11.ჰუდ

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 11 

„ჰუდ“ 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1. ელიფ. ლამ. რა. აი წიგნი, რომლის აიათები განმტკიცდა, მერე კი განიმარტა ბრძენისა და ყოვლისმცოდნის მიერ . 

2. რათა არ ეთაყვანოთ არავის, ალლაჰის გარდა. უეჭველად, მე ვარ თქვენთვის მის მიერ (მოვლენილი) შემგონებელი და მახარობელი. 

3. და რომ მიტევება შესთხოვოთ თქვენს ღმერთს და შემდეგ მოინანიოთ მის წინაშე, რათა მან მოგმადლოთ კეთილი საზრდო დადგენილ ვადამდე და წყალობა მიანიჭოს ყველა კეთილშობილს. და თუ პირს იბრუნებთ, მაშინ, უეჭველად, მეშინია, რომ თქვენ არ გეწიოთ უდიდესი დღის სასჯელი! 

4. ალლაჰთანაა თქვენი მისაქციელი, და მას ყველაფერზე ძალა შესწევს. 

5. არა! ერთი შეხედე, უეჭველად,ისინი თავიანთ გულებს იგრაგნიან, რათა დამალონ მისგან . არა! ერთი შეხედეთ, მაშინაც კი, როცა იფარებენ თავიანთ სამოსელს, იგი უწყის, რასაც მალავენ და რასაც აცხადებენ. უეჭველად, მცოდნეა იგი გულთა ნადებისა! 

6. და არ მოიძებნება დედამიწაზე სულიერი, ალლაჰს რომ არ მიეცა მისთვის სარჩო. ალლაჰი უწყის მათ ადგილსამყოფელს და განსასვენებელს . ყოველივე ეს ცხად წიგნშია . 

7. და იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში , რამეთუ მასზე წინ მისი არში წყალსა ზედა ემართა . ეს იმისთვის, რომ გამოეცადეთ თქვენ, ვინ უფრო უკეთ მოიქცეოდა. და თუ შენ ეტყვი : „უეჭველად, თქვენ აღდგენილი იქნებით სიკვდილის შემდეგ“, უთუოდ იტყვიან, რომელთაც უარყვეს: ეს მხოლოდ აშკარა ჯადოქრობაა. 

8. და ვფიცავ, თუ ჩვენ მათგან სასჯელს შევაყოვნებთ განსაზღვრულ დრომდე, უეჭველად, იტყვიან: „მას რაღა აკავებსო?“ იცოდეთ, ერთ დღესაც, როცა ის მიეწევათ მათ, ვეღარავინ უკუაქცევს მას და გარს შემოერტყმება იგი, რასაც აბუჩად იგდებდნენ! 

9. და თუ ნამდვილად ჩვენ ვაგემებთ კაცს წყალობას , მერე კი ავაცლით, უეჭველად, იგი სასოწარკვეთას მიეცემა და უმადურობას მოუმატებს. 

10. ხოლო თუ წყალობას მას შემდგომ ვაგემებთ, რაც უბედურება იწვნია, უეჭველად, იტყვის: „წავიდა ჩემგან უბედურებანი.“ უეჭველად, იგი თავგასული და მედიდურია, 

11. გარდა, რომელთაც მოითმინეს და თესეს სიკეთენი. სწორედ, მათთვისაა მიტევება და საზღაური დიდი . 

12. იმის გამო, რომ ამბობენ: რა იქნებოდა გარდგმოვლენოდა განძი ან მოსულიყო მის ერთად ანგელოზიო, შენ შეიძლება გული შეგიწუხდეს და ხელი აიღო ზეშთაგონების იმ ნაწილზე, რაც გარდმოვლენილი იქნა შენზე. მაგრამ შენ ხომ მხოლოდ შემგონებელი ხარ. და ალლაჰია ყოველივეს მეთვალყურე! 

13. ან კიდევ ამბობენ: „იგი მან შეთხზაო.“ უთხარი: „მაშ, მოიტანეთ ათიოდე სურა ამის მსგავსი შეთხზული და მოუხმეთ ვისაც შეძლებთ, გარდა ალლაჰისა, თუ თქვენ მართალნი ხართ!“ 

14. მაშინ თუ არ გამოგეხმაურნენ თქვენ, იცოდეთ, რომ ის მხოლოდ ალლაჰის განგებითაა მოვლენილი და რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. ნუთუ კიდევ არ გახდებით მუსლიმები? 

