცებულება!“ მაშინ ისინი გაიგებენ, რომ ჭეშმარიტება ალლაჰთანაა. და მიატოვებს მათ ის, რასაც იგონებდნენ (თხზავდნენ). 

76. უეჭველად, ყარუნი მუსას ხალხთაგან იყო, მაგრამ ავიწროებდა მათ. ჩვენ ვუბოძეთ მას იმდენი განძი, რომ მათი გასაღებიც კი ემძიმებოდა რამდენიმე ღონიერ კაცს. მისმა ხალხმა უთხრა მას: „ნუ გათამამდები, რამეთუ ალლაჰს არ უყვარს მედიდურნი! 

77. იმით, რაც ალლაჰმა გიბოძა, ისწრაფე საიქიო სამყოფელისკენ, და არ დაივიწყო შენი წილი დედამიწაზე. სიკეთე აკეთე ისეთივე, როგორიც ალლაჰმა მოგმადლა და არ გაავრცელო უკეთურობა ქვეყნად, რამეთუ ალლაჰს არ უყვარს უკეთურნი! 

78. მიუგო: „ყოველივე ეს მებოძა იმ ცოდნის წყალობით, რომელიც გამაჩნია.“ განა არ იცოდა, რომ მის უწინ ალლაჰმა დაღუპა მთელი თაობები, რომლებიც მჯობნი იყვნენ მასზე თავიანთი ძლიერებითა და რიცხოვნობით? ცოდვილებს არ ჰკითხავენ მათი ცოდვების გამო ! 

79. გამოვიდა თავის ხალხთან სამკაულებით. რომელთაც სურდათ ამქვეყნიური სიკეთენი, თქვეს: „ნეტავ, ჩვენც გვქონდეს ის, რაც ყარუნს ებოძა! უეჭველად, იგი უდიდესი წილის მფლობელია.“ 

80. და თქვეს, რომელთაც ებოძათ ცოდნა: „ვაი, თქვენ! ალლაჰის წყალობა უმჯობესი იქნება მათთვის, ვინც ირწმუნა და ჰქმნა სიკეთე. მაგრამ მას მხოლოდ მომთმენნი მიიღებენ! 

81. ჩვენ ვუბრძანეთ მიწას შთაენთქა ის თავის სახლიანად. არ ჰყავდა მას შემწეები, რომლებიც დაეხმარებოდნენ ალლაჰის წინაშე, და ვერც საკუთარ თავს გადაირჩენდა! 

82. ხოლო ისინი, რომელნიც წინადღით ნატრობდნენ მის ადგილზე ყოფნას, მეორე დილით ამბობდნენ: „ვაი! ალლაჰი უზრდის ან უმცირებს სარჩოს თავის მსახურთაგან იმას, ინებებს ვისაც! მოწყალება რომ არ მოეღო ჩვენზე, უბრძანებდა შთავენთქეთ. ვაი! უეჭველად, ურწმუნონი ნეტარნი ვერ შეიქნებიან!“ 

83. სწორედ ის უკანასკნელი სამყოფელი დავუდგინეთ მათ, რომელთაც არ სურთ გამედიდურება დედამიწაზე და უკეთურობის გავრცელება. კეთილი აღსასრული მოელით მხოლოდ ღთისმოშიშებს! 

84. ის, ვინც წარსდგება კეთილი საქმეებით, მიიღებს უკეთესს, ხოლო რომელნიც წარსდგებიან ავი საქმეებით, მიიღებენ თავიანთი საქმეების საფასურს! 

85. უეჭველად, რომელმაც ვალდებული ჰქმნა შენზე ყურანი, უთუოდ, მიგაბრუნებს მისაბრუნებელში. უთხარი: „ჩემი ღმერთი უკეთ უწყის იმას, ვინ მოვიდა ჭეშმარიტებით და ვინ - გზააბნევით! 

86. არ მოელოდი, რომ ზეგარდმოევლინებოდა წიგნი, მაგრამ ეს იყო წყალობა შენი ღმერთისგან. ამიტომ არასდროს გამოექომაგო ურწმუნოებს! 

87. და ვერ გაქცევინებენ ზურგს ალლაჰის აიათებისგან მას მერე, რაც ისინი ზეგარდმოგევლინა. მოუწოდე შენი ღმერთისკენ და არ შეიქნა მრავალღმერთიანი! (მუშრიქი) 

88. არ მოუხმო გარდა ალლაჰისა სხვა ღვთაებებს. არ არს ღმერთი, გარდა ალლაჰისა! ყოველი საგანი დაიღუპება, მისი სახების გარდა. მხოლოდ მას ეკუთვნის მსაჯულობა(ჰუქმუ) და მასთანაა თქვენი მისაბრუნებელი!