17.ისრა

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 17 

„ისრა“ 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1. დიდება იმას, რომელმაც ღამით გადაიყვანა თავისი მსახური მესჯიდი ჰარამიდან მესჯიდი აყსაში, რომლის შემოგარენიც ჩვენ დავლოცეთ , რათა გვეჩვენებინა მისთვის ნაწილნი ჩვენი სასწაულნისა. უეჭველად, იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველი! 

2. ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი და იგი დავუდგინეთ ჭეშმარიტ გზად ისრაილის შვილთ: „რომ არ დაიდგინოთ ჩემს გარდა არავინ, მფარველად.“ 

3. ჰეი, შთამომავალნო ხალხის, რომელნიც გადავიყვანეთ ნუჰთან ერთად! უეჭველად, იგი მადლიერი მსახური იყო. 

4. და ჩვენ ვაცნობეთ ისრაილის შვილთ წიგნში : „უთუოდ ორჯერ ჩაიდენთ უსამართლობას ქვეყანაზე და უთუოდ ქედმაღლობით უსაზღვროდ გამედიდურდებით.“ 

5. როცა მოაწია ჟამი ორიდან პირველი, ჩვენ წარმოვგზავნეთ თქვენზე ჩვენი ძალღონიანი მსახურნი, ამგვარად მათ შემოიჭრნენ სახლებამდე . და აღთქმული სისრულეში მოვიდა . 

6. შემდგომ კვლავ დაგიბრუნეთ თქვენ მათ წინაშე. და გაგაძლიერეთ თქვენ ქონებითა და ძეებით და გქმენით უფრო მრავალრიცხოვანი. 

7. (და ვუთხარით ჩვენ:) „თუ სიკეთეს აკეთებთ, თავს უკეთებთ სიკეთეს. და თუ სიავეს აკეთებთ, თავს ავნებთ ამით.“ და როცა მოაწია ბოლო აღთქმის ჟამი, ( ნება მივეცით თქვენს მტრებს) სახეები დაემწუხრებინათ თქვენი და შესულიყვნენ სამლოცველოში ისევე, როგორც შევიდნენ პირველად და გაენადგურებინათ ყველაფერი, რაც ხელთ მოხვდებოდათ! 

8. ეგებ თქვენმა ღმერთმა შეგიწყალოთ. მაგრამ თუ მიუბრუნდებით , ჩვენც დავბრუნდებით . და ჩვენ დავადგინეთ ჯოჯოხეთი ურწმუნოთათვის დილეგად! 

9. უეჭველად, აი ეს, ყურანი, დაადგენს ყველაზე სწორი გზისკენ და ახარებს მორწმუნეებს, რომელნიც კეთილ საქმეებს აკეთებენ, სწორედ რომ მათთვისაა დიადი საზღაური! 

10. და უეჭველად, რომელთაც არ ირწმუნეს საიქიო, მათთვის გავამზადეთ ჩვენ მწარე სასჯელი! 

11. და ვითომც სიკეთეს ევედრება ადამიანი, მაგრამ სიავეს მოუხმობს. და ხომ ადამიანი ისედაც ცანცარაა! 

12. და ჩვენ დავადგინეთ ღამე და დღე ორ სასწაულად. ჩვენ წყვდიადში ჩავძირეთ ღამის სასწაული და გავააშკარავეთ დღის სასწაული, რათა ეძიოთ წყალობა თქვენი ღმერთისგან, და რომ იცოდეთ წელთაღრიცხვა და ანგარიში. და ყველაფერი დაწვრილებით განვმარტეთ ჩვენ! 

13. და ყოველ ადამიანს ჩამოვკიდეთ ყელზე მისი ჩიტი და განკითხვის დღეს წარვუდგენთ მას წიგნს, რომელიც გადაშლილი დახვდება მას!

14. წაიკითხე შენი წიგნი! დღეს ანგარიშგებად შენს წინააღმდეგ კმარა შენი სული! 

15. ვინც ჭეშმარიტი გზა გაიგნო, მხოლოდ თავის სასიკეთოდ დაადგა ამას და ვინც აცდა, მხოლოდ თავის საწინააღმდეგოდ აცდა. და არც ერთი ცოდვილი არ იტვირთავს სხვის ცოდვას. და ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი , სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს! 