15. ვისაც უნდა ამქვეყნიური ცხოვრება და მისი მშვენებანი, სრულად მივაგებთ მათი საქმეებისთვის ამქვეყანასვე და მათ იქ არაფერი მოაკლდებათ . 

16. აი ისინი, რომელთა ნამოღვაწარიც ფუჭია იქ . და მათ არაფერი მოეპოვებათ საიქიოში, გარდა ცეცხლისა. ფუჭია მათი ნაყოფები იქ. და ამაოა, რასაც აკეთებდნენ. 

17. განა (ამათი მსგავსია ის), ვინც ადგას ცხად მოწმობას მისი ღმერთისგან , და მოსდევს მას მოწმე მისგანვე და მის წინ მუსას წიგნი წინამძღოლად და წყალობად? სწორედ ეგენი ირწმუნებენ მას . ხოლო იმ ჯგუფებს შორის, ვინც უარყოფს , ცეცხლია ადგილსამყოფელად მათზე აღთქმული. ამის შემდეგ ნუ იქნები ეჭვში მის მიმართ. უეჭველად, ეს ჭეშმარიტებაა შენი ღმერთისგან. მაგრამ ხალხის უმეტესობა არ ირწმუნებს. 

18. და ვინ იქნება იმაზე უსამრთლო, ვინც ალლაჰზე სიცრუეს შეთხზავს ? სწორედ ეგენი წარსდგებიან თავიანთი ღმერთის წინაშე, და იტყვიან მოწმენი : „აი ისინი, რომელთაც იცრუეს თავიანთ ღმერთზე.“ დაე, ალლაჰის წყევლა უსამართლონზე , 

19. რომელნიც წინ აღუდგებიან ალლაჰის გზას , და ცდილობენ მის გამრუდებას და სწორედ ეგენი არიან საიქიოს უარმყოფელნი! 

20. ისინი ვერ დააკნინებენ დედამიწაზე და არ ეყოლებათ მეგობარი , ალლაჰის გარდა. მათი ტანჯვა გაორმაგდება, რამეთუ მათ არ ძალუძთ მოსმენა და მაგათმა ვერ დაინახეს! 

21. აი ეგენი, რომელთაც წაიწყმიდეს თავიანთი სულნი. და გაქრა მათგან იგი , რასაც თხზავდნენ. 

22. უსათუოდ, საიქიოში ყველაზე მეტად წაგებულნი ეგენი არიან. 

23. უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, და ჰმორჩილებდნენ თავიანთ ღმერთს, სწორედ ეგენი არიან სამოთხის მკვიდრნი, სადაც მარადიულად დარჩებიან! 

24. ამ ორი ჯგუფის მდგომარეობა ბრმა-ყრუსი და მხედველ-გამგონის მდგომარეობას ჰგავს. განა შეიდრება მათი მდგომარეობა? ნუთუ არ დაფიქრდებით? 

25. და ვფიცავ! ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან : „უეჭველად , მე ვარ ცხადი შემგონებელი თქვენთვის. 

26. არ სცეთ თაყვანი არავის, გარდა ალლაჰისა. უეჭველად, მე მეშინია, რომ არ გეწიოთ თქვენ იმ მწარე დღის სასჯელი“! 

27. მაშინ უთხრეს მისი ხალხის წინამძღოლებმა, რომელთაც უარყვეს: „ჩვენ ვერ გხედავთ შენ, თუ არა ადამიანს, ჩვენსა მსგავსს. და ვერ გხედავთ მოგყოლოდა შენ გარდა მათი, რომელნიც ჩვენში ჭკუასუსტი მდაბიონი არიან. და ვერ ვხედავთ თქვენს რაიმე უპირატესობას ჩვენზე. პირიქით, ჩვენ ცრუებად გთვლით თქვენ! 

28. უთხარა: „ხალხო ჩემო! ნუთუ ესაა თქვენი თვალთახედვა, იქნებ მე ვეყრდნობი ცხად მტკიცებებს ჩემი ღმერთისგან და მისგანვე მომმადლა წყალობა , რომელსაც თქვენ ვერ ჭვრეტთ. ნუთუ დაგაძალებთ იმას, რაც თქვენ არ მოგწონთ? 

29. ხალხო ჩემო! მე თქვენ არ გთხოვ მის სანაცვლოდ ქონებას, ჩემი საზღაური მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. და მე არა ვარ ზურგის შემქცევი, რომელთაც ირწმუნეს. უეჭველად, ეგენი თავიანთ ღმერთთან მიაღწევენ . მაგრამ მე გთვლი თქვენ უმეცარ ხალხად . 

