ჰადისების კატეგორიები


პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, თუ რას ნიშნავს ჰადისი, სიტყა ჰადისი ნიშნავს სიტყვას და ამბავს. შარიათული მნიშვნელობით ნიშნავს, ალლაჰის წიგნს და შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვას. ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და ზოგადად ჰადისები სწავლულებმა დაყვეს სამ კატეგორიად: როცა სწავლულები განიხილავდნენ ჰადისების საკითხს, თუ ვის ეკუთვნოდა ესა თუ ის გადმოცემული ჰადისი, ის დაყვეს სამ კატეგორიად:

1. მარფუ': როცა სიტყვა ეკუთვნის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას).
2. მავყუფ: როცა ჰადისი არის საჰაბის სიტყვა.
3. მაყტუ': როცა ჰადისი არის ტაბი'ინის სიტყვები.
და როცა შეხედეს ისნადებს (გადმომცემის ჯაჭვებს) ისინი დაყვეს ორ კატეგორიად:

1. მუთავათირ: როცა გადმოცემულ ჰადისში არის ბევრი ჯაჭვი და გადმომცემი.
2. აჰად (ან ღარიბ): როცა ჰადისი გადმოცემულია მხოლოდ ერთი ისნადით ან ერთი გადმომცემლის მიერ. ასევე ამას ეწოდება ღარიბ ალ-მუტლაყ ან ალ-ფარდ ალ-მუტლაყ. მაგრამ თუ ჰადისი არის ტაბინიისგან ან ერთი საჰაბისგან, და შემდეგ ის ორმა მთხრობელმა გადმოსცა ტაბი'ინისგან, ამას ეწოდება ღარაბა ნასბია. როცა სწავლულებმა შეხედეს ჰადისის ჰუქმს (განჩინებას), და თუ იყო მისაღები ან უარსაყოფი და ბადებდა ბევრ კითხვას, ასეთი ჰადისი დაყვეს ორ კატეგორიად:

1. მაყბულ (მისაღები): თუ ჰადისი დააკმაყოფილებდა მიღების პირობებს და შეეფერებოდა მტკიცებულებას (ე.ი ამყარებს მას სხვა სანდო ჰადისი) და სუნნას შესაფერის საქმეს.
2. მარდუდ (უარსაყოფი): როცა არ აკმაყოფილებდა მიღების პირობებს.

მისაღები ჰადისები დაყვეს კატეგორიებად:

1. საჰიჰი (სანდო): როცა მიღების ყველა პირობას აკმაყოფილებს.
2. ჰასანი (კარგი): როცა აკმაყოფილებს მიღების მინიმალურ მოთხოვნებს.

უარსაყოფი ჰადისები ასევე დაყვეს:
1. და'იფ (სუსტი): თუ არ აკმაყოფილებდა მიღების პირობებს.
2. მავდუ (ყალბი) : როცა ჯაჭვში აღმოჩნდებოდა მატყუარა, ან ისეთი ვინც ტყუილში იყო შემჩნეული.

ასევე არსებობს ჰადისი ყუდსი. ჰადისი ყუდსი არის:

არსებობს ჰადისები, რომლებშიც გადმოცემულია ღმერთის სიტყვა, თუმცა ისინი ყურანში არ არის შესული. ასეთ ჰადისებს ალ–ყუდსი (წმინდა) ეწოდება.
მიუხედავად იმისა, რომ ისინიც ღმერთის სიტყვად ითვლება, ისლამის მიხედვით მათ შორის მაინც არსებობს გარკვეული სხვაობები. მაგალითად, ყუდსი ჰადისების კითხვა დასაშვებია აბდესის გარეშე, მათი აზრობრივად გადმოცემა და ზუსტი ციტირების გარეშე გადმოცემა დასაშვებია, მათი კითხვა ღვთისმსახურების ფორმა არ არის და ა.შ. (თემის დასასრული)

შენიშვნა: როცა შენამდე მოვა ჰადისი, ნუ იჩქარებ მის შესრულებას თუ არ ხარ მის სანდოობაში დარწმუნებული. ჯერ გაარკვიე, გადაამოწმე, და თუ სწორია მერე გააკეთე.

ალლაჰმა უკეთ იცის