16. და როცა ვინებეთ, რომ გაგვენადგურებინა რომელიმე მხარე, ვუბრძანეთ ფუფუნებით განებივრებულ მის მცხოვრებლებს , ამის მიუხედავად, უკეთურება ჰქმნეს იქ, ამიტომაც გაცხადდა სიტყვა მასზე, და ამგვარად გავანადგურეთ ერთიანად! 

17. და რამდენი თაობა გავანადგურეთ ნუჰის შემდგომ! და კმარა შენი ღმერთი თავისი მსახურნის ცოდვების მცოდნედ და დამნახველად! 

18. თუ ვინმე წარმავალ სიცოცხლეს ისურვებს, უმალ ვუბოძებთ მას იქ, ვინებებთ რასაც და ვინებებთ ვისთვისაც. მერე დავადგინეთ ჯოჯოხეთი მისთვის, იქ შენთებული იქნება იგი გაკიცხული და გარიყული წყალობისგან! 

19. და ვინც ისურვა საიქიო, იღვაწა მისთვის სათანადოდ, და იგი მორწმუნეა, ამრიგად, გარჯა მათი იქნება დაფასებული! 

20. შენი ღმერთის წყალობას მივაგებთ ყველას , ამათაც და იმათაც. შენი ღმერთის წყალობა არ არის შეზღუდული! 

21. შეხედე, როგორ უპირატეს ვყავით ერთი ნაწილი მეორეზე . ხოლო უეჭველად, უფრო მაღლაა ხარისხებით საიქიო და უპირატესობით უფრო დიდია! 

22. არ დაიდგინო ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაება, თორემ დამცირებული და გაკიცხული დარჩები! 

23. და დაგიდგინა შენმა ღმერთმა, რომ არ ეთაყვანოთ არავის, გარდა მისი და კეთილად მოექცეთ მშობლებს. თუ მშობელთაგან ერთ-ერთი ან ორივე მიაღწევს სიბერემდე, არ უთხრა: „უჰ!“ და არ გაუწყრე მათ და ლამაზი სიტყვა უთხარი! 

24. და ისინი მფარველობის ქვეშ აიყვანე ლმობიერებითა და თავმდაბლობით და თქვი: ღმერთო ჩემო! პატარაობისას როგორც გამზარდეს, ისე შეიწყალე ესენი! 

25. თქვენმა ღმერთმა ყველაზე უკეთ იცის, რა გიზით თქვენ სულში. თუკი იქნებით კეთილისმქმნელნი , მაშინ, უეჭველად, შემნდობია იგი მომნანიეთა! 

26. და მიეცი მისი კუთვნილი ნათესავს, ღატაკსა და მგზავრს! მაგრამ გადაჭარბებულად არ გაფლანგო! 

27. უეჭველად, მფლანგველები ეშმაკის ძმები არიან, ხოლო ეშმაკი უმადურია თავისი ღმერთის წინაშე. 

28. და თუ სახის შექცევა მოგიწევს მათგან , მაშინ, შენი ღმერთიდან წყალობის მოლოდინის იმედით , ტკბილი სიტყვა მაინც უთხარი! 

29. და ნუ იქნები ხელმომჭირნე და ნურც გაშლი მას ბოლომდე , თორემ იმედგაცრუებული, გაღატაკებული დარჩები! 

30. უეჭველად, ღმერთი შენი უმრავლებს და უმცირებს სარჩოს, ინებებს ვისაც. უეჭველად, იგი ყველაფრისმცოდნე, ყველაფრისდამნახველია თავის მსახურთა! 

31. და არ მოჰკლათ შვილნი თქვენი სიღარიბის შიშით! მათაც ჩვენ ვაძლევთ სარჩოს და თქვენაც. უეჭველად, მათი მოკვლა მძიმე ცოდვაა! 

32. და არ მიუახლოვდეთ მრუშობას! უეჭველად, იგი ზნედაცემულობა და ცუდი გზაა. 