30. ხალხო ჩემო! ვინ შემეწევა ალლაჰის წინაშე , თუ მე მათ გავაგდებ? ნუთუ აღარ შეიგონებთ? 

31. და არ გეუბნები თქვენ, რომ ჩემთანაა ალლაჰის ხაზინები. და არ ვუწყი უხილავს. და არ ვამბობ, რომ მე, უეჭველად, ანგელოზი ვარ. და არ ვამბობ, რომელნიც თქვენს თვალში დამცირებულნი არიან, რომ მათ ალლაჰი არასდროს მოჰმადლის სიკეთეს. ალლაჰი უკეთ უწყის იმას, რაც მათ სულებშია . უეჭველად, მე მაშინ უსამართლოთაგანი ვიქნები. 

32. მიუგეს: „ჰეი, ნუჰ! შენ უკვე წინააღმდეგობა გაგვიწიე ჩვენ და გადაჭარბებულიც მოგივიდა. მაშ, გვაწიე იგი , რაც აღგვითქვი ჩვენ, თუკი ხარ მართალთაგანი!“ 

33. უთხრა: მხოლოდ ალლაჰი გაწევთ თქვენ მას, თუკი ინებებს და თქვენ არ ხართ უძლურად დამტოვებელნი . 

34. და ვერ გარგებთ თქვენ ჩემი დარიგება, რომც ვისურვო თქვენთვის კეთილი რჩევის მოცემა, თუკი ნებავს ალლაჰს გზას აგაცდინოთ. იგია ღმერთი თქვენი და მასთან იქნებით მიბრუნებულნი. 

35. განა ამბობენ : „იგი მან შეთხზაო.“ უთხარი: „თუ იგი შევთხზე მე, მაშინ ჩემი ცოდვა მე მეკუთვნის, და მე თქვენი ჩადენილი ცოდვებისგან შორს ვარ.“ 

36. და ზეშთაეგონა ნუჰს, რომ არავინ ირწმუნებს მისი ხალხიდან, გარდა ვინც უკვე ირწმუნა. მაშ, ნუ იდარდებ იმაზე, რასაც ისინი აკეთებენ!

37. და ააგე ხომალდი ჩვენ თვალწინ და ჩვენსავ შთაგონებისამებრ . და არ მომმართო მე იმათ გამო, რომელთაც უსამართლობა ჰქნეს . უეჭველად, დასახრჩობელნი არიან ეგენი! 

38. და აგებდა იგი ხომალდს და ყოველთვის, როცა მის გვერდით ჩაივლიდნენ მისივე ხალხიდან წინამძღოლები, დასცინოდნენ მას. უთხრა: „თუკი დაგვცინით ჩვენ, უეჭველად, ჩვენც დაგცინებთ ისევე ,როგორც თქვენ დაგვცინით. 

39. სულ მალე შეიტყობენ, ვის ეწევა დამამცირებელი სასჯელი და ვის დაატყდება მარადიული ტანჯვა. 

40. მაშინ, როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება და აგიზგიზდა თონე , ვუთხარით: „აიყვანე მასში ყველა სახეობიდან წყვილები სათითაოდ, ასევე ვინც ირწმუნა და ოჯახი შენი , იმათი გამოკლებით, ვისზეც განვლო სიტყვამ . და არ ირწმუნა მასთან ერთად მცირედის გარდა . 

41. და უთხრა : „ჩასხედით მასში! ალლაჰის სახელითაა ცურვა მისი და გაჩერება მისი (ღუზის ჩაშვება). უეჭველად, ღმერთი ჩემი შემნდობია, მწყალობელია!“ 

42. და იგი მათ გორასავით ტალღებში მიაქანებდა, და დაუძახა ნუჰმა თავის ვაჟს , რომელიც სანაპიროზე იდგა : „ჰეი, შვილო ჩემო! ჩაჯექი ჩვენთან ერთად და ნუ დარჩები ურწმუნოებთან ერთად!“ 

43. მიუგო: „თავს შევაფარებ მთას, მიხსნის მე წყლისგან. “უთხრა: ,,არ არს დამცავი ამ დღეს ალლაჰის ბრძანებისგან გარდა მათი, რომლებზეც წყალობა მოიღო!“ და მაშინ ტალღამ დააშორა ისინი და ასე დამხრჩვალთაგან აღმოჩნდა. 