33. და არ მოჰკლათ სული, რომელიც ალლაჰმა აკრძალა, გარდა სამართლიანობის აღდგენისთვის. და ვინც მოკლული იქნა უსამართლოდ, მაშინ მის ახლობელს დავუდგინეთ უფლება, მაგრამ არ გადავიდეს ზღვარს შურისგებისას. უეჭველად, იგი შეწევნილი იქნება! 

34. და არ მიეკაროთ ობლის ქონებას, გარდა სიკეთით, სანამ არ გახდება სრულწლოვანი. და აღასრულეთ აღთქმა. უეჭველად, აღთქმა პასუხისმგებლობაა! 

35. როცა რამეს წყავთ, სრულქმენით საწყაო და აწონეთ ჭეშმარიტად და სამართლიანად. აი, ეს უფრო უკეთესი და უფრო მშვენიერია შედეგის მხრივ! 

36. არ მისდიო იმას, რისი ცოდნაც არ მოგეპოვება შენ. უეჭველად, ყურის, თვალის და გულისგან, ყველასგან პასუხი მოეკითხება! 

37. და არ იარო ქვეყანაზე ამაყად, უეჭველად, შენ ვერ გახვრეტ დედამიწას და ვერ აწვდები მთებს სიმაღლით! 

38. ყოველივე ეს შენი ღმერთის წინაშე უკეთურია, საძულველია! 

39. აი ეს, რაც ზეშთაგაგონა შენ , ღმერთმა შენმა სიბრძნიდან. და არ დაიდგინო ალლაჰის ერთად სხვა ღვთაება, რამეთუ ჩაგდებულ იქნები ჯოჯოხეთში განკიცხული და გაძევებული! 

40. ნუთუ პატივი დაგდო თქვენ ღმერთმა თქვენმა ძეებით და ასულები ანგელოზებად მისთვის დაიდგინა? უეჭველად, თქვენ დიდ სიტყვას ამბობთ! 

41. და ვფიცავ! ჩვენ განვმარტეთ ყურანში, რათა შეეგონათ, მაგრამ არაფერი შეჰმატა მათ, გარდა ზიზღისა . 

42. უთხარი : „რომ ყოფილიყვნენ მის ერთად ღვთაებები, როგორც თვითონ ამბობენ, მაშინ უთუოდ მოიწადინებდნენ ისინი მიღწევას ტახტრევნის მეუფემდე .“ 

43. დიდება მას! და იგი დიადი, უზენაესი და დიდებულია იმაზე, რასაც ისინი ამბობენ! 

44. დიდებას აღავლენს მისთვის შვიდი ცა, მიწა, და ყოველი, რაც მათ შორისაა. არ არს რაიმე, მას რომ არ განადიდებდეს ქებით, მაგრამ თქვენ ვერ ჩასწვდებით მათ ქება-დიდებანს. უეჭველად, იგი სულგრძელია, შემნდობია! 

45. და როცა წაიკითხე ყურანი, ჩვენ დავადგინეთ უხილავი ფარდა შენსა და მათ შორის, რომელთაც არ სწამთ საიქიო. 

46. და ჩვენ გადავაფარეთ მათ გულებს საბურველი და დავაყრუეთ მათი ყურები, რათა ვერ გაეგოთ ის! და როცა შენი ღმერთის ერთობას მოიხსენიებ ყურანში, ზურგს იქცევენ ზიზღით. 

47. ჩვენ უკეთ ვუწყით თუ რას შეისმენენ ისინი, როცა შენ გისმენენ. და როცა ფარულად ბჭობენ, უსამართლონი ამბობენ: „თქვენ მხოლოდ და მხოლოდ მონუსხულ კაცს მიჰყვებითო!“ 

48. შეხედე შენთვის როგორი მაგალითები მოიყვანეს , ამგვარად, აცდნენ ისინი ჭეშმარიტ გზას, და უკვე ვეღარ შეძლებენ გაიგნონ იგი . 

49. და თქვეს: „განა მას მერე, რაც ჩვენგან ძვლები დარჩება და ფერფლად ვიქცევით, ნუთუ ჩვენ, უთუოდ, ახალი გაჩენით უნდა აღვსდგეთ?“ 

50. უთხარი: „ქვადაც რომ იქცეთ ან რკინად, 

51. ან ქმნილებად, რომლის წარმოსახვაც გიჭირთ“ . მაშინ იტყვიან: „ვინ დაგვაბრუნებსო?“ უთხარი: „რომელმაც თავდაპირველად გაგაჩინათ.“ მაშინ შენ თავს გაგიქნევენ და იტყვიან: „როდის იქნება იგი?“ უთხარი: „შეიძლება მალე მოხდეს!“ 

52. იმ დღეს უმალ ქება-დიდებით უპასუხებთ მას და მოგეჩვენებათ, რომ მხოლოდ მცირე ხნით დაჰყავით . 

53. უთხარი ჩემს მსახურთ : „უთხრან სიტყვა კეთილი!“ უეჭველად, ეშმაკი უკეთურებას თესავს მათ შორის. უთუოდ, ეშმაკი ადამიანის ცხადი მტერია! 

54. ღმერთი თქვენი უკეთ გიცნობთ თქვენ. თუ ინებებს მოწყალებას მოიღებს თქვენზე, და თუ ინებებს, სასჯელს მოგივლენთ. შენ არ წარგვიგზავნიხარ მათდა მეურვედ! 

55. და ღმერთი შენი უკეთ უწყის, ვინცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ვფიცავ, აღმატებულ ვქმენით ზოგი შუამავალნი. და დავუდს ვუბოძეთ ზებური ! 

56. უთხარი: „მოუხმეთ იმათ, რომელნიც ივარაუდეთ მის გარდა . თუმცაღა არ ძალუძთ მათ თქვენგან უბედურების მოცილება და არც შეცვლა მისი! 

57. ისინი, რომელთაც უხმობენ (რომელნიც ალლაჰის მაგივრად დაიდგინეს): „რომელი უფრო ახლოს იქნება“ თავიანთ ღმერთთან, თვითონვე (ეს ღვთაებები) ეძებენ საბაბს , იმედი აქვთ მისი წყალობის და ეშინიათ მისი სასჯელის. უეჭველად, შენი ღმერთის სასჯელი მრისხანეა! 

58. და არ არის არც ერთი დასახლება, რომ არ გავანადგუროთ იგი წარღვნის დღემდე, ან არ დავსაჯოთ სასტიკი სასჯელით . აი ეს დაწერილია წიგნში ! 

59. და რომ მოვუვლინოთ სასწაულები, რა გვაკავებს თუ არა ის, რომ წინა თაობებმა მაინც არ ირწმუნეს იგი. რამეთუ ჩვენ ვუბოძეთ სემუდეველებს დედალი აქლემი ცხად სასწაულად, ხოლო ისინი უსამართლოდ მოექცნენ მას. და ჩვენ არ მოვავლენთ სასწაულებს, თუ არა დასაშინებლად! 

60. და აკი, გითხარით შენ: „უეჭველად, შენი ღმერთი გარემოიცავს ხალხს!“ და არ დაგვიდგენია სიზმარი „ხე დაწყევლილი ყურანში “, რომელიც შენ გახილვინეთ , თუ არა გამოცდის საბაბად ხალხთათვის. ჩვენ შევაგონებთ მათ , მაგრამ ეს, საშინელი ურჩობის გარდა, არაფერს ჰმატებს მათ! 

61. და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა, მან თქვა: „განა სეჯდე უნდა აღვასრულო იმისთვის, ვინც შენ ტალახისგან გააჩინე?“ 

62. თქვა : „მამცნე შენ ეს, რომელიც აღმატებულ ჰქმენი ჩემდა . თუკი მე გადამივადებ აღდგომის დღემდე, უთუოდ მე დავიმორჩილებ მის შთამომავლობას, მცირედის გამოკლებით!“ 

63. უთხრა : „წადი! და მათგან ვინც გამოგყვება შენ, მაშინ, უეჭველად, ზედმიწევნილ საზღაურად ჯოჯოხეთი იქნება სასჯელი თქვენი! 