44. და ებრძანა: „ჰეი მიწავ, შთანთქე წყალი შენი! და ჰეი ზეცავ, შესდექ!“ წყალმა იკლო, აღსრულდა ნება. ხომალდი შედგა ალ-ჯუდის მთაზე, და ითქვა: „დაე, დაიხრჩონ უსამართლონი!“ 

45. და შეჰღაღადა ნუჰმა თავის ღმერთს. თქვა: „ღმერთო ჩემო! უეჭველად, ვაჟი ჩემი ჩემივე ოჯახის ნაწილია . და უთუოდ, ჭეშმარიტია აღთქმა შენი. და შენ საუკეთესო მსაჯული ხარ მსაჯულთა შორის!“ 

46. მიუგო : „ჰეი, ნუჰ! უეჭველად, იგი არ არის შენი ოჯახის ნაწილი. უეჭველად, იგი საქმე არ არის ჭეშმარიტი . მაშ, ნუ მთხოვ იმას, რის შესახებაც ცოდნა არ მოგეპოვება. უეჭველად, შეგაგონებ შენ, რომ არ იყო უმეცართაგანი“! 

47. უთხრა: „ღმერთო ჩემო! უეჭველად, მე შენ მოგეკედლები იმისგან, რომ გთხოვე ის, რაც მე არ გამეგება. და თუ არ შემინდობ და არ შემიწყალებ, წაწყმედილთა შორის აღმოვჩნდები.“ 

48. და ებრძანა: „ჰეი, ნუჰ! გადმოდი ჩვენმიერი მშვიდობითა და შენდამი სიკეთით და ის ხალხიც, შენთან ერთად რომ არიან. და სხვა ხალხიც, რომლებსაც დროებით ვასაზრდოებთ , მერე კი მიეწევათ მათ მწარე სასჯელი ჩვენგან .“ 

49. აი (ყოველივე) ეს იმ დაფარულ ამბავთაგანია, რომელსაც შენ ზეშთაგაგონებთ . არც შენ და არც შენმა ხალხმა არ იცოდით აქამდე. მაშ, იყავი მომთმენი, უეჭველად, აღსასრული ღვთისმოშიშებისაა. 

50. და ადის ხალხთან მათი ძმა ჰუდი. უთხრა: „ჰეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ არს თქვენთვის სხვა ღვთაება, გარდა მისი! თქვენ კი მხოლოდ სიცრუეს თხზავთ. 

51. ხალხო ჩემო! მე თქვენ არ გთხოვ ამისათვის საზღაურს, ჩემი საზღაური მხოლოდ მას ეკუთვნის, რომელმაც გამაჩინა. განა არ მოუხმობთ გონებას? 

52. ხალხო ჩემო! მიტევება შესთხოვეთ თქვენს ღმერთს , მერე კი მოინანიეთ მის წინაშე. იგი ზეგარდმოგივლენთ ზეციდან უხვად წვიმას და თქვენს ძლიერებას ძალას შეჰმატებს. და არ იბრუნოთ პირი, როგორც ცოდვილნი!“ 

53. უთხრეს: „ჰეი, ჰუდ! შენ ჩვენთვის ცხადი სასწაულები არ მოგიტანია და შენი სიტყვის გამო არ მივატოვებთ ჩვენს ღმერთებს. და ჩვენ არ ვართ დამჯერნი შენი. 

54. ჩვენ მხოლოდ გეტყვით, რომ ჩვენი ღმერთების ერთმა ნაწილმა სიავე გაწია. მიუგო: „უეჭველად, ალლაჰს მოვუხმობ მოწმედ და დამიმოწმეთ თქვენ, რომ უეჭველად, მე შორსა ვარ იმათგან , რასაც თქვენ თანაზიარად უდგენთ , 

55. გარეშე მისა. აწ ხლართეთ ხრიკები ჩემ წინააღმდეგ ერთობლივად , მერე არ გადამივადოთ. 

56. უეჭველად, მე მივენდე ალლაჰს, ჩემ ღმერთსა და თქვენს ღმერთს. არ არის ქვეყნად სულიერი, რომელიც მას ქოჩრით არ ჰყავდეს დათრეული. უეჭველად, ჩემი ღმერთის გზა გზათაგან ყველაზე ჭეშმარიტია!

57. მე უკვე გადმომიცია ის, რითიც წარმოვიგზავნე თქვენთან და თუ ზურგს შეაქცევთ, ჩაგანაცვლებთ თქვენ ჩემი ღმერთი სხვა ხალხით, და ვერას ავნებთ თქვენ მას. უეჭველად, ღმერთი ჩემი დამცველია ყოველსა ზედა!“ 

58. და როცა გაცხადდა ჩვენი განგება , ჩვენ ვიხსენით ჰუდი და რომელთაც ირწმუნეს მის ერთად, ჩვენივე წყალობით. და ჩვენ დავიხსენით ისინი სასტიკი სასჯელისგან. 