64. და შეაცდინე, ვისაც შეძლებ მათგან, შენი ხმით. გადაუარე მათ შენი მხედრებით და ქვეითით, და მათ შეეზიარე ქონებაში და შვილებში , და აღუთქვი . მაგრამ, არაფერია ეშმაკის აღთქმა, გარდა ფუჭი დაპირებისა! 

65. უეჭველად, ჩემს მსახურებზე არ გაქვს მეუფება. და კმარა მფარველად შენი ღმერთი!“ 

66. ღმერთი თქვენი, რომელიც გადააადგილებს თქვენთვის გემებს ზღვაში, რათა ეძიოთ მისი წყალობა, უეჭველად, მოწყალეა იგი თქვენთვის! 

67. და როცა შეგეხებათ თქვენ საფრთხე ზღვაში, გაგეცლება, ვისაც მოუხმობდით, გარდა მხოლოდ მისი . მაგრამ როცა გადაგარჩენთ და ნაპირზე გამოგიყვანთ, სახეს იბრუნებთ. ჭეშმარიტად, ადამიანი უმადურია! 

68. ნუთუ უსაფრთხოდ გრძნობთ თავს, რომ გშთანთქოს თქვენ ხმელეთმა ან მოავლინოს თქვენზე ქვების გრიგალი? შემდეგ თქვენთვის ვეღარ ჰპოვებთ მფარველს! 

69. ნუთუ დარწმუნებულნი ხართ, რომ იგი კიდევ ერთხელ არ მიგაბრუნებთ მასში ? მაშინ მოავლენს თქვენდა სასტიკ გრიგალს და დაგახრჩობთ ურწმუნობისთვის. მერე ჩვენს წინააღმდეგ თქვენთვის ვეღარ ჰპოვებთ შემწეს! 

70. და ვფიცავ, ჩვენ აღმატებულ ვჰქმენით ადამის შვილნი და მივეცით საშუალება ემოგზაურათ ზღვასა და ხმელეთზე. ჩვენ ვუწყალობეთ მათ სიკეთენი და უპირატესვჰყავით ისინი სხვა მრავალ ჩვენს გაჩენილებთან შედარებით! 

71. იმ დღეს ჩვენ მოვუხმობთ ყველა ადამიანს თავიანთი წინამძღოლებით . მაშინ ვისაც ებოძება თავისი წიგნი მისივე მარჯვენაში, აი ეგენი წაიკითხავენ თავიანთ წიგნს, და არ დაიჩაგრებიან ხურმას კურკის ღარში რომ აპკი აქვს, იმ დონეზეც კი! 

72. და აქ , ვინც იყო ბრმა იგი იმქვეყანაშიც ბრმა იქნება და კიდევ უფრო გზააბნეული! 

73. მათ კინაღამ გადაგახვევინეს იმისგან, რაც ჩვენ ზეშთაგაგონეთ, რათა შეგეთხზა ჩვენზე განსხვავებული. სწორედ მაშინ შენ გახდებოდი მათი მეგობარი. 

74. და რომ არ განგვემტკიცებინე ჩვენ, ვფიცავ, რომ შენ მათკენ ცოტას გადაიხრებოდი! 

75. მაშინ უთუოდ გაგემებდით შენ ორმაგს სიცოცხლეში და ორმაგს მკვდარს. მერე ჩვენს წინააღმდეგ ვერ ჰპოვებდი შემწეს შენთვის! 

76. და კინაღამ გაგაძევეს შენ ამ მიწაწყლიდან ზეწოლით. მაგრამ ასე რომ მომხდარიყო, თავადაც მცირე ხნით დარჩებოდნენ შენს მერე! 

77. ესაა ალლაჰის დადგენილი კანონი ჩვენს შუამავალთათვის, რომელნიც შენს უწინ წარვგზავნეთ . და ვერ ჰპოვებ ჩვენს კანონებში ცვლილებას! 

78. ლოცვა აღავლინე შუადღის დადგომიდან ღამის დაბინდებამდე და იკითხე ყურანი გამთენიისას. და ილოცე დილის ლოცვა, უეჭველად, დილის ლოცვა მოწმეობაა! 

79. და ღამის ერთ ნაწილში ილოცე ყურანით, კერძოდ, შენთვის განსაკუთრებული დამატებითი ლოცვა. ეგების ღმერთმა შენმა მოგმადლოს ადგილი ქებული! 

80. და თქვი: „ღმერთო ჩემო! შემიყვანე ჭეშმარიტებით და გამომიყვანე ჭეშმარიტებით, და დამიდგინე შენგან დამხმარე ძალა !“ 

81. და თქვი : „მოვიდა ჭეშმარიტება , მოიშთო სიცრუე . უეჭველად, სიცრუე განწირულია მოსაშთობად .“ 

82. და ვავლენთ ყურანიდან იმას, რაც განკურნება და წყალობაა მორწმუნეთათვის. და არაფერს შესძენს უსამართლონს, ზარალის გარდა! 

83. და როცა ადამიანს წყალობას ვუბოძებთ, პირს იბრუნებს და გაიძურწება . და თუ სიავე მიეწევა, სასოწარკვეთა იპყრობს. 

84. უთხარი: „ყველა იღწვის თავისივე გზაზე. ასე, რომ ღმერთი თქვენი უკეთ უწყის ვინ უფრო სწორ გზას ადგას! 

85. და გეკითხებიან შენ სულის შესახებ , უთხარი: „სული ჩემი ღმერთის მბრძანებლობაშია , და არ მოგნიჭებიათ თქვენ ცოდნისგან მცირედის გარდა!“ 

86. ჩვენ რომ გვენება, უთუოდ წარვიღებდით იმას, რომელიც ჩვენ ზეშთაგაგონეთ . მერე ჩვენს წინაშე ვერ ჰპოვებ შენთვის შემწეს! 

87. (ეს) მხოლოდ შენი ღმერთისგან ერთგვარი წყალობაა. უეჭველად, სიკეთე მისი შენდამი დიდია ! 

88. უთხარი: „რომც გაერთიანდნენ კაცნი და ჯინნი, რათა შექმნან მსგავსი ამ ყურანისა, ვერ შექმნიან მის მსგავსს, თუნდაც ერთიმეორეს დაეხმარონ!“ 

89. და ვფიცავ, ჩვენ განვუმარტეთ ადამიანებს ამ ყურანში ყველანაირი იგავი. ამის მიუხედავად ადამიანთა უმეტესობამ მხოლოდ ურწმუნოება დაიჟინა. 

90. და თქვეს: „არაფრის დიდებით არ ვირწმუნებთ, სანამ მიწიდან ჩვენთვის წყაროს არ ამოაფრქვევ, 

91. ან არ გექნება შენ ხურმისა და ვაზის ბაღი, რომელშიც ნაკადულები იჩუხჩუხებს; 

92. თუ ჩამოგვამხობ ცას ნაფლეთებად, როგორც გვპირდებოდი, ან თუ წარსდგები ალლაჰისა და ანგელოზების თანხლებით ; 

93. ან გექნება შენ სახლი ოქროსგან, ან ცათ ამაღლდები. თუმცა მაინც არ დავიჯერებთ შენს ამაღლებას, სანამ არ ჩამოგვიტან წიგნს, რომელსაც წავიკითხავთ.“ უთხარი: „დიდება ჩემს უფალს! მე ხომ მხოლოდ ადამიანი შუამავალი ვარ!“ 

94. მათ როცა მოუვიდათ ჭეშმარიტება, არაფერს დაუბრკოლებია ისინი, რომ ერწმუნათ, გარდა საკუთარი ნათქვამისა: „ნუთუ ალლაჰმა ადამიანი წარმოგზავნა შუამავლად?“ 

95. უთხარი: „რომ ყოფილიყვნენ დედამიწაზე დამკვიდრებულნი მოსიარულე ანგელოზები, უთუოდ გარდმოვავლენდით ჩვენ ზეციდან შუამავლად ანგელოზს მათდა.“ 

96. უთხარი: „ალლაჰი კმარა მოწმედ ჩემსა და თქვენ შორის. უეჭველად, იგი უწყის და ხედავს თავის მსახურთ!“ 

97. და ვისაც ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, იგი ნამდვილად ჭეშმარიტ გზას ადგას. და ვისაც ააცდენს ჭეშმარიტ გზას, შემწედ ვერავის უპოვი მათ, გარდა მისი . აღდგომის დღეს აღმოვაცენებთ თავიანთი სახეებით მათ მოფორთხიალეს, ბრმას, მუნჯს, ყრუს. მათი სამკვიდრო ჯოჯოხეთია. როგორც კი ჩაქრობას დიწყებს, მოვუმატებთ მათ მოგიზგიზე ცეცხლს! 