59. აი, ასეთნი იყვნენ ადის ხალხი! მათ უარყვეს თავიანთი ღმერთის აიათები, და მის შუამავლებს ეურჩნენ და ყოველ ამპარტავანი ურჩის ბრძანებას მიჰყვნენ. 

60. და უკან მიედევნება მათ წყევლა ამქვეყნიერ ცხოვრებაში და აღდგომის დღეს. დიახ! უეჭველად, ადის ხალხმა უარყვეს თავიანთი ღმერთი. დიახ, გაწირა ადის ხალხი, ჰუდის ერი! 

61. და სემუდის ხალხთან მათი ძმა სალიჰი. უთხრა: „ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ არს თქვენთვის სხვა ღვთაება, გარდა მისი! მან გაგაჩინათ თქვენ მიწისგან და მასზევე დაგაბინავათ. პატიება შესთხოვეთ მას და მერე მოინანიეთ მის წინაშე. უეჭველად, ჩემი ღმერთი ახლოა , მიმღებია ვედრების!“ 

62. მიუგეს: „ჰეი სალიჰ! აქამდე შენ იმედი იყავი ჩვენში. ნუთუ გვიკრძალავ თაყვანი ვცეთ იმას, ვისაც ჩვენი მამები ეთაყვანებოდნენ ? და, უეჭველად, ჩვენ ეჭვი გვაქვს იმისადმი, რისკენაც მოგვიწოდებ.“ 

63. უთხრა: „ხალხო ჩემო! მაშინ რას იტყვით, თუ ვარ ცხად მტკიცებულებაზე ჩემი ღმერთისგან და მებოძა მისგან წყალობა ? მაშ, ვინ დამეხმარება ალლაჰისგან , თუ ვეურჩე მას? მაშინ თქვენ ვერაფერს შემმატებთ , გარდა ზიანისა . 

64. ჰეი, ხალხო ჩემო! ეს დედალი აქლემი სასწაულად თქვენთვის ალლაჰისაგან. მაშ, გაუშვით იგი, ძოვოს ალლაჰის მიწაზე და არ შეეხოთ მას ბოროტად , თორემ მწარე სასჯელი შეგიპყრობს თქვენ! 

65. მაგრამ დაკლეს. და სალიჰმა უთხრა: „დატკბით თქვენს სახლებში კიდევ სამი დღე . ეს აღთქმა შეუცვლელია.“ 

66. და როცა გაცხადდა ნება ჩვენი, ჩვენ ვიხსენით სალიჰი და ისინი, რომელთაც ირწმუნეს მის ერთად ჩვენსავე წყალობით, იმდღინდელი დამცირებისგან. უეჭველად, შენი ღმერთი ყოვლისშემძლეა, ძლევამოსილი! 

67. და ისინი, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, შეიპყრო საშინელმა ხმამ და იქმნენ თავიანთ სახლებში ჩაჩოქილი მუხლებზე . 

68. თითქოს იქ არც ეცხოვრათ. დიახ! უეჭველად, სემუდეველებმა უარყვეს თავიანთი ღმერთი. დიახ, გაიწირნენ სემუდეველნი! 

69. და ვფიცავ! ჩვენი ელჩები იბრაჰიმთან მივიდნენ სამახარობლოთი და უთხრეს: „სალამი!“ მიუგო: „სალამი თქვენდა!“ და უმალვე მათ შემწვარი ხბო მიართვა. 

70. მაგრამ როცა დაინახა, მათი ხელები არ გაწვდილა მისკენ , დაეჭვდა და შიში იგრძნო მათ მიმართ. უთხრეს: „ნუ გეშინია! უეჭველად, ჩვენ წარმოგზავნილნი ვართ ლუტის ხალხთან!“ 

71. და მის ცოლს გაეცინა ფეხზე მდგომს . მაშინ ვახარეთ მას ისჰაყი და ისჰაყის შემდგომ იაღყუბი. 