98. აი, ესაა მათი საზღაური იმისთვის, რომ უარყვეს ჩვენი აიათები და თქვეს : „განა მას მერე, რაც ჩვენგან ძვლები დარჩება და ფერფლად ვიქცევით, ნუთუ ჩვენ ახალი გაჩენით უნდა აღვსდგეთ?“ 

99. ნუთუ ვერ ხედავენ, რომ ალლაჰი იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა, შემძლეა, გააჩინოს მათი მსგავსნი? და დაადგინა მათთვის ვადა, რომელშიც არ არის ეჭვი. ამის მიუხედავად უსამართლონმა მხოლოდ ურწმუნოება დაიჟინეს. 

100. უთხარი: „თქვენ რომ ჩემი უფლის მოწყალების საგანძურს ფლობდეთ, მაინც იძუნწებდით გაღატაკების შიშით, რამეთუ ადამიანი ძუნწია!“ 

101. და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ მუსას ცხრა აშკარა სასწაული. მაშ, ჰკითხე ისრაილის შვილთ, აკი, მათთან მივიდა . მაშინ ფარაონმა უთხრა მას: ჰეი, მუსა! უეჭველად, მე ნამდვილად მოჯადოებული მგონიხარ.“ 

102. მიუგო : „შენ უკვე იცი, რომ სწორედ ცათა და ქვეყნის უფლის გარდმოვლენილია ხილული სასწაულები. ფარაონო, უეჭველად, მე ვფიქრობ, ნამდვილად დაღუპვა გიწერია!“ 

103. ამის შემდეგ მათი მიწა-წყლიდან განდევნა მოინდომა , მაგრამ ჩვენ დავახრჩეთ იგი და ყველა მისი მხლებელი. 

104. და ვუთხარით ამის შემდგომ ისრაილის შვილთ: „იცხოვრეთ ამ მიწაზე. და როცა მოვა ბოლო აღთქმა , თქვენ ერთიანად შეგკრებთ!“ 

105. და ჭეშმარიტება იგი ჩვენ ზეგარდმოვავლინეთ. და ჭეშმარიტებით ზეგარდმოვლინდა . შენ კი არ წარგვიგზავნიხარ, თუ არა მახარობლად და შემგონებლად. 

106. და ჩვენ დავყავით იგი, ყურანი, რათა უკითხო ის ხალხს დახვეწილად, და ზეგარდმოვავლინეთ იგი თანდათანობით. 

107. უთხარი : „გინდ ირწმუნეთ იგი, გინდ - არა! უეჭველად, რომელთაც ებოძათ ცოდნა მანამდე , როცა ეკითხებათ მათ, იჩოქებენ სეჯდეზე ნიკაპებით. 

108. და ამბობენ: „დიდება, ჩვენს ღმერთს! უთუოდ, ჩვენი ღმერთის აღთქმა აღსრულდება!“ 

109. ისინი ტირილით პირქვე მიწას ემხობიან. და აძლიერებს მათ მოკრძალებას. 

110. უთხარი: „მოუხმეთ ალლაჰს ან მწყალობელს! როგორც უნდა უხმოთ, ყველა მშვენიერი სახელია მისი .“ და არ აუწიო ხმას ლოცვაში და არც დაუწიო მას, ამ ორ შორის საშუალო გზა დაიდგინე! 

111. და თქვი: „ქება-დიდება ალლაჰს, რომელსაც არ დაუდგენია ძე, და არც ყოლია მას თანამოზიარე ხელმწიფებაში , არ არს მისდა უმწეობა და არც სჭირდება მეოხე.“ და თექბირით განადიდე იგი!