72. თქვა : „ვაი, ჩემს თავს! ნუთუ მე უნდა შემეძინოს (შვილი), როცა მე დედაბერი ვარ , და ჩემი ქმარიც ბერიკაცია ? უეჭველად, ეს სასწაულია!“ 

73. უთხრეს: „ნუთუ გაკვირვებთ ალლაჰის ბრძანება? წყალობა ალლაჰისა და ხვავი-ბარაქა მისი თქვენზეა, სახლის ბინადარნო! უეჭველად, იგია ყოვლადქებული, დიდებული!“ 

74. როცა იბრაჰიმს შიშმა გადაუარა და მას სასიხარულო ამბავი მოუვიდა, კამათი დაგვიწყო ლუტის ხალხთან დაკავშირებით, 

75. რადგანაც იბრაჰიმი თავმდაბალი, მგრძნობიარე და მომნანიებელი იყო. 

76. ჰეი, იბრაჰიმ! თავი ანებე ამას, უეჭველად, შენი ღმერთის ბრძანება უკვე მოევლინა და, უეჭველად, ეწევათ მათ სასჯელი გარდაუვალი! 

77. და როცა ლუტთან მივიდნენ ჩვენი ელჩები, შეწუხდა მათ გამო, შევიწროვებულად იგრძნო თავი და თქვა: „ეს მძიმე დღეაო!“ 

78. და მოვიდნენ მასთან სირბილით მისი ხალხი , ხოლო ისინი სიავენს სჩადიოდნენ მანამდე. უთხრა : ჰეი, ხალხო ჩემო! აი ჩემი ქალიშვილნები , ისინი უფრო სპეტაკნი არიან თქვენთვის. დაე, გეშინოდეთ ალლაჰის და ნუ შემარცხვენთ ჩემი სტუმრების წინაშე. ნუთუ თქვენ შორის არ მოიძებნება გონიერი კაცი ? 

79. უთხრეს: ხომ იცი, რომ შენი ქალიშვილები არ გვჭირდება. და უეჭველად, შენ მშვენივრად იცი, რაც გვინდაო .“ 

80. უთხრა: „ნეტავ, ძალა მომცა თქვენს დასაძლევად! ნეტავ, მქონდეს მტკიცე დასაყრდენი!“ 

81. უთხრეს : „ჰეი, ლუტ! უეჭველად, ჩვენ შენი ღმერთის ელჩები ვართ და ვერასდროს მოგეკარებიან ეგენი. მაშ, გზას გაუყევი ღამე, ცოლის გამოკლებით, შენი ოჯახით, და არც ერთმა თქვენგანმა უკან არ მოიხედოს. უეჭველად, მას ეწევა ის, რაც სხვებს ეწევა. უეჭველად, მათთვის აღთქმული დრო დილითაა. განა შორსაა დილა?“ 

82. და როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება , ამოვაბრუნეთ მათი დასახლება, და ზეციდან მიყოლებით დავატეხეთ თავს გამომწვარი თიხის ქვები, 

83. შენი ღმერთის წინაშე ნიშანდადებული. და იგი უსამართლოთაგან შორს როდია... 

84. და მედიენის ხალხთან მათი ძმა შუღეიბი. უთხრა: „ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ არს თქვენთვის სხვა ღვთაება, გარდა მისი! საწყაოსა და სასწორს ნუ დააკლებთ. უეჭველად, მე ვხედავ როგორ კეთილდღეობაში იმყოფებით და, უეჭველად, მე მეშინია თქვენდამი ყოვლისმომცველი დღის სასჯელისა! 

85. ჰეი, ხალხო ჩემო! გაზომეთ და აწონეთ სამართლიანად და ხალხის ქონებას არ მოაკლოთ და როგორც ბოროტმოქმედნი, არ ქმნათ ქვეყანაზე უკეთურობა! 

86. თუ ხართ მორწმუნენი, ალლაჰის დანატოვარი თქვენთვის უფრო უკეთესია. და მე როდი ვარ თქვენი გუშაგი .“ 

87. უთხრეს : „ჰეი, შუღეიბ! ნუთუ შენი ლოცვა გიბრძანებს , რომ უარი ვთქვათ იმაზე, რასაც ჩვენი მამები თაყვანს სცემენ , ან არ განვკარგოთ ჩვენი ქონება ისე, როგორც თავად გვსურს? უეჭველად, შენ ლმობიერი და ჭკვიანი ხარ !“ 

88. უთხრა: „ხალხო ჩემო! მაშინ რას იტყვით: თუ ვარ ცხად სამტკიცზე ჩემი ღმერთისგან და თუ მიბოძა მან საუკეთესო სარჩო-საბადებელი? არ მინდა გამოვირჩეოდე თქვენგან და ვქმნა ის, რისი გაკეთებაც თქვენ აგიკრძალე. მინდა მხოლოდ იმის გამოსწორება, რაც შემიძლია. ჩემი წარმატება მხოლოდ ალლაჰზეა . მე მხოლოდ მას ვსასოებ და მისკენ მივიქცევი! 

89. ჰეი, ხალხო ჩემო! დაე, ჩემთან უთანხმოებამ თავს არ დაგატეხოთ ის, რაც უწინ ეწია ნუჰის ხალხს, ან ჰუდის ხალხს, ან სალიჰის ხალხს. და არც ლუტის ხალხი არიან თქვენგან შორს. 

90. და პატიება შესთხოვეთ თქვენს ღმერთს და მერე მოინანიეთ მის წინაშე. უეჭველად, ჩემი ღმერთი მწყალობელია, მოყვარულია. 

91. უთხრეს: „ჰეი, შუღეიბ! ბევრი რამ შენი ნათქვამიდან გაუგებარია ჩვენთვის. და, უეჭველად, გთვლით ჩვენ შორის სუსტად. შენი მოდგმა რომ არა, ჩაგქოლავდით. და არაფრით ხარ ჩვენზე აღმატებული!“ 

92. უთხრა: „ხალხო ჩემო! ნუთუ თქვენთვის ჩემი მოდგმა უფრო ძვირფასია, ვიდრე ალლაჰი, რომ თქვენ მას ზურგი აქციეთ? უეჭველად, ჩემი ღმერთი გარემოიცავს იმას , რასაც თქვენ სჩადიხართ! 

93. ჰეი, ხალხო ჩემო! იმოქმედეთ როგორც თქვენ გინდათ, უეჭველად, მეც ვმოქმედებ. სულ მალე გაიგებთ, ვის ეწევა სასჯელი დამამცირებელი და ვინ არის ცრუ. დაელოდეთ და უეჭველად, მეც თქვენთან ერთად დაველოდები!“ 

94. და როცა გაცხადდა ნება ჩვენი, ჩვენ ვიხსენით შუღეიბი და, რომელთაც ირწმუნეს მის ერთად, ჩვენსავე წყალობით. ხოლო რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, შეიპყრო საშინელმა ხმამ, და იქმნენ თავიანთ სახლებში მუხლებზე დაჩოქილნი. 

95. თითქოს იქ არც ეცხოვრათ. დიახ! გაიწირნენ მედიენელნი, როგორც გაიწირნენ სემუდეველნი! 

96. და ვფიცავ, რომ ჩვენ წარვგზავნეთ მუსა ჩვენივე აიათებით და ცხადი მტკიცებანით 

97. ფარაონთან და მის ხალხთან. მაგრამ მისდიეს მათ ფარაონის ბრძანებას, თუმცა ფარაონის ბრძანება როდი იყო მართებული. 

98. უწინამძღვრებს რა თავის ხალხს იგი აღდგომის დღეს, ამგვარად ცეცხლში შეიყვანს მათ. რაოდენ საძაგელი ადგილია შესასვლელად! 

99. და წყევლა განუწესდათ აქ და აღდგომის დღეს. რა საძაგელი ძღვენია მიძღვნილი! 

100. აი ეს,რომელსაც შენ გიყვებით, იმ სოფელთა ამბავთაგანია, რომლისგან მდგარნიც და მოცელილნიც არიან. 

101. და ჩვენ არ მოვპყრობივართ მათ უასამრთლოდ, არამედ მათ საკუთარ სულებს მოექცნენ უსამართლოდ . როცა მოვიდა ბრძანება შენი ღმერთისგან, არაფერში გამოადგათ მათ თავიანთი ღვთაებები, რომელთაც მოუხმობდნენ ალლაჰის მაგივრად. და არაფერი შეჰმატა მათ, გარდა ზიანისა. 

102. აი, ასეთია შენი ღმერთისგან შეპყრობა, როცა იგი იპყრობს სოფლებს და ისინი უსამართლონი არიან. უეჭველად, მისგან შეპყრობა მწარეა, მრისხანეა! 

103. უეჭველად, ამაში გაკვეთილია მათთვის, ვისაც ეშინია საიქიო ტანჯვისა. აი, ესაა ადამიანების შემკრები დღე . აი, ესაა მოწმეობის დღე! 

104. და არ გადავავადებთ მას, გარდა განსაზღვრული ვადისა. 

105. როცა ეს დღე დადგება, ვერც ერთი ადამიანი ვერ დაილაპარაკებს მისი ნების გარეშე. მათ შორის იქნებიან უბედურნიც და ბედნიერნიც. 

106. მაგრამ რომელნიც უბედურნი არიან, ცეცხლში მოხვდებიან, სადაც ოხვრა და კვნესა აღმოხდებათ. 

107. იქ დარჩებიან სამუდამოდ, სანამ იარსებებენ ცანი და მიწა, თუკი შენი ღმერთი არ ინებებს რამე სხვას. უეჭველად, შენი ღმერთი იქმს იმას, რასაც ინებებს! 

108. ხოლო რომელნიც ბედნიერნი არიან, დამკვიდრდებიან სამოთხეში, სადაც სამუდამოდ დაჰყოფენ, სანამ იარსებებენ ცანი და მიწა, თუკი შენი ღმერთი არ ინებებს რამე სხვას. ეს უშრეტი, ულევი სიკეთენია! 

109. მაშ, ნუ იქნები ეჭვში იმათ მიმართ, რასაც ეთაყვანებიან ეგენი. ეგენი მხოლოდ თაყვანს სცემენ, როგორც თავიანთი მამები სცემდნენ წინათ თაყვანს. უეჭველად, ჩვენ მათ მივაგებთ თავიანთ ხვედრს უკლებლივ! 

110. და ვფიცავ! ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი , მერე უთანხმოება მოუვიდათ მასში . და რომ არ ყოფილიყო შენი ღმერთის სიტყვა , უთუოდ, გადაწყდებოდა მათ შორის არსებული , და უეჭველად, ეგენი მის მიმართ ორჭოფობენ. 

111. უეჭველად, შენი ღმერთი სრულად მიაგებს თითოეულ მათგანს მათი საქმეებისთვის. უეჭველად, მან იცის, რასაც სჩადიან ისინი. 

112. მაშ, მტკიცედ იდექი, როგორც გებრძანა, და ვინც მოიქცა შენთან ერთად . და არ გადახვიდეთ ზღვარს. უეჭველად, იგი ხედავს, რასაც სჩადიხართ! 

113. და არ გადაიხაროთ იმათკენ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, რომ არ შეგეხოთ ცეცხლი. და არა გყავთ თქვენ მეგობარი , ალლაჰის გარდა, მერე არავინ შეგეწევათ! 

114. და დადექი ლოცვად დღის ორივე კიდეში და ღამის გარკვეულ საათებში. უეჭველად, კეთილი საქმენი განდევნიან ბოროტებანს . ეს არის შეგონება გონიერთათვის. 

115. მოითმინე , უეჭველად, ალლაჰი არ დაუკარგავს საზღაურს კეთილის მქნელებს! 

116. მაგრამ რაოდენ ცუდია, რომ თქვენ წინა თაობებში, რომელნიც ჩვენ გადავარჩინეთ, არ იყვნენ ბრძენი კაცნი, მცირედის გამოკლებით, რომ წინ აღდგომოდნენ უკეთურობის თესვას დედამიწაზე. და მიჰყვნენ ისინი მათ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, ჩაიძირნენ ამქვეყნიურ სიტკბოებაში და შეიქმნენ ცოდვილებად. 

117. და ღმერთი შენი როდია , რომ გაანადგუროს უსამართლოდ სოფელნი, რომლის მკვიდრნი მშვიდობის მთესველნი არიან?! 

118. და რომ ენება ალლაჰს, ერთ თემად დაადგენდა ხალხს. თუმცა ისინი უთანხმოებას აგრძელებენ, 

119. გარდა, ვინც შეიწყალა შენმა ღმერთმა. ამისათვის გააჩინა ისინი. და აღსრულდა შენი ღმერთის სიტყვა: „უთუოდ ავავსებ ჯოჯოხეთს სრულიად ჯინებით და ადამიანებით!“ 

120. და რასაც ჩვენ გიყვებით, ყველა შუამავალთა ამბავთაგანია, რათა გული გაგიმტკიცოთ ამით. და შენ მოგევლინა ამით ჭეშმარიტება, შეგონება და შეხსენება მორწმუნეთათვის. 

121. და უთხარი, რომელთაც არ ირწმუნეს: „იმოქმედეთ თქვენ შეძლებისამებრ! უეჭველად, ჩვენც ვიღწვით... 

122. და დაელოდეთ ! უეჭველად, ჩვენც ველოდებით“... 

123. და ალლაჰისაა ცათა და ქვეყნის იდუმალება და მასთან მიბრუნდება საქმენი. ამიტომ თაყვანი ეცით და მიენდეთ მას, და ღმერთი შენი როდია უგულისყურო იმისადმი, რასაც სჩადიხართ თქვენ